“ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე  1964 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება თნილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე მიიღო. მისი დამთავრების შემდეგ კი ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის კათედრის ასპირანტურა დაამთავრა. 1995-დან 2008 წლამდე საქართველოს პარლამენტის წევრი იყო. 2001-2004-სა და 2004-2008 წლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გახლდათ, ორჯერ – 2003 წლის ნოემბრიდან 2004 წლის იანვრამდე და 2007 წლის ნოემბრიდან 2008 წლის იანვრამდე – საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობასაც ასრულებდა. შესაბამისად, დეკლარაციაც არაერთხელ შეუვსია.

მის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 1998 წლით თარიღდება, რომელშიც ოჯახის წევრებად მიუთითებდა: მეუღლეს, ბადრი ბიწაძეს, დაბადებულს 1960 წელს და შვილებს 1985 წელს დაბადებულ ანზორსა და 1993 წელს დაბადებულ რეზოს. იმხანად ოჯახის ქონება შემდეგნაირი იყო: ნინო ბურჯანაძის საკუთრება იყო საცხოვრებელი სახლი თბილისში, 95 000 ლარად ღირებული; სახლი სოფელ ორბელში, 15 000 ლარად ღირებული და 16 000 ლარად ღირებული ავტომანქანა. ბადრი ბიწაძის საკუთრებას წარმოადგენდა აგარაკი ბორჯომში – 25 000 ლარად ღირებული; სახლი სოფელ ცხრუკვეთში, 8 000 ლარად ღირებული და 38 000-ლარიანი ავტომანქანა.

„აბსოლუტ ბანკის“ დეპოზიტზე ნინო ბურჯანაძე 12 000 აშშ დოლარს ინახავდა, ბადრი ბიწაძე – 28 000-ს. ნაღდი ფულის სახით კი, დეკლარაციის შევსების მომენტში, ნინო ბურჯანაძეს 3 500, ბადრი ბიწაძეს 2 000, ანზორ ბიწაძეს 5 000, რეზო ბიწაძეს კი 2 000 ლარი ჰქონდათ. რაც შეეხება შემოსავლებს: 1997 წლის განმავლობაში ნინო ბურჯანაძე, როგორც პარლამენტის წევრი, ყოველთვიურად 550 ლარს იღებდა, ბადრი ბიწაძე კი, როგორც მთავარი სამხედრო პროკურორი – 350-ს.

1999 წლის დეკლარაციაში ის სიახლეა, რომ ნინო ბურჯანაძეს 32 000-იანი ავტომაქანა ჰყავს, ბადრი ბიწაძეს – 77 000-იანი; წყვილის შემოსავალი იგივეა, ისევე, როგორც 2000 და 2001 წლებში.

2003 წლის დეკლარაციაში ის სიახლეა, რომ ბადრი ბიწაძეს მიწის ნაკვეთი შეუძენია საგურამოში, ნინო ბურჯანაძეს აღარ ჰყავს ავტომანქანა, სამაგიეროდ, ჰყავს ანზორ ბიწაძეს, 25 000 ლარად ღირებული, ბადრი ბიწაძეს ავტომანქანა არ გამოუცვლია. ნინო ბურჯანაძეს სადეპოზიტო ანგარიშზე კი უკვე 42 000 აშშ დოლარი ერიცხება. რაც შეეხება შემოსავლებს: ნინო ბურჯანაძის წლიურ შემოსავალს 2002 წელს 16 849 ლარი შეუდგენია, ხოლო ბადრი ბიწაძის, როგორც გენერალური პროკურორის მოადგილისას, 4 200 ლარი, პლუს 720 ლარი სატელეფონო ხარჯისთვის.

2004 წლის დეკლარაციის მიხედვით, ბურჯანაძე-ბიწაძის ქონებრივ ჩამონათვალსა და შემოსავლების ოდენობაში არანაირი ცვლილება არ არის. 2004 წლის დეკლარაციიდან კი ვიგებთ, რომ 2003 წლის განმავლობაში ნინო ბურჯანაძის წლიური სახელფასო შემოსავალი 37 000 ლარი იყო, სადეპუტატო უფლებმოსილების შესასრულებლად 15 210 ლარი მიიღო, მივლინებისთვის – 8 814 ლარი, მაჟორიტარის ბიუროს მომსახურებისთვის – 2 050 ლარი, ხოლო ბადრი ბიწაძემ, როგორც საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარემ 17 000-მდე ლარი აიღო, სამივლინებო ხარჯებისთვის კი – 6 300 ლარი.

2005 წლის დეკლარაციით, ქონებაც უცვლელია და შემოსავლებიც თავისი ყველა კომპონენტით. 2006 წლის დეკლარაციით ვიგებთ, რომ ნინო ბურჯანაძე „დოიჩე ბანკში“ სადეპოზიტო ანგარიშზე 42 000 აშშ დოლარს ინახავს, ხოლო „თი ბი სი ბანკისაზე“ – 30 000 აშშ დოლარს. 2004 წლის განმავლობაში ნინო ბურჯანაძემ – ხელფასის, სამივლინებო ხარჯისა და სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთვის, საბოლოო ჯამში, 51 000-მდე ლარი აიღო. ბადრი ბიწაძის, როგორც საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის წლიურმა ხელფასმა 37 000 ლარი შეადგინა, ხოლო სამივლინებო ხარჯებისთვის 20 000 ლარი გამოეყო. 2006 წლის განმავლობაში ნინო ბურჯანაძემ 60 000 ლარამდე ანაზღაურება მიიღო (სამივლინებო ხარჯების ჩათვლით), ხოლო ბადრი ბიწაძის წლიურმა ხელფასმა 40 000-მდე ლარი შეადგინა, სამივლინებო ხარჯმა კი – 8 663 ლარი.

სულ ბოლო დეკლარაცია ნინო ბურჯანაძემ 2008 წელს შეავსო. მას უკვე აღარ ჰქონდა სადეპოზიტო ანგარიში „თი ბი სი ბანკში“. შემოსავლები კი შემდეგნაირი ჰქონდათ. ნინო ბურჯანაძემ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, 2007 წლის განმავლობაში, 49 000 ლარი აიღო (პლუს – სამივლინებო ხარჯი 37 000 ლარი), ბადრი ბიწაძემ – 47 000 ლარი, პლუს სამივლინებო ხარჯი – 33 000 ლარი.

comments