საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს პირველი მოსმენით განიხილავს კანონპროექტს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ. ინიციატორები არიან „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წარმომადგენლები. კომიტეტის სხდომა 15 საათზეა დანიშნული.

საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ცვლილებები მომზადდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) რეკომენდაციების საფუძველზე და მიზნად ისახავს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას.

გარდა ამისა, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები ეფუძნება საქართველოს პარლამენტის მიერ საბოლოო, მესამე მოსმენით 29 ივნისს მიღებულ კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად, პარლამენტის 150 წევრიდან პროპორციული სისტემით წესით აირჩევა 77-ის ნაცვლად 120 დეპუტატი და მაჟორიტარულით 73-ის ნაცვლად 30. გარდა ამისა, პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1%-იანი ბარიერით და გაჩნდება ე.წ. ჩამკეტი იმისათვის, რომ გამოირიცხოს 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიის ან ბლოკის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება.

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები ეხება საარჩევნო ადმინისტრაციას, მედია-კამპანიას და საეთერო დროს, წინასაარჩევნო გარემოს, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების პრევენციას, საარჩევნო დავების განხილვას, არჩევნების მეორე ტურს და გენდერულ კვოტებს.

განმარტებითი ბარათის თანახმად:

ქვედა დონის (საუბნო) საარჩევნო კომისიებში არაპარტიული ნიშნით წევრთა არჩევა მოხდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის არაპარტიული ნიშნით არჩეულ წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერით, რაც უზრუნველყოფს პროცესის მიუკერძოებლად, პარტიული ინტერესებისგან განყენებულად წარმართვას;

საუბნო კომისიებთან მიმართებით ფართოვდება ჩანაწერი ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვაზე. კერძოდ, ზუსტდება პირების წრე, რომლებიც ოჯახის წევრთა შორის იგულისხმებიან. აგრეთვე, ემატება აკრძალვა, რომლის მიხედვითაც გამოირიცხება იმ პირის პროფესიული ნიშნით საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობა, რომელიც წინა საერთო არჩევნებზე კომისიაში პარტიული ნიშნით იყო განწესებული;

წინასაარჩევნო გარემოს გაჯანსაღების მიზნით, დაუშვებელი იქნება ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ სარეკლამო დროის ფარგლებში ისეთი რეკლამის განთავსება, რომელიც სხვა საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მიზნებს ემსახურება. ზუსტდება, რომ ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ სხვა სუბიექტის რეკლამირების აკრძალვის შესახებ ჩანაწერში იგულისხმება მხოლოდ პოზიტიური რეკლამა;

მაუწყებლის მიერ ფასიანი რეკლამის განთავსებისათვის გადახდილ საფასურზე მეტი დროის დათმობა შესაბამისი (რეკლამის დამკვეთი) სუბიექტისათვის, ან უფასო რეკლამის განთავსებისას საარჩევნო სუბიექტისათვის კანონმდებლობით განსაზღვრულ დროზე მეტის დათმობა, ჩაითვლება უკანონო შემოწირულობად;

კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე დაუშვებელი იქნება სააგიტაციო მასალის განთავსება, რომელიც დაექვემდებარება ჩამოხსნას/დემონტაჟს/აღებას;

დაუშვებელი იქნება საარჩევნო უბანში ან უბნიდან 25 მეტრის რადიუსში, პირთა მიერ ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება;

ემატება მკაფიო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მესამე მხარისაგან რომელიმე სუბიექტის სასარგებლოდ რეკლამის/ანტირეკლამის განთავსება ჩაითვლება შემოწირულობად, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას გაცხადებული საარჩევნო მიზანი;

აკრძალულ შემოწირულობად იქნება მიჩნეული დაუსაბუთებელი შემოსავლით გაკეთებული შემოწირულობაც;

საჯარო სკოლების პედაგოგებზე, აგრეთვე, სსიპ-ებისა (გარდა საგანმანათლებლო დაწესებულებების, რეგლიგიური ორგნიზაციების და ადვოკატთა ასოციაციის თანამშრომლებისა) და საჯარო დაწესებულებების მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების თანამშრომლებზე გავრცელდება წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ის რეგულაციები, რომლებიც ვრცელდება სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებზე (სამუშაო საათებში ვერ ჩაერთვებიან წინასაარჩევნო აგიტაციაში);

კოდექსს ემატება ჩანაწერი, რომელიც არჩევნებამდე 2 თვით ადრე სამინისტროებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებს შეუზღუდავს განხორციელებული პროექტების შესახებ სარეკლამო ვიდეო რგოლების განთავსებას;

2028 წლამდე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ (საარჩევნო სუბიექტმა) ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს ისეთი პარტიული სია, რომლის ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება;

2028 წლის 28 ოქტომბერს და მის შემდგომ, 2032 წლამდე, ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ (საარჩევნო სუბიექტმა) ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს ისეთი პარტიული სია, რომლის ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება;

საარჩევნო კოდექსის გარდა, ცვლილებები შედის კანონში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში და მაუწყებლობის შესახებ კანონში.

პარლამენტი ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს.

comments