600-მდე მცირე და საშუალო მეწარმე, რომლებსაც სამეწარმეო საქმიანობისთვის მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, ან ფართი მერიისგან იჯარით აქვთ აღებული, სამი თვით გათავისუფლდებიან იჯარის გადასახადისგან, – აღნიშნული ინიციატივის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა:

„მოგეხსენებათ, ჩვენ უკვე გავათავისუფლეთ მთელი წლის გადასახდელი თანხისგან ღია კაფე-ბარების მეპატრონეები, რომელთაც იჯარით ჰქონდათ ტერიტორია აღებული თბილისის მუნიციპალიტეტისგან. დღეს, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამი თვით, იჯარის გადასახადისგან გავათავისუფლოთ ის 600-მდე მცირე და საშუალო მეწარმე, რომლებსაც სამეწარმეო საქმიანობისთვის მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, ან ფართი აქვთ მერიისგან იჯარით აღებული. ამ მეწარმეებს, თბილისის მერია გაათავისუფლებს მარტის, აპრილის და მაისის თვის იჯარის გადასახადისგან“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, მეიჯარე ვალდებული იქნება შეღავათის პირობები ქვემოიჯარეებზეც გაავრცელოს:

“თუკი კონკრეტულ მეწარმეს იჯარით აქვს აღებული ფართი და შემდეგ სხვა პირებზე აქირავებს, შეღავათი ყველა მათგანს შეეხება. აქედან გამომდინარე, შეღავათით რეალურად 600 მოიჯარე მეწარმეზე ბევრად მეტი პირი ისარგებლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება, ძირითადად შეეხება მცირე და საშუალო მეწარმეებს“,- განაცხადა კახა კალაძემ. მან მოუწოდა მოქალაქეებს, შეასრულონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს უწყებების მიერ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გაცემული რეკომენდაციები.

19 მარტის 15:00 საათისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია COVID-19-ით დაავადების 40 შემთხვევა. მათგან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

comments