საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ერთ-ერთი მთავარი აქცენტია ვაშინგტონის მიერ მოსკოვის მიმართ ბრალდებების ჩამონათვალში. რუსეთის მიერ „ღია ცის“ შეთანხმების მრავალმხრივი დარღვევის გამო, შეერთებული შტატები გეგმავს – საერთოდ გამოეთიშოს ევროპის უსაფრთხოებისთვის გამიზნულ 18-წლიან შეთანხმებას. რუსეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობები დაძაბულობის ახალ ფაზაში გადადის.

კონკრეტულად რა არ მოსწონს ამერიკას რუსეთის ქმედებებში? რა პოზიცია აქვს თბილისს და რა შეიძლება მოჰყვეს ამერიკის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის? რა შუაშია ნატოში სწრაფად გაწევრიანების პერსპექტივა და ანაკლიის პორტი?

„ეს ულტიმატუმია. ასეთ საფუძველზე საუბარი შეუძლებელი იქნება“ – ასე ეხმაურება მოსკოვი ვაშინგტონის გადაწყვეტილებას „ღია ცის“ შეთანხმებიდან გასვლის თაობაზე. 22 მაისს გამოქვეყნებულ საგანგებო განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველაფერში ამერიკას ადანაშაულებს და ევროპაში ვითარების გაუარესებითაც იმუქრება.

„დიალოგისთვის მზად ვართ, თუმცა ეს უნდა იყოს თანასწორუფლებიანი დიალოგი – მიმართული ერთმანეთის ინტერესებისა და წუხილების გათვალისწინებისკენ. მაგრამ ვაშინგტონი ასე არ არის განწყობილი და შეთანხმებიდან გასვლას ირჩევს. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ევროპის უსაფრთხოებას დიდი ზარალი მიადგება. ამით არც თავად აშშ-ის უსაფრთხოება განმტკიცდება და ნამდვილად დაზიანდება მისი ავტორიტეტი საერთაშორისო საქმეებში“, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.

რუსეთი საპასუხო ნაბიჯებს ამზადებს და ეს აშშ-ში რუსეთის ელჩის ანატოლი ანტონოვის განცხადებიდანაც ჩანს – „ჩვენ ტრაგედიას არ ვქმნით ამ საკითხისგან. ჩვენ ყოველთვის გვაქვს ადეკვატური ნაბიჯები ანდა პასუხები ვაშინგტონის მოქმედებებზე“.

გაგრძელება

comments