„ალია“ ესაუბრება პრიორიტეტული მიმართულებების განვითარების ცენტრის დამფუძნებელს, სამოქალაქო აქტივისტს, ლადო სადღობელაშვილს.

პრემიერის გამოსვლით დავიწყოთ, რას ელოდი მისი გამოსვლიდან და იყო თუ არა დამაჯერებელი?

ადამიანები პრემიერის გამოსვლას უყურებდნენ იმიტომ, რომ სოციალურ, ანტიკრიზისულ პაკეტზე ელოდნენ პრემიერის განცხადებას. მეც ამიტომ ვუყურებდი – ჩემი ოჯახის წევრიც ელოდება იმ დახმარებას, რომელიც წესით, უნდა ჩარიცხვოდა. სტაბილური სამსახური ჰქონდა, დაიხურა პანდემიის დროს ორგანიზაცია და დარჩა უმუშევარი, ჩაურიცხეს ერთხელ მხოლოდ 200 ლარი და დანარჩენი არ ჩარიცხულა. ველოდებოდით მკვეთრ პოზიციებს სოციალურ პაკეტებზე და ამ კუთხით დაუკმაყოფილებელი დავრჩი, გავიკითხე და ბევრი ადამიანია ამ განწყობით.

-რომან გოცირიძემ ჰკითხა პრემიერს, სად წავა 400 ათასი ადამიანის დასახმარებლად გამოყოფილი თანხა, რადგან, როგორც აღმოჩნდა, დაპირებული 600 ათასიდან, მხოლოდ 200 ათასს დაეხმარნენ.

-გამოვიყენებთ მეორე ტალღისთვისო, უპასუხა პრემიერმა და ვნახოთ. მე იმას გეტყვით რაც ახლა ხდება, ან უკვე მოხდა – ბიზნესის ნაწილმა მართლაც გაუშვა ადამიანები სამსახურიდან, ნაწილმა ხელისუფლების დაჟინებული მოთხოვნით, ჩაურიცხა თანამშრომლებს მინიმალური თანხა. მაგალითად, კომპანიას უნდა გაეშვა ასი კაცი, დაუკავშირდნენ ხელისუფლებიდან და უთხრეს – შენ, ე, აზრზე მოდი, რას ჰქვია ას კაცს უშვებ სამსახურიდან, კეთილი ინებე და ჩარიცხვები განახორციელე მათ ანგარიშებზე,  რომ არ ჩაითვალოს ეს ადამიანები სამსახურიდან გათავისუფლებულად.  ჩაურიცხეს ადამიანებს 100 ლარი და ეს ადამიანები დარჩნენ დახმარების გარეშე. არ ვიცი, ნაციონალური მოძრაობის წევრები რას ამბობენ, მაგრამ რეალურად, 600 000 კი არა 200 ათასსაც არ დაეხმარნენ.

-შენი ოჯახის წევრიც იმ 200 ათას ადამიანში შედის, ალბათ, მაგრამ რეალურად, ამ 600 ლარი კი არა, 200 ლარი აქვს მიღებული ამ ეტაპამდე… 

-კი, ჩაერიცხა ერთხელ და ითვლება იმ 200 ათასში. უკვე თვის ბოლოს და ისევ არ ჩარიცხულა.  კრიზისი არის უკვე სამი თვეა, მარტო სათაურებით და გეგმით არის წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმა და ჩაშლილი ეს გეგმა არავის უნახავს, პრემიერმაც კი თქვა, ჩაშლილი სახით გეგმა ჯერ კიდევ არ არსებობსო, წარმოგიდგენიათ? სამი თვეა ვიმყოფებით ხელოვნურ კრიზისში და მხოლოდ 200 000 ფიზიკურ პირზე ვნახეთ 200 და 300 ლარიანი დახმარება. ეს კრიზის-მენეჯმენტი არ არის. ეს არის, მაპატიებს მკითხველი – „ბარდელი“, რეალურად ამას ქვია „ბარდელი“, როცა კაცმა არ იცის ვინ სად არის, რომელ ოთახში რას და რანაირად აკეთებს და ვის რაში უხდიან ფულს.

-ხელოვნური კრიზისიაო თქვი და რას გულისხმობ?

