თბილისის საქალაქო სასმართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი, დავით ცინარიძე, რომელიც ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ მას 30 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. მოსამართლემ განჩინება რამდენიმე დღის წინ გამოსცა.

“მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ბრალდების მხარე ითხოვდა პატიმრობაში დატოვებას, სასამართლომ არ გაიზიარა არგუმენტაცია… ეს რომ არ ყოფილიყო დავით ცინარიძე სისხლის სამართლის საქმეც არ აღიძრებოდა”, – უთხარა რადიო თავისუფლებას მისმა ადვოკატმა, კახა ხვისტანმა.

მისივე თქმით, ცინარიძეს მხოლოდ გირაო აქვს შეფარდებული და მასზე არანაირი აკრძალვა არ დაწესებულა. ადვოკატი არ ამბობს, დაბრუნდა თუ არა ცინარიძე სახლში, სადაც ის თავის ცოლთან ერთად ცხოვრობდა.

დავით ცინარიძე 28 აპრილს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დავით ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა. ცინარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარასა და ძალადობას გულისხმობს.

პატიმრობა ცინარიძეს 30 აპრილს შეეფარდა.

დავით ცინარიძე საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს (შემდგომ ის სხვა თანამდებობებს იკავებდა), რაც 2015 წელს ინტერნეტსივრცეში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვიდეო გაავრცელა, რომელიც, სავარაუდოდ, პატრულის ვიდეოკამერით არის გადაღებული. მასში ჩანს, თუ როგორ მოიხსენიებს მძღოლი უცენზურო სიტყვებით პატრულის თანამშრომელს, შემდეგ კი, მისივე სიტყვებით, თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსს, დავით ცინარიძეს, უკავშირდება, რის შემდეგაც მოქალაქეს პატრული ჯარიმის გამოუწერლად უშვებს. საპატრულო ეკიპაჟის მიერ გადაღებული კადრები ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელმა წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ წარუდგინა.

comments