ირაკლი კობახიძე საბოლოოდ დაღუპავს ბიძინა ივანიშვილს – ამ განცხადებას აკეთებენ კობახიძის საარჩევნო შტაბის ხემძღვანელად დანიშვნის კომენტირებისას უმრავლესობიდან წასული დეპუტატები. მათი თქმით, ივანიშვილს სხვა გზა უბრალოდ არ აქვს დარჩენილი.

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი რომან გოცირიძე მიიჩნევს, კობახიძე ბიძინა ივანიშვილის ბრძანებების უსიტყვო შემსრულებელია და სწორედ ამიტომ დაინიშნა ამ თანამდებობაზე.

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ოდნავ გაუწევს წინააღმდეგობას, ფაქტიურად წაშლილი არის მისი გულიდან და ბლოკნოტიდან, – ამბობს გოცირიძე. 

მისი თქმით, სანამ კოვიდ ვაქცინას არ გამოიგონებენ, ბიძინა ივანიშვილს ცოცხლად ვერავინ იხილავს.

“ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე ამტკიცებს, რომ  2020 წლის არჩევნები ისეთივე იქნება, როგორც წინა წლები, როდესაც შტაბის მუშაობაში აქტიურად იყო ჩართული ირაკლი კობახიძე.

ეს იქნება ძალადობის, ფეიქ ნიუსების, ტალახის სროლის, სიძულვილის ენის გამოყენების კამპანია იქნება, ყოველგვარი არგუმენტებისგან დაცლილი კამპანია, – ამბობს კაპანაძე. 

დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ ირაკლი კობახიძე არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია საზოგადოებას თავხედურად უთხრას სიცრუე და აქედან გამომდინარე, მას “ოცნების” ხელისუფლების არყოფნის შემთხვევაში ბევრი რამ აქვს დასაკარგი.

ის, რომ კობახიძე ივანიშვილს დიდ სამარეს უთხრის პოლიტიკურს, ეს ფაქტია, – აცხადებს იგი. 

კიდევ ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ამტკიცებს, რომ ირაკლი კობახიძემ პოლიტიკური პროცესი საერთოდ ვერ ისწავლა და მისგან პოლიტიკოსი ვერასდროს დადგება.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძე გუშინ “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომაზე აირჩიეს საარჩევნო შტაბის ხელმძვანელად. სხდომას ბიძინა ივანიშვილი ონლაინ რეჟიმში ესწრებოდა. თუმცა მთავრობის წევრები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო ღონისძიებებზე აქტიურად გამოჩნდება.

comments