-ახლა რომ ჩავიარო რუსთაველზე, განახებთ რამდენი დაწესებულებაა დახურული რუსთაველის გამზირზე მხოლოდ. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა გაჩერდა. ტურისტული სეზონია და აგვისტოს პირველ რიცხვებამდე არ უშვებენ ტურისტს ქვეყანაში. არ მინდა ბოკერიას და ნაციონალურ მოძრაობის სხვა ანასხლეტებს დავემსგავსო, მაგრამ მოდი ვთქვათ, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ტურიზმის დონაცია ხდებოდა მუდმივად და ტურიზმზე ეწყობოდა ქვეყანა. ახლა საზღვრები იკეტება შეგნებულად და პასუხი გვესმის – ჩვენ როცა ჩავთვლით საჭიროდ, მაშინ გაიხსნება! დემოკრატიულ სახელმწიფოში 10 კაცი წყვეტს იმას, როდის რა გაკეთდება და რა მოხდება? – ეს ვერ მოიტანს კარგ შედეგს. სამი თვეა ქვეყანა ვცხოვრობთ ვალით, ბევრმა ოჯახმა  და მათ შორის ვარ მეც, აიღო ვალი, ან ბანკისგან სესხი, რომ პურის და პირველადი მოხმარების პროდუქტების ფული გვქონოდა  და მერე ხომ გვინდა ამ ვალის დაბრუნება და ძველ რიტმში დაბრუნება? – ამას უნდა უზრუნველჰყოფდეს წესით სახელმწიფო – ამისკენ უნდა იყოს მიმართული ანტიკრიზისული გეგმაც. გახარიას შეფასებისას, ბოლო დროს ხშირად ამბობენ, რომ ის არის კარგი კრიზის მენეჯერი, რასაც არ ვეთანხმები – გახარიას დავარქმევდი, კარგ ანტინაციონალს, დავუშვათ, მძიმე ხელს, სხვა შეფასებებს მივცემდი, მაგრამ არ არის ეს ადამიანი კარგი კრიზის მენეჯერი.

-მძიმე ხელს, თუ მძიმე ენას? ჯერ მხოლოდ საუბარი მესმის, დაცინვა და მუქარა,  სად არის ხელი?

-კი, ალბათ ეს არის უფრო მძიმე ენა, ვიდრე მძიმე ხელი… გარდა იმისა, რომ სამართალი არ იქნა აღსრულებული – გვიჩნდება კითხვა – როგორ ფინანსდებიან ნაციონალები და საიდან აქვთ ფული? – უმარავი კომპანია აქვთ, რომელიც ისევ სახელმწიფოსგან იღებს ფულს. მაგალითად, მერაბიშვილს ერთი კომპანია აქვს მუყაოსა და ქაღალდის წარმოების, ლიდერი კომპანიაა და ხელისუფლებასაც კი ემსახურება – ხოდა, ერთი ძალიან მაინტერესებს, ხელისუფლებიდან გადახდილი თანხები ვის ჯიბეში გროვდება? ისევ მერაბიშვილის და ისევ ოპოზიციის ჯიბეში არ მიდის მათ კომპანიებში გადახდილი თანხა? თავად ახორციელებენ დონაციას მათი კომპანიების და მერე ჩვენ გვეკითხებიან – საიდან აქვთ ფულიო?

-19 წლის ბიჭი, გიორგი შაქარაშვილი შეეწირა ე.წ. საქმის გარჩევას და ძველბიჭობას, პრემიერი გამოდის და პარლამენტში იწყებს ძველბიჭური ტონით საუბარს…  რა არის ეს?

-მე არ ვარ მაქებარი სააკაშვილის, მეზიზღება ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა ამ ქუჩურ და ძველბიჭურ მენტალობას კლავდა, რეალურად და ფიზიკურად კლავდა. გაჭაჭანება არ იყო, მობილური რომ მობილურია, არ იკარგებოდა. დღეს მობილურს მოგპარავენ, ჩანთას თუ ოქროს ჯაჭვს ჩამოგგლეჯენ, არავინ ყურადღებას არ აქცევს. აღარ რეაგირებს შსს. ეს არის ნაწილობრივ ხელშეწყობა იმ კრიმინალური „გაგების“, რომელიც აღორძინდა ამ ხელისუფლების პირობებში. ნაციონალური მოძრაობის მეთოდები ვანდალური იყო და პირსისხლიანი, მაგრამ შედეგი ჰქონდა. რაც შეეხება გახარიას გამონათქვამებს – ზოგადად, პარლამენტს დავაკვირდეთ, მარტო პრემიერი კი არა, ოპოზიციაც საკმაოდ ამაზრზენად იქცეოდა. ქვეყანაში არის ტრაგედია, 17 ახალგაზრდაა დაკავებული გარჩევების გამო, რომელსაც ემსხვერპლა ადამიანი და ვხედავთ პარლამეტში ლაზღანდარობას – ეს იყო ამაზრზენი სანახავი, როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების მხრიდან. პარლამენტის წინ ვცხოვრობ და ვხედავ ადამიანებს, რომლებიც აქ დგანან და ხელგაწვდილები უყურებენ დეპუტატებს, ჩაუვლიან პარლამენტარები და პასუხობენ, არა მაქვს ფულიო. ვინ დამაჯერებს რომ 7-9 ათასი აქვთ ხელფასი და ჯიბეში არ უდევთ ერთი ლარი რომ მათხოვარს მისცენ – თანაგრძნობა აქვთ დაკარგული.

