კორონავირუსმა საქართველოს მოქალაქეებს უამრავი საფიქრალი გაუჩინა. ადამიანები, რომლებიც სამსახურს კარგავენ, ჯანმრთელობასთან ერთად, ოჯახის გამოკვებაზეც დარდობენ. ლარი უფასურდება, ფასები იზრდება. არავინ ამბობს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ აკრძალვები არ უნდა დაწესდეს, მაგრამ ხალხი დახმარებას ითხოვს.

რას სთავაზობს ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეებს? რამდენად შედეგიანია მთავრობის მიერ სოციალური და ეკონომიკური კუთხით გადადგმული ნაბიჯები? რა იწვევს დისკუსიებსა და უკმაყოფილებას?

დაუფიქრებელი აკრძალვა?

ავტობუსების დამატება პრობლემა არ არის, მაგრამ ახლა, მთავარია, ხალხს ავუხსნათ, რომ სახლში დარჩნენ – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენმდივანმა, კახა კალაძემ 18 მარტს ჟურნალისტის შეკითხვას სამარშრუტო ტაქსების აკრძალვით გამოწვეულ პრობლემებზე.

  • სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა 18 მარტიდან მთელ საქართველოში აიკრძალა, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო;​
  • უმანქანო ხალხს გადასაადგილებლად დარჩა მეტრო (თბილისში), ტაქსები და ავტობუსები;
  • ავტობუსებში ხალხმრავლობა იყო, მგზავრებს პრობლემები შეექმნათ.

ჯერ ავტობუსები დაემატებინათ და „მარშრუტკები“ მერე აეკრძალათო – ამბობდნენ ავტობუსებში ძლივს ასული ადამიანები.

მართალია, ხალხი კორონავირუსის საფრთხეებთან ყველანაირ ბრძოლას მიესალმება და მთავრობას ინფექციის შეკავების შედეგებსაც უფასებს, მაგრამ რა ქნან, როცა „დამსაქმებლები სამსახურში მისვლას ითხოვენ?!“. კიდევ ბევრი მიზეზია, გადაადგილებას რომ მოითხოვს და თანაც – „ეს არ აკრძალულა – ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ჯერ არ გამოცხადებულა“.

სამარშრუტო ტაქსების აკრძალვამ დარგის სპეციალისტების აღშფოთებაც გამოიწვია. მათთვის ცხადია, რომ – კორონავირუსთან ბრძოლისთვის გადადგმულმა ამ ნაბიჯმა საპირისპირო შედეგი მოიტანა.

„სასწრაფოდ დააბრუნეთ ყვითელი მარშუტკები, სასწრაფოდ! ახსნაც არ არის საჭირო რატომ. იმის მაგივრად ტრანსპორტი დაგემატებინათ, რომ სიხალვათე ყოფილიყო ტრანსპორტში, როგორ აკრძალეთ?“ – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი, დავით მესხიშვილი.

ჯანდაცვის მინისტრმა 18 მარტს უთხრა მედიას, რომ განსაკუთრებით ხალხმრავალ მარშრუტებს ავტობუსები დაემატება. დედაქალაქის მერს კი, 18 მარტის ბრიფინგზე მკვეთრი პირობა არ დაუდია.

კორონავირუსისა და შიმშილის შიში

გაჩერებული სამარშრუტო ტაქსების მძღოლები კიდევ ერთი დიდი ჯგუფია, რომელიც უსამსახუროდ დარჩა. ბევრი დარდობს, რომ მათ ოჯახებს ელემენტარული საკვებიც მოაკლდებათ. კახა კალაძემ თქვა რომ „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ მძღოლებს ანაზღაურების გარეშე არ დატოვებს.

  • რამდენს გადაუხდიან თბილისელ მძღოლებს, როგორ და რა გზებით – დედაქალაქის მერმა ეს ჯერ ზუსტად არ იცის.
  • ჯერჯერობით გაურკვეველია მათი ბედიც, ვინც სამსახური რეგიონებში დაკარგა.

კორონავირუსის გამო დაიხურა რესტორნები, კაფეები, სპორტდარბაზები, საცურაო აუზები, უმაღლესი სასწავლებლები სკოლები, ბაღები თუ სხვა ხალხმრავალი ადგილები.

კორონავირუსთან დაკავშირებული აკრძალვების გამო, უსამსახუროდ უკვე დარჩა ბევრი, სხვებს კი – ასეთი ბედის გაზიარების ეშინიათ. შემოსავლის გარეშე დარჩნენ, მაგალითად – მიმტანები, ხელოსნები, მძღოლები, დამლაგებლები, რეპეტიტორები თუ კულინარები.

წყარო: რადი თავისუფლება

comments