„ალია“ ესაუბრება, ენმ-ის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელს, „თავისუფალი ზონის“ წევრს, მარიამ ბაშარულს:

-მარიამ, უმეტესობა გიცნობს ბოლოდროინდელი აქტივობით, როცა „ერთად სახლში“ მოძრაობის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყავი და მიშა სააკაშვილისა და ემიგრანტების შეხვედრებს კურირებდი, თუმცა, როგორც ვიცი, ყველაზე აქტიური კითხვა – შენ ის გოგო არა ხარ, მიშასთან ერთად რომ ხარ ფოტოზე? – ხოდა, ის გოგო ხარ?

-შეიძლება ითქვას, რომ ეს ის გოგოა, კი… ცოტა უფრო მეტის იმედი მქონდა, სიმართლე რომ გითხრათ…  (იცინის)  ერთ სასიამოვნო ამბავს გავიხსენებ, ზუგდიდში ვიყავი არჩევნების პერიოდში, ზუგდიდის მაკდონალდსში, ქალბატონი შემხვდა და უცებ ჩამეხუტა, მარიამ, შენ ის არა ხარ, მიშასთან ფოტოთი და იმ შეხვედრების ორგანიზატორი? ძალიან მესიამოვნა, მით უმეტეს უცხო ქალაქში, არავის რომ არ იცნობ და იქ გცნობენ…

-რომელი წლიდან ხარ „თავისუფალი ზონის“ წევრი?

-„თავისუფალი ზონის“ წევრი ვარ 2012 წლიდან, ერთ-ერთი პირველი ოპოზიციური ორგანიზაცია იყო, რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში შეიქმნა კობა ხაბაზის დამსახურებით, მაშინ ყველას ეშინოდა ხმის ამოღება და ბრძოლის ეპოქა შევქმენით პირველებმა,  პირველები დავუპირისპირდით ივანიშვილის ხელისუფლებას, ძლიერი ახალგაზრდები გავერთიანდით და დღემდე ასე მოვდივართ. სპეციალურად ორგანიზაციაც კი შექმნეს ჩვენ წინააღმდეგ გამოსაყენებლად, ოფისში გვივარდებოდნენ, თავს გვესხმოდნენ… დღემდე ერთად ვართ, თუმცა, ნაწილი ემიგრაციაში წავიდა, ნაწილი ვმუშაობთ… აქვე ვიტყვი, რომ ოპოზიციურად განწყობილი ახალგაზრდებისთვის ძალიან ძნელია დღეს სამსახურის შოვნა, სამსახურის გარეშე კიდევ ვერ იარსებებ და შეიძლება იმდენად ვეღარ ვახერხებთ სამსახურთან ერთად აქტიურობას… მაგრამ, ყველა მნიშვნელოვანი პრობლემის გასაპროტესტებლად ისევ ისე პირველები ვართ და ისევ ისე ერთად.


-ვინ გაფინანსებთ?

-არა, ნამდვილად არ გვაქვს დაფინანსება და ეს გვეტყობა კიდეც… ორგანიზაციის წევრებს, რომლებსაც აფინანსებენ, სამსახურის საპოვნელად ბრძოლა არ უწევთ, ისედაც მიხვდებით…  საიტის მინიმალურ გადასახადს, 20 დოლარსაც თავად ვაგროვებთ…

-ახლა სად მუშაობ?

-კერძო კომპანიაში ვარ, თავს შევიკავებ გახმაურებისგან, რატომ აიყვანე სამსახურშიო, პრობლემები არ შეუქმნან, თუ მოუნდებათ, კი გაიგებენ, მაგრამ მაინც… ხშირი შემთხვევა იყო, როცა გასაუბრებაზე მივდიოდი, მეკითხებოდნენ ზუსტად ამ სიტყვებით – შენ ის გოგო არა ხარ იმ ფოტოზე? და ამით სრულდებოდა გასაუბრება. შეიძლება სულაც არ იყო ჩემი დასაქმების წინააღმდეგი, მაგრამ თავს იცავდა, თავის კომპანიას იცავდა, გაუგებრობა რომ აეცილებინა თავიდან. მართლა ძნელია ჩვენნაირი ახალგაზრდებისთვის სამსახურის შოვნა.

