“მოძრაობა ხალხისთვის” საქართველოში განათლების მიღებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე სასაუბროდ სტუდენტებს შეხვდა.

მოძრაობის ლიდერის ანა დოლიძის განცხადებით, პანდემიის პირობებში სტუდენტთა უმრავლესობამ სწავლის საფასურის გადახდა ვერ შეძლო, რის გამოც მათ სტატუსი შეუჩერდათ.

ასევე მისი განცხადებით, განათლების მიღებასთან დაკავშირებით სტუდენტებს აქვთ ბევრი სახის პრობლემა, რაზეც სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება აუცილებელია.

“ჩვენ ძირითადად ვსაუბრობთ ახალგაზრდობის პრობლემებზე, როგორ ხედავენ ახალგაზრდები განათლების პრობლემებს, მაგალითად, რა ვუყოთ იმ 10 ათას სტუდენტს, რომელიც ვეღარ მიიღებს განათლებას იმიტომ, რომ რამდენიმე ათასი ლარი, რაც არის სწავლის საფასური ჩვენთან, ამ წელს, კოვიდის გამო ვეღარ გადაიხადა,” – განაცხადა ანა დოლიძემ.

სამოქალაქო მოძრაობა “ხალხისთვის” წევრის ნიკა გვაზავას განცხადებით, უნდა შეიქმნას განათლების სისტემის გრძელვადიანი ხედვა, რომელიც სტუდენტების საჭიროებებზე იქნება მორგებული.

“უნდა შეიქმნას ის პოლიტიკა, რომელიც რეალურად იქნება დაფუძნებული სტუდენტების საჭიროებებზე, მათ ხედვებზე და უნდა იყოს განათლების გრძელვადიანი ხედვა, რასაც დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ სახელმწიფოს მხრიდან, ის თუ სად ვიქნებით ჩვენ 10 წლის შემდეგ და ის, თუ როგორი განათლების სისტემა გვინდა დღეს ჩვენ,” – განაცხადა ნიკა გვაზავამ.

comments