-ამბობენ, რომ წლევანდელი არჩევნები იქნება ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი, კარტოფილი და ხახვი საკმარისი აღარ იქნება.

-სამწუხაროდ, ვხედავთ იმას, რომ ოპოზიცია ყოველ დღე ძლიერდება, ოპოზიციის ფლანგზე უამრავი ისეთი კადრია, რომელიც ჯერ კიდევ პარლამენტში არ არის ნამყოფი და აქვს სურვილი იქ მოხვედრის. აი, სახელისუფლებო ფლანგზე ამ კადრებს ვერ ვხედავთ, „ოცნების“ საკადრო პოლიტიკა დღეს არის კრიზისი, ჩვენ ვერ ვხედავთ ღირსეულ ადამიანებს მათ გვერდში, რომლებსაც ვენდობით და ვანდობთ ქვეყანას. გვეტყვის ვიღაცა – რა, ოპოზიციის ფლანგზე ხედავთ? ბოკერიას, ბურჯანაძის და უსუფაშვილს ხედავთ ასეთ ადამიანად? ვხედავთ იმას, რომ მაგალითად უსუფაშვილი როცა იყო პარლამენტის სპიკერი, უფრო დემოკრატიული და ჯანსაღი იყო პარლამენტი. კობახიძის და თალკვაძის დროს ეს სიჯანსაღე ვერ ვნახე და ამას მარტო მე კი არა – ყველა ხედავს. როცა მიდგა საუბარი ხელისუფლების ახალ სახეებზე, არ დავკონკრეტდები, მაგრამ მკითხველი მიხვდება, აქცენტები ისმევა ისეთ ადამიანებზე, და იმათაც ჰყოფნით თავხედობა, რომ თავისი თავი მოიაზრონ – რომლებიც პრორუსები არიან, ნაციონალებთან ნამყოფები არიან – გასვრილები არიან. კი, თქვა პრემიერმა, ახალი სახეები გვინდაო…. ევროპის დღე რომ იყო რამდენიმე თვის წინ, გემახსოვრებათ, მაშინაც სიტყვა მიეცათ ნაციონალური მოძრაობის ყოფილ წარმომადგენლებს, იმ ადამიანებს, რომლებიც მიშას ფავორიტებად ითვლებოდნენ. ისეთ ჭაობში იქექებიან, რომელსაც მერე თავად უპირისპირდებიან, ვანო ზარდიაშვილს რა უნდოდა პარლამენტში? მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას ოპოზიციას, უამრავი ახალგაზრდა გოგო-ბიჭები არიან, გაუსვრელი ადამიანები, ჯანსაღი, კარგი კადრები, რომლებიც ხელოვნურად არიან კუთხეში და მათ არ აჩენენ შეგნებულად. გამოიყენეთ ეს ადამიანები, ნუ გადააყოლებთ ქვეყანას თქვენ ამბიციებს. ამათ არ უნდათ ასეთი ახალგაზრდები, უნდათ გასვრილი ადამიანები, რომლებსაც გამოიყენებენ და მოისვრიან.

-ე.წ. 2012-იანები ამბობენ, რომ ისინი გადააგდეს და მიატოვეს, ისინიც კუთხეში არიან.

