„მნიშვნელოვანია, ამ კრიზისულ ფაზაში აუცილებლად დავრჩეთ სახლში და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გავიდეთ გარეთ“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისივე თქმით, სხვა შემთხვევაში ხელისუფლება იძულებული გახდება საყოველთაო კარანტინი გამოაცხადოს, რა დროსაც მოქალაქეებს მხოლოდ გარკვეული მესიჯის გაგზავნით ექნებათ სახლის დატოვების შესაძლებლობა.

„როგორც მრევლთან, ასევე დამსვენებელთან მიმართებით ვიტყვი ერთს – დარჩი სახლში, ნიშნავს დარჩი სახლში. ის რომ, ჩვენ შევქმენით ვირტუალური სამუშაო ადგილები, ის რომ, ბავშვები არ დადიან სკოლებში, გაკეთდა იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები სახლში დარჩნენ. ეს არ ნიშნავს, რომ გაზაფხულის შუა რიცხვებში დავეხარბოთ მზის სხივებს. თუ გვინდა, რომ გვქონდეს მზიანი და ბედნიერი ზაფხული, მნიშვნელოვანია ამ კრისიზულ ფაზაში აუცილებლად დავრჩეთ სახლში და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გავიდეთ გარეთ.

სხვა შემთხვევაში, ხელისუფლება იძულებული გახდება, რომ გამოაცხადოს საყოველთაო კარანტინი. ეს კი გულისხმობს იმას, რომ მოქალაქეებს მხოლოდ ჩვენი მეთვალყურეობით და გარკვეული მესიჯის გაგზავნით ექნებათ სახლის დატოვების შესაძლებლობა. ამასთან, ამ მესიჯში დეტალურად იქნება გაწერილი ის საჭიროება, გასვლის მიზანი და ტრაექტორია, რაც გასავლელი აქვთ. როგორც იცით, ჩვენ ვმუშაობთ აპლიკაციაზე და გარკვეულწილად ამ აპლიკაციაში განიხილება ეს კომპონენტი, რადგან მას სხვა ქვეყნები წარმატებულად იყენებენ,“- განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს საქართველოში იმ მობილური აპლიკაციის დასანერგად, რომელიც მოქალაქეებს შესაძლო ინფიცირებულ პირთან სიახლოვის შემთხვევაში გააფრთხილებს.

პალიტრანიუსი

comments