გვესმის რომ შოუ-ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ზაფხულის სეზონი, მაგრამ აქ ჩვენ ვდგავართ რისკის წინაშე – შეგვიძლია ახლა განვაახლოთ შოუ-ბიზნესის საქმიანობა, მაგრამ საპირწონედ 2-3 კვირაში მივიღოთ სრულიად ჩაკეტილი ქვეყანა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

„აქ საპოვნელია ის ოქროს შუალედი, რითაც ჩვენ შევძლებთ არ დავაზიანოთ მოსახლეობის ჯანმრთელობა და ასევე ვიპოვოთ გამოსავალი ეკონომიკაში. ძალიან დაგვეხმარა ჩვენი მსახიობების კრეატიულობა, როდესაც მათ მოგვმართეს, რომ შეუძლიათ გარკვეული სპექტაკლები გამართონ ღია ცის ქვეშ და აქ ჩვენ გამოსავალი ვიპოვეთ. მათ შეუძლიათ რეპეტიციები დახურულ სივრცეში ჰქონდეთ, კონკრეტული მითითებების დაცვით და საპირწონედ, შეუძლიათ ღია სივრცეში ჰქონდეთ სპექტაკლები. ჩვენ ამ გახსნასაც დავაკვირდებით და იმის შედეგად თუ რა უკუპასუხი გვექნება ვირუსის გავრცელების კუთხით, მერე უკვე შეგვიძლია უფრო მეტად გავაფართოვოთ. ამ ეტაპისთვის ჩვენ თავს ვიკავებთ 200-კაციანი შეზღუდვის მოხსნისგან, რადგან ჯერ კიდევ გვაქვს ისეთი შემთხვევები, როდესც არ ვიცით სად არის ვირუსის გავრცელების კვალი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

comments