ყველამ თავის საქმეს მიხედოს, ყველა კლასტერს ვსწავლობთ, – ასე უპასუხა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ „მთავარი არხის“ მიერ გაგზავნილ შეკითხვას. შეკითხვა შეეხებოდა იმას, არის თუ არა ბოლომდე შესწავლილი ე.წ. რომანოვების კლასტერის კონტაქტები, რადგან იზრდება იმ ინფიცირებულ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში ესწრებოდნენ სამგლოვიარო სუფრას.

„ყველამ თავის საქმეს მიხედოს რაა. შესწავლილია ყველა. ჩემთვის სულერთია რესტორანში იქნებოდა კლასტერი, ქელეხში იქნებოდა თუ ოჯახში იქნებოდა, ყველას ვსწავლობთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძემ პასუხი გასცა ასევე შეკითხვას, ახალი კორონავირუსის ჰომეოპათიური საშუალებებით მკურნალობის შესახებ და მოსახლეობას მოუწოდა, ნუ იქნებიან ჰომეოპათიური წამლების იმედზე:

„ვისაც გვჯერა გაგვატარეთო, შეიძლება მითხრათ, მაგრამ ძალიან გთხოვთ, ნუ იქნებით იმის იმედზე, რომ დაგიცავთ რაღაც ისეთი საშუალებები”, – მიმართა პაატა იმნაძემ მოქალაქეებს, რომლებიც სოციალურ ქსელში წერენ თვითმკურნალობის მეთოდებზე.

„ჩვენზე ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვთ იტალიას, ესპანეთს, საფრანგეთს, გერმანიას და ა.შ.? ეს რომ წამალი იყოს და შველოდეს, წაიყვანდნენ მას თავის პატრონიანად და იქ გამოაშვებინებდნენ ამ წამალს, რომ გადაარჩინონ ის ქვეყნები, ხომ? წავიდნენ და დაეხმარონ იმ ქვეყნებს, ცოდოები არიან. ჩვენ კარგად ვართ“, – განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ პაატა იმნაძემ.

24 მარტის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით 67 ადამიანია დაინფიცირებული, გამოჯანმრთელდა – 9.

21 მარტიდან ქვეყანაში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა. მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრი საკარანტინო ზონაა.

comments