-როდის გაიცანი მიხეილ სააკაშვილი?

-სააკაშვილი პირველად ვნახე 2008 წელს ახლოდან, 2007 წლის ამბები უკვე მომხდარი იყო, მიშა რომ გადადგა და საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა, მაშინ ვიყავი 17 წლის და პირველი პოლიტიკური აქტივობა იყო მაშინ ჩემი, კარდაკარ დავდიოდი და ხალხს ვუმტკიცებდი, რომ მიშა იყო მაგარი და ისევ მიშასთვის უნდა მიგვეცა ხმა. მაშინ შევხვდი პირველად, რუსთავში იყო ჩამოსული, კითხვა-პასუხის რეჟიმი იყო… უნიჭიერესი ადამიანია,  ძალიან დადებითად განვეწყვე. აქციები იყო მაშინ ქვეყანაში და იმის ნაცვლად, რომ ენერვიულა, ჩვენ გვამშვიდებდა და დადებით ენერგიას გვაწვდიდა… ხშირად მართავდა ახალგაზრდებთან შეხვედრებს, პირადად ჩადიოდა რეგიონებში ან სტუმრად რეზიდენციაში იწვევდა…

მას შემდეგ 2012 წელს პრეზიდენეტის სასახლეში გვქონდა კიდევ შეხვედრა, უკვე წაგებული გვქონდა არჩევნები, თუმცა, შეხვედრები არ შეუწყვეტია… რუსთავიდან ვიყავით ჩამოსულნი, სხვა ქალაქების ახალგაზრდებსაც უმასპინძლა, თითქმის ყველა დღე მართავდა შეხვედრებს… მაშინ მიშამ გვაჩუქა თავის ვენახში დაწურული ღვინო, დღემდე მაქვს შენახული, მაშინ ვთქვი, რომ როცა მიშა დაბრუნდებოდა ხელისუფლებაში მაშინ გავხსნიდი ამ ღვინოს. შემდეგ უკვე ევროპაში, როცა ერთად სახლში ეგიდით გვქონდა შეხვედრები. მაშინ, სანამ ევროპაში წავიდოდით, სუს-მა დაგვიბარა და მე პირადად, იძულების წესით წამიყვანეს დაკითხვაზე – ეს იყო 2016 წლის წინასაარჩევნო პერიოდი. აინტერესებდათ, აქამდე თუ გვქონდა პირადი კონტაქტი მიშასთან და  ხომ არ ვაპირებდით სახელმწიფო გადატრიალებას – ასეთი ზღაპარი დადგეს, ხალხის ზემოქმედების, შეშინების კუთხით, ალბათ… ნახეთ, იმ ახალგაზრდებს ვიბარებთ, ვინც სააკაშვილის დაანონსებულ შეხვედრებზე მიდის – ეს უნდოდათ ეჩვენებინათ.

-პირადად შენ როგორ ფიქრობ, რა შეცდომები დაუშვა სააკაშვილმა?

-ვინც საქმეს არ აკეთებს შეცდომებსაც არ უშვებს, ახალგაზრდა გუნდი იყო და შეცდომებიც იქნებოდა, ფაქტია, მაგრამ ვერც იმას დავმალავთ, რომ იმ ცხრა წლის განმავლობაში ქვეყანა ფეხზე დადგა და მსოფლიომ დაგვინახა. ახლა შეცვლილია, თუ არა? კი შეცვლილი არის. იცი, რა არის, მე რომ მიშას ადგილზე ვიყო, ნაწყენი ვიქნებოდი ხალხზე, რომ ამდენის გაკეთება ვეცადე და რა მივიღე, ხო? – დევნილობაშია და იმ ქვეყანაში ვერ ჩამოდის, რომელიც ფეხზე  დააყენა. მიშა არ არის ნაწყენი, მიშა პირიქით, ისევ საქართველოზე და საქართველოს წარმატებაზე ფიქრობს…

-აქციების დარბევა, გახმაურებული საქმეები, ციხის კადრები, ადამიანთა უფლებების უხეში დარღვევები და სხვა ბევრი დანაშაული, ეს ის ფაქტებია, რომლებსაც განსაკუთრებულად ხშირად ახსენებენ „ნაციონალურ მოძრაობას“, ამაზე რას ფიქრობ?

