2020 წლის 13 მაისს, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 6 წლის გოგონას მიმართ სექსუალურ ძალადობაში მხილებულ 58 წლის მამაკაცს, გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას, ბავშვის ოჯახის პროტესტი მოჰყვა. არასრულწლოვანის ახლობლებმა განაჩენი სასამართლოსთან მაშინვე გააპროტესტეს. ისინი სასამართლოს შენობაში შეღწევას და საქმეში მონაწილე პირებთან შეხვედრას ცდილობდნენ.

მოგვიანებით, სასამართლოს ვერდიქტით უკმაყოფილო ოჯახს, საქმის პროკურორი შეხვდა და მათ მხარდაჭერას დაპირდა.

სააპელაციო სასამართლოში, მოსამართლის გადაწყვეტილება, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, 13 ივნისამდე გასაჩივრდება.

პრაიმტაიმმა” ექსკლუზიურად მოიპოვა სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომლითაც გურჯაანის რაიონული სასამართლო, ბრალდებული პირის უდანაშაულობას ასაბუთებს.

რას ამბობს სასამართლოს გადაწყვეტილება:

სასამართლოს 2020 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებაში აღწერილია, რომ 58 წლის მამაკაცს, სისხლის სამართლის კოდექსის 138- ე მუხლის მე- 3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედებოდა ბრალად.

მართლმსაჯულებამ პირის ბრალეულობა მისთვის შერაცხულ ქმედებაში ვერ დაადგინა და ის უდანაშაულოდ სცნო.

ასეთი გადაწყვეტილების საფუძვლად, დასაბუთებული განაჩენი რამდენიმე გარემოებას ასახელებს:

„ბრალდების და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეებიდან გამოიკითხა მხოლოდ სამი პირდაპირი მოწმე, ორი მცირეწლოვანი და თავად ბრალდებული.

დანარჩენი მოწმეები არიან ირიბი მოწმეების ირიბი მოწმეები. ასეთი სახის მტკიცებულებას სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არ სცნობს.

მოწმეს უნდა შეეძლოს სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და გადმოსცეს საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები. მოწმის ჩვენება უნდა იყოს მყარი, დამაჯერებელი და გამორიცხავდეს ეჭვს.

მოცემულ შემთხვევაში, ორივე მცირეწლოვანი, სამოქალაქო სამართლის კოდექსის თანახმად, ქმედუუნაროდ ითვლება.

ბრალდება სრულად აგებულია მხოლოდ მცირეწლოვანი მოწმეების ჩვენებებზე, რომელთა ასაკი ბადებს ეჭვს.

სასამართლოს კი არ აქვს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, რაც დაადასტურებდა მცირეწლოვანი მოწმეების მიერ ფაქტების სწორად აღქმის, დამახსოვრებისა და გადმოცემის უნარს.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ არასრულწლოვნები ერთსა და იმავე შეკითხვაზე, განსხვავებულად პასუხობენ.

დარღვეულია მცირეწლოვანი მოწმეების დაკითხვის ტექნიკური მიმდინარეობაც.

სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადგინდა, როდის, სად და რა ვითარებაში შეიძლებოდა მომხდარიყო ბრალად წარდგენილი დანაშაული.

არ არის დათვალიერებული შემთხვევის ადგილი, ბრალდებულის და დაზარალებულის შემთხვევის დროს ზედნაცვამი ტანსაცმელი ამოღებული არ არის.

ასევე არ არის ამოღებული საწოლის გადასაფარებელი, სადაც სავარაუდოდ დანაშაული უნდა მომხდარიყო. არ არსებობს სექსუალური ხასიათის დანაშაულის დამადასტურებელი რამე სხვა მტკიცებულება.

სასამართლოში წარმოდგენილია მხოლოდ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ბრალად წარდგენილი ქმედების დასადასტურებლად, გამოუსადეგარია.

სასამართლოს არ მიეცა შესაძლებლობა, დაედგინა სავარაუდო დანაშაულის დრო, ადგილი და ვითარება.”

რა პოზიცია აქვს ოჯახს, ადვოკატსა და გამოძიებას:

არასრულეწლოვანი გოგონას ოჯახს, საქმის მიმდინარეობის პროცესში ეჭვი ჰქონდა, რომ სავარაუდო მოძალადე არ დაისჯებოდა.

ეს მოსაზრება, ბავშვის ახლობლებმა მედიასთან მაშინ დააფიქსირეს, როცა სასამართლომ ბრალდებული პირი, გამოძიების ცხრათვიანი ვადის ამოწურვის გამო, გირაოთი გაათავისუფლა.

მცირეწლოვანი ბავშვის პაპამ „პრაიმტაიმთან” განაცხადა, რომ ოჯახი განაჩენს კატეგორიულად არ ეთანხმება.

„მინდა ვთქვა, რომ ბავშვს მოძალადის დღემდე ეშინია, ამბობს მომკლავსო. სასწრაფოდ გვჭირდება ჩვენს ენაზე მოსაუბრე ფსიქოლოგი, რომელიც გოგონას დაეხმარება.

აღმოჩნდა, რომ ასეთი კახეთში არ არის. პანდემიის გამო, საზღვრები დაკეტილია, თორემ რამეს მოვახერხებდით. არ ვიცი, რა იფიქრა სასამართლომ, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ამ ასაკის ბავშვმა სექსუალური ამბები მოიგონოს და აღწეროს.

ორივე ზუსტად ყვებოდა, რა და როგორ მოხდა. ჩვენ ადრევე ვეჭვობდით, რომ ეს საქმე ცუდად დამთავრდებოდა, რადგან მეორე მხარე, სოფელში ავრცელებდა, ამ საქმიდან სუფთად გამოვალო. ბოლომდე ვიბრძოლებთ, მის დასასჯელად- განაცხადა ბავშვის პაპამ.

სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება დაზარალებულის ადვოკატიც.

„სასამართლომ დასაბუთებისათვის გამოიყენა მოწმეების ჩვენებების მხოლოდ ის ადგილები, სადაც ისინი თითქოს განსხვავებულად აღწერდნენ მომხდარს.

მე მიმაჩნია, რომ არასრულწლოვანმა მოწმეებმა გამოძიებისათვის მიცემული ჩვენება, ზუსტად გაიმეორეს, თუმცა იმის გამო, რომ არ არის ჩატარებული შესაბამისი ექსპერტიზა, რამდენად სწორად აღიქვამენ, ისინი ფაქტებს, სასამართლომ მოწმეთა ჩვენებები არ გაიზიარა.

გიდასტურებთ იმასაც, რომ ბავშვს მოძალადის ეშინია და ფსიქოლოგი სჭირდება.ამ განაჩენის გასაჩივრება გადაწყვეტილია,“- განაცხადა ადვოკატმა.

comments