გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი დეტალები იკვეთება. „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა ერთ-ერთი მოწმის, ბარბარე ურიდიას დაკითხვის ოქმი, სადაც ის დეტალურად აღწერს, თუ როგორ განვითარდა მოვლენები მცხეთის აგარაკზე, მისი მეგობრის ანი გაბეჩავას დაბადების დღის აღსანიშავ წვეულებაზე.

ურიდიას ჩვენებით ირკვევა, რომ მცხეთის გზაზე ნაცემი მეგობრების წამოსაყვანად თბილისიდან უკან, მცხეთაში გაბრუნდა კონსტანტინე ღიბრაძე (დიჯეი), რომელმაც მანამდე ფიზიკურ დაპირისპირებას გაქცევით დააღწია თავი.

ვის ეკუთვნოდა ავტომობილი, რომლითაც კონსტანტინე ღიბრაძე უკან – მცხეთაში გაბრუნდა? ჩვენებაში ბარბარე ურიდია წერს, რომ ეს ინფორმაცია მისთვის უცნობია, ისევე როგორ არ იცის, ვინ იმყოფებოდნენ აღნიშნულ ავტომობილში „დიჯეისთან“ ერთად.

 გთავაზობთ მოწმე ბარბარე ურიდიას ჩვენებას:

„2020 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 7 საათზე ჩემსა და ანის საერთო მეგობრებთან ერთად შევიკრიბეთ ჩემთან უბანში.

შეკრებისას ვიყავით მე, საბა ჩხარტიშვილი, საბა გოგშელიძე, ვახო ახვლედიანი, კონსტანტინე ღიბრაძე, გუგა მაჭავარიანი, ნიკა ხოჯევანიშვილი და კახა კვაჭანტირაძე.

ზუსტად არ ვიცი ვინ, მაგრამ ვიცოდი, რომ ჩემმა მეგობარმა ბიჭებმა იქირავეს ტაქსი, კერძოდ ვერცხლისფერი „მინი ვენი“, რომელშიც ჩავსხედით და გავემგზავრეთ მცხეთაში, ანის დაბადების დღის აღსანიშნავ ადგილას…

ადგილზე მისვლისას სახლში დაგვხდა ანი და მისი 7, ან 8 მეგობარი, რომელთაც მე არ ვიცნობდი.

ანის წვეულების გასამართად ყველაფერი მზად ჰქონდა, მხოლოდ ჩვენ გველოდებოდნენ.

ჩვენ ამოვიტანეთ მუსიკალური აპარატურა, რომელზეც უნდა დაეკრა კონსტანტინე ღიბრაძეს, ანუ დიჯეის ფუნქცია უნდა შეესრულებინა.

აპარატურის აწყობის შემდეგ ჩვენ დავიწყეთ გართობა და დროს ტარება.

ჩვენი ამოსვლის შემდგომ დროთა განმავლობაში ამოდიოდნენ ჩემი და ანის საერთო მეგობრები და ასევე ანის ისეთი მეგობრები, ვისაც მე არ ვიცნობდი.

საბოლოო ჯამში ანის დაბადების დღეზე დაახლოებით 20 ჩემთვის ნაცნობი პიროვნება შეიკრიბა.

დაახლოებით 22:30 საათი იქნებოდა, ჩვენ უბრალოდ ვერთობოდით, რა დროსაც შემოვარდა ანის მეგობარი ბიჭი, რომელსაც მე არ ვიცნობ. ხმამაღლა დაიძახა, რომ გარეთ ჩხუბი იყო.

ამის გაგებაზე გავედით სახლის ეზოდან, სადაც ვნახეთ, რომ იმყოფებოდნენ წვეულებაზე შეკრებილი ბიჭები და გოგოები.

იყო რაღაც ხმამაღალი ლანძღვა, გინება და აგრესიული საუბრები.

ასევე ვნახე, რომ საბა გოგშელიძე და ლუკა ბეჟანიშვილი ფიზიკურად ჩხუბობდნენ ბიჭებთან, რომელთა სახელი და გვარები არ ვიცი.

საბა ჩხარტიშვილი გამოსვლის შემდეგ მივიდა ქუჩაში შეკრებილ ბიჭებთან, რათა გაერკვია სიტუაცია, რის შემდგომაც მე მის ქმედებებს ვეღარ ვხედავდი, ხოლო მე ვცდილობდი დამეწყნარებინა და გამეყვანა ჩემი მეგობრები, რომლებიც იყვნენ ჩართულები ჩხუბში.

