საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი გამოდიან “ძლიერი” ფონდის შექმნის მოწოდებით, რომელიც ევროკავშირს კორონავირუსით მოტანილი ზარალის აღდგენაში უნდა დაეხმაროს.

მერკელმა 29 ივნისს მაკრონს უმასპინძლა ბერლინთან ახლოს, მესებერგში, იმ ფონზე, როცა გერმანია 1 ივლისიდან ევროკავშირის საბჭოს მორიგე პრეზიდენტობისთვის ემზადება.

გასულ თვეში ორი ლიდერი ერთობლივად გამოვიდა 500 მილიარდი ევროს მოცულობის გეგმის შემუშავების წინადადებით, რომელიც ევროპას პანდემიით გამოწვეული მძიმე ეკონომიკური ზიანის გადალახვაში უნდა დაეხმაროს.

ეს ერთობლივი წინადადება კიდევ უფრო გაფართოვდა ევროპის კომისიის მიერ, რომელიც გამოვიდა ძირითადად გრანტებისგან შემდგარი 750 მილიარდი ევროს ოდენობის გეგმით.

თუმცა ამ გეგმას ეწინააღმდეგება რამდენიმე ქვეყანა, რომლებსაც არ მოსწონთ გრანტების იდეა და არ სურთ თანხები პირობების გარეშე გაიცეს.

მაკრონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მერკელმა თქვა: “გერმანიას და საფრანგეთს სურთ მომავალ თვეებში შეასრულონ ერთობლივი როლი, რომელიც მკაფიოდ გამოაჩენს, რომ ჩვენი მომავალი ევროპაა”.

საფრანგეთის პრეზიდენტმა კორონავირუსის პანდემიას და მის სოციოეკონომიკურ შედეგებს უწოდა “სიმართლის მომენტი” ევროპისთვის. “ჩვენ შეგვიძლია ეს სიმართლის მომენტი წარმატების მომენტად ვაქციოთ” – განაცხადა მაკრონმა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ეკონომიკის აღდგენის გეგმაზე ევროკავშირის შეთანხმებაა საჭირო.

“კანცლერთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ საბიუჯეტო შეთანხმება ივლისში შედგეს” – დასძინა მაკრონმა.

ამ საკითხს ევროკავშირის სამიტზე მომავალ თვეში განიხილავენ.

საფრანგეთი და გერმანია ევროს მოქმედების ზონის ეკონომიკის თითქმის ნახევარს შეადგენენ.

comments