-კომუნისტური მიდგომაა, როცა იცვლებოდნენ ლიდერები, იმ ადამიანებს იშორებდნენ, ვისთან ერთად გამარჯვება მოიპოვეს. გია ვოლსკი თავის დროზე იყო კურატორი და ინსტრუქტორი ახალგაზრდა პოლიტიკოსების. მისი გამოზრდილი კადრები არიან ახლა ხელისუფლებაში. ვინ არის კობახიძე? სად იყო 2014 წლამდე? თავისი ლანდის ეშინოდა, ახლა გიგი წერეთელს რომ ეძახის პრორუსს, მამამისი მთელი ცხოვრების მანძილზე, პრორუსი იყო და მისი ბოლო პარტიული მოღვაწეობა იყო სწორედ ყველაზე პრორუსულ პარტიაში, ბურჯანაძის პარტიაში. მანამდე პუტჩისტიც ბრძანდებოდა და იარაღიც ეკავა ხელში. შვილსაც უჭირავს ახლა იარაღი, ოღონდ სხვების ხელით გვესვრის რეზინის ტყვიებს. ან თალაკვაძე ავიღოთ – სანდრა რულოვსის ხელის ბიჭი, დღეს „ოცნების“ ლიდერია, ეს არის სულ „ქართული ოცნება“… საზოგადოების განწყობა როგორ შეიძლება არ იცოდეს ივანიშვილმა, როგორ შეიძლება ფიქრობდეს, რომ ხალხს მოეწონება კობახიძე და თალაკვაძე? რატომ იყენებს გვერდით ასეთ ადამიანებს? ამ დროს არიან ხალხი, რომლებიც 2012 წელს ქვას უშვერდნენ თავს, ღირებულებებით და არა ფინანსური ინტერესებით, მოიყვანეს ეს ხელისუფლება და ეს ადამიანები მიაგდეს. ღმერთმა არ ქნას და, ნაცები რომ მოტრიალდნენ, ისევ ამ ხალხზე გადატყდება ჯოხი და ესენი კი ჩასხდებიან თვითმფრინავებში და გაიქცევიან, ან მდინარაძე ისევ შეფიცებს ძმობას ადეიშვილს.

-რომელი ოპოზიციური პარტია გგონია პროსახელისუფლებო?

-ვხედავდით ხელისუფლების მჭიდრო კავშირს ბოკერიასთან და არც მალავდნენ. უგულავა ივანიშვილთან კონსულტაციებზეც დადიოდა. მაგრამ ნახეთ რა ქნა ივანიშვილმა, თავისი 119 ადამიანი დაყო ჯგუფებად და გამოყო დეპუტატები, ვგულისხმობ ნაცვლიშვილს, ჯაშსა და სხვებს, შეუქმნა ხელოვნურად პარტია და გადააგდო ოპოზიციაში. ამ ადამიანებზე უარყოფითს კი არ ვამბობ, ყველას პატივს ვცემ, ფაქტს აღვნიშნავ. გამოვიდა მარიამ ჯაში და თქვა, საზოგადოებამ დაინახა, ნაციონალების გარეშეც შეიძლება წარიმართოს სიტუაციაო, ეგ პირდაპირი მესიჯი იყო, აგერ ვართ და ბოკერია არ არის საჭიროო. ჭიჭინაძე, ბესელია, ეს ადამიანები ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგნი იყვნენ და გადავიდნენ ოპოზიციაში, მაგრამ არჩევანი რომ დადგეს ნაცებსა და ქოცებს შორის, რა თქმა უნდა, ქოცების მხარეს დადგებიან. გიორგი ვაშაძე არის ჩხარტიშვილის სიძე და ჩხარტიშვილთან და ხელისუფლებასთან რომ ურთიერთობა აქვს, მაგას რად უნდა დიდი ფიქრი? გირჩის ერთ-ერთი დამფუძნებელი, კუბლაშვილი არის ცნობილი მომლაპარაკებელი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. დარწმუნებული ვარ რომ „ლელო“ სახელისუფლებოა. როცა ვამბობ ხელისუფლებას, არ ვგულისხმობ მთავრობას, ვგულისხმობ ივანიშვილს დარწმუნებული ვარ, რომ „ლელო“ არის ივანიშვილის დაქვემდებარებაში მყოფი. მევახშე გვესაუბრება მორალზე – მე ამის არ მჯერა. მელია რომ მელიაა, ნაციონალური მოძრაობის ამომავალი, თუ ამოსული ვარსკვლავი, მელიას ვინმე გარეთ დატოვებდა 20 ივნისის მერე? ოქრუაშვილზე, რურუაზე და უგულავაზე უარესი გააკეთა, სამივე დაიჭირეს და მელია ქუჩაში დატოვეს… ე.ი. ოპოზიციის დიდი ნაწილი, ამ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და სხვა დანარჩენი არის სპექტაკლი. ძალიან ცუდ პერიოდში უწევს ხელისუფლებას არჩევნების ჩატარება კიდევ ერთი რამის გამო – მიშა ბუაა, ამ არჩევნებზე ეგ მესიჯი ვერ იმოქმედებს, მიშა უფრო დიდ თაფლში და ყაიმაღშია ჩავარდნილი, თუ ფულის კეთება და კეთილდღეობა უნდა, იქ მეტი რესურსია. მიშა აღარ იტყვის, რომ ჩემოდანს ალაგებს, გვირაბს თხრის და ასე შემდეგ… უკრაინაშიც არჩევნები იქნება, იქაც სჭირდება თავის წარმოჩენა.