დაახლოებით ორ წუთში სიტუაცია დამშვიდდა, რის შემდგომაც შევბრუნდი სახლში, საიდანაც ავიღე ჩემი ხელჩანთა. გამოვედი კვლავ ქუჩაში. გამოსვლის შემდეგ მე, ირაკლი წაქაძე, ზუკა ზედმეტსახელად „ფექულიარი“, საბა გოგშელიძე, ლუკა ბეჟანიშვილი და საბა ჩხარტიშვილი ჩავსხედით ირაკლი წაქაძის „მერსედესის“ მარკის ვერცხლისფერ მანქანაში და გავემგზავრეთ თბილისის მიმრთულებით.

თბილისის შესასვლელთან, როდესაც ვიყავით მე დავუკავშირდი ლიზი ნადირაძეს მის მობილურ ტელეფონზე და ვკითხე, თუ რა მდგომარეობა იყო, როგორ გრძნობდა თავს ანი გაბეჩავა. ლიზიმ მიპასუხა, რომ ანუ იყო ძალზედ განერვიულებული და ტიროდა, რის გამოც მე ვერ მოვახერხე მასთან დალაპარაკება.

ამის შემდეგ მანქანაში მსხდომმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ დავბრუნებულიყავით ანისთან და წამოგვეყვანა ჩვენთან ერთად, კერძოდ ირაკლი წაქაძის სახლში, რომელიც მდებარეობს ლისის ტბის სიახლოვეს.

თბილისი მოლთან არმისულები გამოვტრიალდით ანის ნაქირავები სახლისკენ. დაახლოებით 23:40 საათზე მივედით დანიშნულების ადგილას. მანქანიდან მე და ირაკლი წაქაძე გადმოვედით, სახლში შესვლისას ჩვენ დაგვხვდა კონსტანტინე ღიბრაძე, ვახო ახვლედიანი, იაკობ ბრეგვაძე, გიორგი შაქარაშვილი, ამ უკანასკნელის მეგობარი გუკა, ანის ორი მეგობარი ბიჭი, რომლებსაც მე არ ვიცნობ, ანი გაბეჩავა, ლიზი ნადირაძე, მარიამ ხატისკაცი და რამდენიმე ანის მეგობარი გოგო, რომელთაც მე არ ვიცნობ.

ზოგადად სიტუაცია იყო ნორმალური, არავინ არ ჩხუბობდა და კამათობდა, მაგრამ ანი იყო ძალზედ განერვიულებული და ამის ნიადაგზე ტიროდა კიდეც.

ვცდილობდი მის დაწყნარებას და ვთხოვდი, რომ გამოგვყოლოდა მე და ირაკლი წაქაძეს ამ უკანასკნელის სახლში, სადაც გავერთობოდით. ანი თავიდან უარს მეუბნებოდა, მაგრამ რამდენიმე წუთში, როდესაც დადგა 19 ივნისი და შესაბამისად მისი დაბადების დღე, მეგობრებმა მას ტორტზე ჩავაქრობინეთ სანთლები, რითაც ანი ხასიათზე მოვიდა და დამთანხმდა ირაკლის სახლში წამოსვლაზე.

ამის შემდეგ მუსიკალური აპარატურა ჩავაწყეთ ირაკლის მანქანაში, მე და ანი ჩავჯექით ამავე მანქანის უკანა სავარძელზე და წავედით ლისის ტბის მიმართულებით, ხოლო დანარჩენები დარჩნენ ანის მიერ ნაქირავებ სახლში.

ირაკლის სახლში ასვლიდან რამდენიმე წუთის მანძილზე მე მიკავშირდებოდა ლიზი ნადირაძე და მარი ხატისკაცი, რომლებიც მოდიოდნენ ჩვენთან, ერთმანეთისგან განცალკევებით, ორი მანქანით, მაგრამ ვისთან ერთად და ვისი მანქანებით არ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი, რომ ირაკლისთან უნდა ამოსულიყვნენ გართობის მიზნით.

ლიზის და მარის ამოსვლამდე ლუკა ბეჟანიშვილის ტელეფონზე დარეკა ვიღაცამ და უთხრა, რომ ვახო ახვლედიანი, გიორგი ქათამაძე და კონსტანტინე ღიბრაძე მცხეთის ცენტრალურ გზატკეცილზე უცნობებმა სცემეს.

ამის შემდეგ ჩვენ ჩავჯექით ირაკლის მანქანაში და წამოვედით ჩვენი უბნის მიმართულებით, რადგან ბიჭებს ენახათ, ვინმე უფროსი ადამიანები, რომლებთან ერთადაც მივიდოდნენ ჩვენს ნაცემ მეგობრებთან და უსაფრთხოდ წამოიყვანდნენ.

