ყველა სოციალურ აგენტს საკუთარი ისტორია აქვს. ზოგი სააგენტოში შექმნის დღიდან მუშაობს, ზოგიც ახალი თანამშრომელია, თუმცა მათ ახლა საერთო პრობლემები აერთიანებთ.

გარდა ემოციურად მძიმე სამუშაოსი, ისინი რთულ პირობებსა და დაბალ ანაზღაურებაზე ალაპარაკდნენ. გასულ კვირას საკუთარი მოთხოვნებიც წამოაყენეს და მათი შესრულების დაპირებაც მიიღეს. სწორედ ამიტომ, დღეს დაანონსებული გაფიცვა არ შედგა, მაგრამ კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც ახალი მოთხოვნა დააყენეს.

2 ივლისიდან სოციალური აგენტები იმ შემთხვევაში გაიფიცებიან, თუ სამუშაო ჯგუფში, რომელიც სოციალური აგენტების პირობების გაუმჯობესების მოლაპარაკებებისთვის უნდა შეიქმნას, პროფკავშირების წარმომადგენელ იურისტს არ შეიყვანენ.

მუშა ჯგუფში იურისტის დაშვების კატეგორიული წინააღმდეგია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და ამავდროულად სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი. სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილების დაპირებას კვლავ გასცემს, თუმცა იურისტის დაშვების მოთხოვნა პროცესების ანგაჟირებად მიაჩნია.

სოციალურ აგენტებს სოლიდარობას უცხადებს არასამთავრობო სექტორი. საქართველოს ამ დროისთვის სულ 300-მდე სოციალური აგენტი ჰყავს. მათი ნაწილი გაფიცვას გასული კვირიდან აანონსებს.

ამჯერად პროტესტის უკიდურესი ფორმა მათი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2 ივლისისთვის დაიგეგმა. 

comments