მალევე მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა, ორმა ქართველმა მეცნიერმა ქალმა დაიწყო მუშაობა ახალი კორონავირუსის გენოტიპის გაშიფვრაზე.

NCDC-ისა და ლუგარის ლაბორატორიის გენომის ცენტრის თანამშრომლებმა, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, დოქტორმა მარი მურცხვალაძემ, და ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ნატო კოტარიამ, ნიმუშებად ის ვირუსები შეარჩიეს, რომლებმაც საქართველოში დაიწყო ცირკულირება.

ორივე მათგანი და მათი მეშვეობით საქართველო ჩაერთო უნიკალურ პროექტში, რომლის მიზანიცაა SARS-CoV-2-ის გაშიფრული გენოტიპის შესახებ ინფორმაციის გაზიარება. მონაცემები მთელი მსოფლიოდან თავს იყრის ონლაინ, ღია და განახლებად გრიპის ბაზაში (GISAID).

ინფორმაციას გენოტიპის სექვენსის ანუ თანმიმდევრობის შესახებ თან ახლავს კლინიკური, ეპიდემიოლოგიური და გეოგრაფიული მონაცემები, რაც საშუალებას იძლევა შეიქმნას ფილოგენეტიკური ხე, რომელიც წარმოაჩენს კავშირებს სხვადასხვა ქვეყანაში დაფიქსირებულ ვირუსებსა და მათ გავრცელებას შორის.

ვირუსის გენოტიპის ცოდნა გადამწყვეტია ტესტებისა და ვაქცინების შესაქმნელად, ასევე, იმის დასადგენად, თუ როგორ ვითარდებიან და ვრცელდებიან ვირუსები, როგორ შეუძლიათ მათ პოტენციური პანდემიების გამოწვევა.

გრიპის ბაზაში, 2019 წლის დეკემბრიდან მოყოლებული დღემდე, მსოფლიოს სხვადასხვა ლაბორატორიიდან ახალი კორონავირუსის 3000-ზე მეტი გენოტიპია ატვირთული, მათ შორის, 13 ნიმუში საქართველოდან.

რადიო თავისუფლება გთავაზობთ ინტერვიუს ქართველ მეცნიერებთან, რომლებმაც პირველებმა გაშიფრეს საქართველოში შემოსული ახალი კორონავირუსის გენომი და ეს ინფორმაცია სხვებისთვის ხელმისაწვდომი გახადეს.

გაგრძელება

comments