ბიძინა ივანიშვილს ზეადამიანის კომპლექსი გაუჩნდა – ამის შესახებ გადაცემა “დღის სტუმარში” პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

ხუხაშვილის განმარტებით, ივანიშვილმა პარტიის ნაცვლად ახალი რელიგიის შექმნა დაიწყო, რომლის ღვთაებაც თავად ოლიგარქია. ამის დასტურად ხუხაშვილი “ქართული ოცნების” წევრების მიერ ივანიშვილის მიმართ რელიგიური ტექსტების შინაარსის მსგავს განცხადებებს იხსენებს.

რაღაც მომენტში, მან გადაწყვიტა მარტო დარჩენა. ზეადამიანის კომპლექსი გაუჩნდა, შეიძლება ითქვას. მე ამას მაინც კომპლექსს დავუძახებ და მან დაიწყო ფაქტობრივად არა პარტიის მშენებლობა, არამედ ახალი რელიგიის მშენებლობა დაიწყო და შექმნა კიდეც. “ქართული ოცნება” ეს ხომ არ არის პარტია, ეს არის რელიგია, რომელსაც ჰყავს თავისი ღვთაება თავის ყველა ატრიბუტით.

თვითონ ამბობენ კიდეც, აი, ეს მანტრები რელიგიური ხომ მოდის, რომ ბიძინა ივანიშვილი არსად არ არის, მაგრამ ყველგან არის, “ითხოვე და მოგეცემა, მაგრამ მისი ხელიდან, სხვა ხელიდან არა”. აი, ეს მანტრები, რაც “ქართულ ოცნებაში” მის მიმართ ტრიალებს და იგივე ბოლო განცხადება, რომ გაავრცელეს, თუ დააკვირდებით, ეს არის რელიგიური ტექსტი. ეს არ არის უკვე გარკვეული ტიპის რელიგია და ბიძინა ივანიშილმაც დაიჯერა, – ამბობს ხუხაშვილი.

ექსპერტი ასევე აღნიშნავს, რომ ივანიშვილის მრევლი საგრძნობლად შემცირდა. მისი განმარტებით, ეს  განსაკუთრებით ოქრუაშვილი-უგულავას საპატიმროდან გამოშვებამ განაპირობა.

comments