დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, უცხოეთში მყოფი საქართველოს 20-მდე მოქალაქე საავადმყოფოებში არიან მოთავსებული და მათზე დაკვირვება მიმდინარეობს.

როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ქართველ ეპიდემიოლოგებსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს ​უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან მჭიდრო კომუნიკიაცია ექნებათ.

“საგარეო საქმეთა სამინისტრო აწარმოებს მონიტორინგს ჩვენი მოქალაქეებისა, რომლებიც იმყოფებიან სხვადასხვა ქვეყნებში, ძირითადად ევროპულ ქვეყნებში, სადაც საკმაოდ სერიოზულია ეპიდ სიტუაცია კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით. მიმდინარეობს დაკვირვება და საავადმყოფოებშია მოთავსებული 20-მდე ჩვენი მოქალაქე. ეს ციფრები ყოველდღიურად იცვლება და ამის ზუსტი ინფორმაცია აქვს ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს. დღეიდან იქნა გადაწყვეტილება, რომ მჭიდრო კომუნიკაცია იქნება ჩვენს ეპიდემიოლოგებს კლინიცისტებსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს შორის, რათა მოხდეს საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან, რომლებიც იმყოფებიან სხვადასხვა ქვეყნებში მკურნალობაზე, რომ მათთან იყოს უფრო მჭიდრო კომუნიკაცია, როგორც პირადად ადამიანებთან, ისე სამედიცინო პერსონალთან,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანაში დაფიქსირდება კორონავირუსის შემთხვევათა ზრდა, თუმცა ამ ეტაპზე, ​ფართომასშტაბიანი ეპიდემია საქართველოში არ არის.

comments