პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კითხვაზე, შესრულდა თუ არა 8 მარტის შეთანხმება, იმ პირობებში, როდესაც ტელეკომპანია “მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა კვლავ ციხეში რჩება და მას ოპოზიცია პოლიტპატიმრად მიიჩნევს, უპასუხა, რომ ეს არის პროცესი და საბოლო ვერდიქტს სასამართლო გამოიტანს.

მისივე შეფასებთ, კრიმინალები უნდა ისხდნენ ციხეში და ამას პოლიტიკურ პროცესთან კავშირი არ აქვს.

„ყველა სისხლის სამართლის დამნაშავე და კრიმინალი უნდა იჯდეს ციხეში და ამას პოლიტიკურ პროცესთან არ უნდა ჰქონდეს არანაირი კავშირი. ეს არის საგამოძიებო პროცესი, რომელზეც საბოლოო ვერდიქტი და გადაწყვეტილება ქართულმა სასამართლომ უნდა გამოიტანოს. აი, ქართული სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას, რომ გამოიტანს, ეს ხომ პროცესია, ხო, აი, მერე ვილაპარაკოთ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ. ის ქუთაიში შემოვლითი გზის დასრულებული მონაკვეთის გახსნას ესწრებოდა.

„მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა 2019 წლის ნოემბერში დააკავეს იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით. მის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს. რურუა აცხადებს, რომ იარაღი პოლიციამ ჩაუდო.

29 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ მონაწილეობის გარეშე საბოლოო, მესამე მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა თანახმად, პარლამენტში პროპორციული სისტემით აირჩევა 77-ის ნაცვლად 120 დეპუტატი და მაჟორიტარულით 73-ის ნაცვლად 30.

საკონსტიტუციო ცვლილებები „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მოამზადა ოპოზიციურ პარტიებთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე. მხარეთა მოლაპარაკების პროცესში ამერიკელი და ევროპელი დიპლომატები მონაწილეობდნენ.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ამ შეთანხმების ნაწილია პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლება. ამას უარყოფს „ქართული ოცნება“. საპარლამენტო პარტიები „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის პირობად რურუას გათავისუფლებას ასახელებდნენ.

comments