-რისი იმედი აქვს ხელისუფლებას არჩევნებში?

-ერთი დარჩა, მოხსნას ივანიშვილმა მუთაქას თავი და დაარიგოს ფული… აბა სხვა რა? კარტოფილი და ხახვით არ გამოვა, არც იმ ჩამოწერილი ვალებით, ისედაც არავინ იხდიდა იმ ვალებს და ბოდიში, ყველას ფეხებზე ეკიდა… 41 პროცენტი დააგროვეს საპრეზიდენეტო არჩევნებზე. მაგის მერე ქართული ოცნება დაიშალა, არც რესპუბლიკელები, არც ბესელია, არც დამოუკიდებელი დეპუტატები, არც ჭიჭინაძე – ყველა ოპოზიციაშია და რა უნდათ თქვან, რომ მაშინ 41 პროცენტი აიღეს და ახლა 55 პროცენტს აიღებენ? იმედი ექნებათ ლელოს, მევახშე ხაზარაძის, დამოუკიდებელი დეპუტატების, რომლებსაც გაიყვანენ პარლამენტში და მერე მათთან იქნებიან კოალიციაში. თუ ასეთი მოცემულობა იქნება, არჩევნებზე არ წავალ, აღარ მინდა გავაკეთო არჩევანი უარესსა და უფრო უარესს შორის, თან მერამდენედ.

-და თუ მაინც მივიღეთ კოალიციური მთავრობა?

-როგორც კი იქნება კოალიციური მთავრობა, მიიღებენ რევოლუციას. საზოგადოება შოკში იქნება.  არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ პირიქით, ერთ დღეს დავტოვოთ მთავრობაში ქართული ოცნება და მეორე დღეს გავიღვიძოთ და დაგვხვდეს ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობა.

-ოპოზიციას მიტინგზე ხალხი არ გამოჰყავს, თუ ვერ გამოჰყავს?

-ხალხის მიტინგზე გამოყვანა ხელოვნებაა, მე ეგ საქმე გამეგება და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ არ გამოჰყავს. იმისთვის, რომ ხალხი მიტინგზე გამოიყვანო, პატარა-პატარა წერტილოვანი დარტყმები უნდა გააჩაღო, ამის მერე აგორებულ ტალღაზე უნდა წამოვიდეს ხალხი. დღეს ოპოზიცია პატარა-პატარა აქციებს არ აწყოს, ე.ი. ოპოზიციას არ უნდა, რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდეს, მაგრამ ამას დაიწყებენ აგვისტოს ბოლოდან, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა და დაიწყებს რეგიონებიდან, ყველაფერზე მოეკიდებიან ხელისუფლებას, შეიქმნება იმის წინაპირობა, თუ ხელისუფლება გააყალბებს არჩევნებს, ეს ისედაც აგრესიულად განწყობილი ხალხი გამოვა ქუჩაში. ბიძგია საჭიროა და ეს ბიძგი იქნება არჩევნების გაყალბება. ამ დროს მოუწევთ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, რაც იმის ნიშანი იქნება, რომ მიდიან ხელისუფლებიდან, თუ არ დაინიშნა რიგგარეშე არჩევნები და მოლაპარაკებაზე წავლენ, მიიღებენ კოალიციურ მთავრობას, რომლის დროსაც, შეიძლება ერთ ფლანგზე ვიხილოთ ქართული ოცნება და ბოკერია და გვეტყვიან, რომ სამშობლოს ასე სჭირდება. ამ შემთხვევაში, მაქსიმუმ ერთ წელიწადში მიიღებენ ნამდვილ, ჭეშმარიტ რევოლუციას, რადგან ამას ხალხი ვერ მოითმენს. გამოსვლებიც იქნება და დარბევებიც. ამ ხალხის გამჩერებელი, ვერც პოლიცია იქნება, ვერც ჯარი, წინაპირობა ვნახეთ 20 ივნისს, ვერ აკონტროლებდა პოლიცია, რა ექნა?… როგორც ამერიკაში მოხდა, რომ დაყარა პოლიციამ იარაღი და მოწმობა, აღარ მინდა ასეთი პოლიციელობა, რომელიც ჩემ ხალხს ურტყამსო – აქაც ეგ სცენარი იქნება. ის ტალღა, რომელიც ამერიკიდან მოდის და დღეს ევროპაშია, ხვალ იქნება საქართველოში და ზუსტად ეს „ხვალ“ ემთხვევა არჩევნებს.

თამო კეშელავა, ალია 

comments