სამწუხაროდ, საზოგადოებამ ვერ შვა უფრო მძლავრი ალტერნატივა, რომ კონკურენცია გაუწიოს „ქართულ ოცნებას“. დღეს, ფაქტობრივად, ივანიშვილი წარმოადგენს ჯებირს, რომელმა უნდა აღკვეთოს „ნაციონალური“ რევანში საქართველოში. ამას ემატება ახალი უსიამოვნო სიურპრიზი „ნაციონალებისთვის“ – ეფექტური მენეჯერი გახარია, რომელმაც კრიზისულ პერიოდში ქვეყანა შესანიშნავად მართა, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ანალიტიკოსმა, ირაკლი გოგავამ განაცხადა.

„ყველა სანდო კვლევა აჩვენებს ერთ რამეს, რომ მოსახლეობის 90%-ს არ სურს „ნაციონალური“ რევანში, ძალადობრივი რეჟიმის დაბრუნება და იმ ძარცვის გაგრძელება. სამწუხაროდ, საზოგადოებამ ვერ შვა უფრო მძლავრი ალტერნატივა, რომ კონკურენცია გაუწიოს „ქართულ ოცნებას“. დღეს, ფაქტობრივად, ივანიშვილი წარმოადგენს ჯებირს, რომელმა უნდა აღკვეთოს „ნაციონალური“ რევანში საქართველოში. ამას ემატება ახალი უსიამოვნო სიურპრიზი „ნაციონალებისთვის“ – ეფექტური მენეჯერი გახარია, რომელმაც კრიზისულ პერიოდში ქვეყანა შესანიშნავად მართა. ეს ყველაფერი მათ შანსს არ უტოვებს, შესაბამისად, ისინი იძულებულები არიან, წავიდნენ ძალადობრივ სცენარზე – ესაა ყალბი ამბები, ე.წ. ზონდერების ბრიგადები, შტურმით აღება და ა.შ. თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ ევროკავშირი ასეთ მოდელს ემიჯნება. გერმანიის ელჩს აქვს აბსოლუტურად ადეკვატური აღქმა საქართველოში მიმდინარე პროცესების, ის ადეკვატურად აფასებს ყველაფერს, რაც მისმა ბოლო განცხადებებმაც დაადასტურა. წლიდან წლამდე საქართველოში ხდება პოლიტიკური ფიგურებისა და ძალების დეგრადაცია, მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ ისინი მოსახლეობაში პოპულარობის არქონის გამო ლეგიტიმაციას ეძებენ საზღვარგარეთ – მოსკოვში, ვაშინგტონში, ბრიუსელსა თუ ანკარაში. იქ იღებენ ვალდებულებებს, რომლებიც უნდა შეასრულონ, ეს კი უკვე საქართველოს ეროვნულ ინტერესებს არ შეესაბამება. საზოგადოებამ უნდა შვას ისეთი ძალები, რომლებიც ეროვნულ ინტერესებს გაატარებენ ქვეყანაში. ბოლო 30 წლის განმავლობაში, რაც გვაქვს დამოუკიდებლობა, რვა გადაბმული წელიწადი მშვიდობით, დიდი კონფლიქტების გარეშე საქართველო არ გვქონია. ბოლო რვა წელიწადი, ჩემი აზრით, არის დიდი ღირებულება, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ. ჩვენ თუ დავუშვებთ იმ ძალების რევანშს და წარსულს დავუბრუნდებით, ეს აუცილებლად იქნება იმ გარე ძალების მიერ გამოყენებული, რომელსაც უნდა საქართველო აქციოს ფიჩხად რუსეთის წინააღმდეგ კოცონის დასანთებად. ჩვენს ინტერესში ეს არ შედის და ამიტომ ამ მშვიდობას უნდა გავუფრთხილდეთ“, – განაცხადა გოგავამ.

comments