გზაში ჩვენ შეგხვდნენ ჩვენი მეგობრები ლიზი ნადირაძე და მარი ხატისკაცი, რომლებიც იყვნენ ანის მეგობრებთან ერთად ორი მანქანით. ჩვენ ვუთხარით მათ, რომ ვბრუნდებოდით უბანში ზემოაღნიშნული სიტუაციიდან გამომდინარე.

უბანში, როდესაც დავბრუნდით, ვნახე, რომ კონსტანტინე ღიბრაძე უკვე უბანში იმყოფებოდა და ჩემთვის უცნობ პირებთან ერთად იჯდა ვიღაცის მანქანაში, რა მარკის ავტომობილი იყო ჩემთვის უცნობია. აღნიშნული მანქანა მოუახლოვდა ჩვენს მანქანას, სადაც კონსტანტინემ შემოგვძახა, რომ მიდიოდა ჩვენი ნაცემი მეგობრების წამოსაყვანად, მაგრამ თუ სად იყვნენ და ვინ სცემა მას არ უთქვამს, ვინაიდან მალევე დაიძრა აღნიშნული მანქანა. 

იქნებოდა დაახლოებით 03:00 საათი, როდესაც მე ავედი სახლში, მაგრამ ასვლამდე ლუკას ვთხოვე, რომ დაერეკა ჩემთვის და შეეტყობინებინა, თუ რა მდგომარეობაში იყვნენ ბიჭები.

დაახლოებით ერთ საათში ლუკა მოვიდა ჩემს სახლთან და მითრა, რომ ვახო ახვლედიანი და გიორგი ქათამაძე ნახეს ნაცემები, ხოლო სცემეს უცნობმა პირებმა, რომლებიც მანქანით იმყოფებოდნენ მისულები.

ასევე ლუკამ მითხრა, რომ გიორგი შაქარიშვილი და მისი მეგობარი გუკა იყვნენ დაკარგულები. ხოლო დაკარგულები იყვნენ იმიტომ, რომ როგორც ჩანს, მათაც უცნობმა პირებმა დაუპირეს ცემა, მაგრამ გაიქცნენ და აღარ გამოჩენილან.

მეორე დღეს ჩემი მეგობრებისგან შევიტყე, რომ გუკა გამოჩნდა, ხოლო გიორგი შაქარაშვილი კვლავ დაკარგული იყო.

დასმულ კითხვაზე გიპასუხებთ, რომ როდესაც ლუკა ბეჟანიშვილი და საბა გოგშელიძე ფიზიკურად ჩხუბობდნენ მე ვერ გავარჩიე კონკრეტულად თუ ვისთან ჩხუბობდნენ, ვინაიდან იყო ჩოჩქოლი, გაწევ-გამოწევა და სიბნელე.

ასევე დასმულ კითხვაზე გიპასუხებთ, რომ როგორც შემდგომ გავიგე ვახო ახვლედიანი, გიორგი ქათამაძე და კონსტანტინე ღიბრაძე მცხეთის ცენტრალურ გზაზე სცემეს ანის მეგობრებმა, რომლებიც დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ, მაგრამ კონკრეტულად ვინ არ ვიცი.

ასევე დასმულ კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ჩემს მეგობრებსა და ანის სხვა მეგობარ ბიჭებს შორის თუ რატომ წარმოიშვა კონფლიქტი მე არ ვიცი.

ასევე დასმულ კითხვაზე გიპასუხებთ, რომ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია გიორგი ქათამაძე, როდესაც სცემეს მან მიიღო სხეულის დაზიანებები, რის გამოც მიმართა სამედიცინო დაწესებულებას დახმარების აღმოჩენის მიზნით, ხოლო სხვა ვინმემ მიმართა თუ არა სამედიცინო დაწესებულებას ჩემთვის უცნობია“, – ვკითხულობთ ბარბარე ურიდიას ჩვენებაში.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ გიორგი ქათამაძემ 19 ივნისს 03:43 საათზე მართლაც მიმართა სამედიცინო დაწესებულებას, კერძოდ „თბილისის ზღვის ჰოსპიტალს“, სადაც ჭრილობების დამუშავების შემდეგ მოათავსეს ბოქსირებულ განყოფილებაში კორონავირუსზე ეჭვი გამო.

მას ცხვირის, თვალის და წარბის არეში აღენიშნებოდა ნახეთქი ჭრილობები, რომელიც ექიმებმა დაუმუშავეს და ნაკერები დაადეს.

მაღალი ტემპერატურის გამო ქათამაძეს 3-ჯერ ჩაუტარდა ტესტი კორონავირუსზე და სამივე პასუხი იყო უარყოფითი, რის შემდეგაც, 22 ივნისს ის კლინიკიდან გაწერეს.

 

comments