გადასახადის გადამხდელებისგან მოგროვებულ 434 მილიონ ლარს მილიარდელი ივანიშვილის პარტია მსხვილ დეველოპერებს, ბანკებსა და ყველაზე მდიდარ მოქალაქეებს მოახმარს. ყველაზე გაჭირვებულებისთვის მთავრობა მხოლოდ რამდენიმე ასეულ ლარს იმეტებს.

ხელისუფლება ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარს აიღებს და იპოთეკური სესხების პროცენტს დაუსუბსიდირებს იმათ,  ვინც 31 დეკემბრამდე, მშენებარე კორპუსში ბინის შეძენას გადაწყვეტს. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ლარში გაცემული იპოთეკური განაკვეთი 4%-ით შემცირდება.

ეკონომისტების შეფასებით, მიდგომა უსამართლო და მავნებლურია. იმათ ვისაც იპოთეკური სესხი უკვე აღებული აქვს და კორონაკრიზისის გამო ახლა გასახლება ემქურება – “ოცნება” არაფერს სთავაზობს.

ყველაზე შეძლებული 35 000 ოჯახისთვის რომ ახალი, კომფორტული ბინების შეძენა გაეიაფებინა, ბიუჯეტიდან ხელისუფლებამ 70 მლნ ლარი გამოყო. თითქმის იმდენივე, რამდენიც თვითდასაქმებულების 800 ათასიანი არმიის დასახმარებლად, ვისაც მხოლოდ 300-ლარიანი კომპენსაცია შეხვდება, ისიც თუ გაუმართლა და თუ ბიუროკრატიული ბარიერები გადალახა.

გახარიას გუნდის მიერ წარმოდგენილი პაკეტის მეორე ნაწილი კორუფციულ რისკებს შეიცავს – თუკი დეველოპერი აშენებულ ბინებს ვერ გაყიდის, ფართებს მთავრობა შეისყიდის და  დევნილებს გადასცემს.

ამ კეთილშობილური ზრახვების მეორე მხარეს “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული სამშენებლო კომპანიები დგანან. ბიუჯეტიდან გამოყოფილი 350 მილიონი კი ეკონომიკაზე მეტად, სავარაუდოდ კორუფციას დაასტიმულირებს.

comments