20 ივნისის საქმეზე ბრალდებული, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ გამოაცხადა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ოქრუაშვილი  ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ნაწილში გამართლდა, თუმცა, ის ჯგუფური ძალადობის მონაწილეობაში დამნაშავედ ცნეს.

ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა 6-დან 9 წლამდე, მასში მონაწილეობა კი 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ალიას“ „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერი, ვალერი გელბახიანი ესაუბრება.

– ბატონო ვალერი, ირაკლი ოქრუაშვილს 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თქვენ  ამას არ გამორიცხავდით, მაგრამ უფრო იქითკენ იხრებოდით, რომ ვერ გაბედავდა ხელისუფლება ოქრუაშვილის ციხეში გაშვებას.

– კი, ბატონო. ჩვენს ინტერვიუებში, სხვაგანაც  არაერთგზის მითქვამს, რომ ირაკლის ციხეში გაშვებას ვერ გაბედავდნენ. ამას იქიდან გამომდინარე ვამბობდი, რომ ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ამერიკის საელჩოს ინიციატივით, აქტიურად იყო  ჩართული  ევროკავშირიც და მოლაპარაკების ერთ–ერთი საგანი იყო  პოლიტიკური დევნის შეწყვეტა,  პოლიტიკური ნიშნით უკვე დაპატიმრებული ლიდერებისა და აქტივისტების გათავისუფლება, მათ წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებების შეწყვეტა. ამას მარტო მე არ ვამბობდი, მთელ ოპოზიციას იმედი გვქონდა, რომ ამერიკას გაუწევდა ანგარიშს ხელისუფლება და ოპოზიციის ამ სამართლიან მოთხოვნას შეასრულებდა. თუმცა, უკაცრავად და, ამათ ფეხებზე დაიკიდეს ამერიკაც და ევროკავშირიც. ამათთან მოლაპარაკება აბსოლუტურად უნაყოფოა და ამათ დაპირებას არ უნდა ენდო. ეს საგანგებო მდგომარეობა, აბსოლუტური და უკონტროლო ძალაუფლება გამოიყენეს ბოროტად. ახლა ამათ ჰგონიათ, რომ ამერიკას თავისი პრობლემები აქვს, ჩვენთვის არ სცხელა და რასაც უნდა და როგორც უნდა, ისე გააკეთებენ. ესენი, როგორც წესი, წინ არასდროს იხედებიან და ახლაც ასე მოიქცნენ. თუმცა, ამ მზაკვრობაზე მოუწევთ პასუხისგება. იმ ამერიკაც, ევროპაც გაივლიან ამ პანდემიას,  მოვა დრო და მოსთხოვენ პასუხს ამ უმსგავსობაზე. შემოდგომით გამოვა ირაკლი ოქრიაშვილი, ციხეში არავინ დატოვებს და ისევ თვითონ დარჩებიან საბოლოოდ წაგებულები.

– თუმცა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორობის ბრალდება მოუხსნეს ოქრუაშვილს და მხოლოდ ძალადობაში მონაწილეობისთვის გაასამართლეს.

– ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორობა იმიტომ მოუხსნეს, რომ ვერ დაუმტკიცეს. ამის დიდი სურვილი ჰქონდა, მაგრამ მტკიცებულებები არ გააჩნდათ. ადგნენ და მოძალადის მუხლით გაასამართლეს. შესაბამისად, ოქრუაშვილი ისეთივე დამნაშავეა, როგორც ის 20 000 კაცი, რომლებიც 20 აგვისტოს იქ იყვნენ, რუსთაველზე. ამით ხელისუფლება გვეუბნება, საპროტესტო აქციაზე მისვლა დანაშაულია, რაც კონსტიტუციით ნებადართულია, ის პოლიტიკურად აკრძალულიაო. აბსურდია ეს, მეტი არაფერი. ეს არის პოლიტიკური დევნა, ოქრუაშვილი პოლიტიკური პატიმარია.

– ბატონო ვალერი, ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობა, ხომ არ შეცვლის იმ შეთანხმებას, რომელსაც ოპოზიციამ და ხელისუფლებამ მიაღწიეს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით? ამ შეთანხმების ერთ–ერთი პუნქტი  პოლიტიკური ნიშნით დევნის შეწყვეტა იყო და კონკრეტული გვარებიც დასახელდა, მათ შორის, ოქრუაშვილიც იყო.

– ხელისუფლებამ დაარღვია შეთანხმება და პასუხსაც აგებს. შეთანხმება როდესაც ირღვევა, ეს ნიშნავს, რომ ის აღარ არსებობს. და რადგან არ არსებობს, ახლა წავა სამკვდრო–სასიცოცხლო დაპირისპირება. საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებაც ეჭვქვეშ დადგა, რასაკვირველია. ხომ ხედავთ, რა თქვა გათავხედებულმა ირაკლი კობახიძემ – 99%–ით დავამარცხებთ ახლა ოპოზიციასო. ამათ თავში აქვთ ავარდნილი, მაგრამ რა, ეს ვერ გავიგე. ქვეყანა როდესაც თავზე გემხობა, არ იმჩნევ და ვითომ ოპტიმიზმით ხარ განწყობილი, ეს უკვე არაადეკვატურობის დასტურია.

– არჩევნები ჩატარდება საერთოდ შემოდგომით? ხელისუფლებას აქვს შანსი, პანდემიის მიზეზით გადადოს საგაზაფხულოდ.

– კი, შეეცდებიან მაგას, ასე მგონია, თუმცა, ოპოზიცია არ დაუშვებს. ისე, ხელისუფლების ინტერესებში უნდა იყოს, არჩევნების შემოდგომით ჩატარება, რადგან რაც უფრო შორს გადაიტანენ, მით უფრო გაუარესდება სოციალური ფონი. თუმცა, ესენი ხომ წინ არასდროს იყურებიან და  უკვე გითხარით, მუდამ  არაადეკვატურად მოქმედებენ.

ლევან ჯავახიშვილი, „ალია“

comments