პრემიერმინისტრი ამტკიცებს, რომ ქვეყნაში კორუფცია არ არის. ამბობს, რომ მაგალითები რომელიც ოპოზიციამ დაუსახელა, სიმართლეს არ შეესაბამება, ანდა კიდევ ინფორმაცია კონკრეტული შემთხვევის შესახებ, პირველად გაიგო. მათ შორის ამტკიცებს, რომ არ სმენია ახალციხის მერის შესაძლო კორუფციულ სქემებში მონაწილეობაზე და ახლა მოიკითხავს.

დაზუსტებული ინფორმაცია, რეგიონებსა და დედაქალაქში შესაძლო კორუფიციული გარიგებების შესახებ “მთავარი არხის” არქივშიც უამრავია. მათგან რამდენიმე ყველაზე გახმაურებული ფაქტი
“გამჭვირვალობა საქართველომ” დოკუმენტურად შეისწავლა.

ზოგადი ვითარების საჩვენებლად, მხოლოდ ერთი რეგიონის – სამცხე-ჯავახეთის მაგალითის მოყვანაც საკმარისია.

ახალციხის მუნიციპალიტეტი ზაზა მელიქიძეს 2014 წლიდან აბარია. ის ჯერ გამგებელი იყო, 2017 წლიდან დღემდე კი არჩეული მერია. სწორედ ამ წლებში მისი ძმის თამაზ მელიქიძისა და რძლის ნანა მაისურაძის კომპანიები სხვადასხვა სფეროებში ოპერირებენ და ტენდერებს იგებენ.

2014-2020 წლებში ახალციხის მერის ძმამ და რძალმა ბიუჯეტიდან  565 710 ლარი მიიღეს. აქედან მერის ძმის სამშენებლო კომპანია „ნუკრიამ“ ბიუჯეტიდან 246 920 ათასი ლარი მიიღო.

ახალციხის მერის ზაზა მელიქიძის რძლის, ნანა მაისურაძის კომპანიამ კი 318 790 ათასი ლარი მიიღო. ნანა მაისურაძის კომპანია, ხშირ შემთხევაში, უკონკურენტოა და ახალციხეში სხვადასხვა ორგანიზაციებს პურ-ფუნთუშეულით ამარაგებს. ზაზა მელიქიძის არჩევამდე კი ნანა მაისურაძის კომპანიას კი არცერთ სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობა არ მიუღია.

იგივე ხდება სამცხე-ჯავახეთის კიდევ ერთ მუნიციპალიტეტში – ასპინძაში ტენდერებს საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე და მისი ძმა მალხაზ მელიქიძე აკონტროლებენ.

“გამჭირვალობა საქართველოს” ინფორმაციით, მელიქიძეების სამშენებლო კომპანია „21-ე საუკუნემ“ ასპინძაში 2016-2019 წლებში, მონაწილეობა 14 ტენდერში მიიღეს, აქედან ხუთი ტენდერი მოიგეს და ბიუჯეტიდან 740 065 ლარი მიიღეს.

მელიქიძეების კომპანია მხოლოდ ასპინძაში არ მუშაობს. საკრებულოს თავმჯოდმარედ დანიშვნის შემდეგ, მამუკა მელიქიძის ძმის კომპანიამ სულ 16 ტენდერი მოიგო, ბიუჯეტიდან კი 3 470 628 აქვთ მიღებული.

“გამჭირვალობა საქართველო” სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოს მოუწოდებს, ახალციხე-ასპინძის შემთხვევებით დაინტერესდეს და საქმეზე გამოძიება დაიწყოს. პრემიერი გიორგი გახარია კი მსგავს ფაქტებზე ამბობს, რომ ეს პრობლემა არ არის და უბრალოდ ქართულ-ჯიგრული რამეა.

პრემიერმინისტრს არ სჯერა, რომ საქართველოში კორუფციაა. “ოცნების” ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული კომპანიები, მისი მტკიცებით, პრივილეგირებულები არ არიან და თუ რომელიმე მათგანმა წარმატების მისაღწევად ქართულ-ჯიგრული ურთიერთობები გამოიყენა – ეს არაფერია.

ქართულ-ჯიგრულ კორუფციაზე პრემიერის წამოცდენა რომ შემთხევევითი არ იყო, ამაში ეჭვი არ ეპარება ოპოზიციას. გიორგი გახარიამ ეს ტერმინი ოპონენტების საპასუხოდ გამოიყენა. ოპოზიციას კი არაერთი შეკითხვა სწორედ ხელისუფლების მაღალჩინოსნებსა და მათ ოჯახებთან დაკავშირებულ ტენდერებსა და კორუფციულ გარიგეგბზე აქვს. მათ შორისა კომპანია “ჯიბე”, რომელიც ერთადერთი იყო, მკაცრი კარანტინის დროს მარნეულში რომ შედიოდა და გლეხებისგან მოსავალს განსაკუთრებით დაბალ ფასში ყიდულობდა. ჩაკეტილი რეგიონის განგებ გაღარიბებას მაშინ მარნეულში არეულობა და საპროტესტო აქციებიც მოჰყვა. ოპოზიციის ინფორმაციით, ხელისუფლებამ “ჯიბე” უკონკურენტოდ ერთი მიზეზით დატოვა, კომპანია “ოცნების” შემომწირველია.

პრემიერმინისტრს დღეს მმართველი პარტიის ლიდერები იცავდნენ. ტრადიციულად ამტკიცებდენენ, რომ გიორგი გახარიას განცხადება არასწორად გაიგეს. თუმცა არ დაუმალავთ ისიც, რომ კორუფცია რაღაც დონეზე ყველა ქვეყანაშია და მათ შორის საქართველოშიც.

ოპოზიციის კრიტიკის ნაცვლად, ყოფილმა თანაგუნდელებმა “ქართულ ოცნებას” ურჩიეს, რეალობას თვალი გაუსწორონ. უმრავლესობიდან დემარშით წასულები ამბობენ, რომ ივანიშვილის მთავრობის მთავარი პრობლემა კორუფცია და კორუფციული გარიგებებია.

გიორგი გახარიას დღეს მის გამონათქვამზე – ქართულ-ჯიგრულ კორუფციასთან დაკავშირებით განმარტებები აღარ გაუკეთებია. სავარაუდოდ, პრემიერმინისტრს საეჭვო ტენდერებსა და კორუფციულ გარიგებებზე საუბარი ხვალ მოუწევს. ოპოზიციას გიორგი გახარიას ხვალ პარლამენტში ინეტრპელაციის წესით ჰყავს დაბარებული.

comments