-ციხის კადრებზე ჩემი დამოკიდებულება მაქვს, ვფიქრობ, რომ გამიზნულად იყო გაკეთებული იმ ადამიანების მიერ, ვინც დღეს ხელისუფლებაში არიან, მაქვს ვარაუდი, ამაში დიდი ფული აიღო ბედუკაძემ და სარფიანადაც გაყიდა, სახელმწიფო დაცვის დანიშვნით და ასე შემდეგ… აქციების დარბევაში კიდევ, რომელ აქციას გულისხმობ – „მოლოტოვის“ კოქტეილებით, „დუბინკებით“ და რკინის ხელკეტებით შეიარაღებული ხალხი რომ იყო გამოსული?

-მაშინ ასე გეტყვი – ასე ამბობს „ოცნების“ ხელისუფლება 20 ივნისის აქციის დარბევაზეც, რომ დესტრუქციული ძალა იყო გამოსული და სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა.

-20 ივნისის ღამეზე არც ერთი ადამიანი არ ყოფილა ხელკეტით შეიარაღებული და „მოლოტოვის კოქტეილზე“ საუბარიც ზედმეტია. პირველი აქცია „თავისუფალმა ზონამ“ გავმართეთ 19 ივნისს პრეზიდენტის რეზიდენციასთან  ათონელზე გავაპროტესტეთ რუსეთის დელეგაციის ჩამოსვლა… 20 ივნისს უცებ ძალიან ბევრი ხალხი მოგროვდა, როგორც კი გაჟღერდა რომ გავრილოვი იჯდა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე. მე იმ დღეს ცოტა გვიან გავიღვიძე, რუსთავში ვცხოვრობ და პირდაპირ წამოვედი. ჩემ მაგალითზე რომ ვთქვა, არავის დაურეკავს ჩემთვის, ვნახე, ავდექი და წამოვედი… რომ მივედი, უკვე ბევრი ხალხი იყო, ემატებოდა და ემატებოდა, ზოგი პარლამენტის წინ იყო, ზოგი უკანა შესასვლელთან, სტუდენტები, მოტოციკლისტები, მანქანების კლუბის წევრები, პენსიონრები, ყველა ასაკის და პროფესიის ხალხი იყო მოსული…

-„ოცნების“ მხარდამჭერები გეტყვიან, რომ თქვენ ფარები წაართვით პოლიციელებს, მათზე იძალადეთ და მათი განიარაღება სცადეთ.

-პოლიცია ფარებს გამიზნულად გვაძლევდა, რომ იქ გაჩერებულიყვნენ და გადასულიყვნენ განიარაღებულებში… წინ ვიდექი მეც და ვხედავდი, პოლიციელების უმეტესობა გამიზნულად გვაძლევდა ფარებს, როცა პოლიციელი აღჭუირვილობის გარეშე რჩება – ის ითვლება განიარაღებულად და ის უკვე აქციის ადგილას აღარ რჩება, ხელმძღვანელი პირი ვალდებულია, რომ გაიწვიოს. ამ პოლიციელებს უბრალოდ არ უნდოდათ იქ გაჩერება და ხალხის წინააღმდეგ წასვლა. თავადაც ხვდებოდნენ, რასთან ჰქონდათ საქმე…

-მას შემდეგ რაც ვანო მერაბიშვილი ციხიდან გამოვიდა, ამბობენ, რომ ძალოვანი სისტემის მოქმედ თანამშრომლებსაც კი ხვდება – რას ფიქრობ, როგორი როლი ექნება მერაბიშვილის 2020 არჩევნებში?

-ვანო მერაბიშვილს პირადად არ ვიცნობ, თუმცა აქციებში მიმიღია მონაწილეობა და პოლიციის სამმართველოების წინ ვწერდით – ეს ვანოს აშენებულია! ვანო აქტიურად არის ჩართული პროცესებში უკვე ენმ-ის ლიდერებთან ერთად მართავს შეხვედრებს…  მსმენია პოლიციელებთან შეხვედრაზე, ვიცი, რომ ბევრ ძალოვანს უყვარს და უყვარს იმ ყურადღებიდან გამომდინარე, რაც მერაბიშვილის დროს ჰქონდა პოლიციას. ძალოვნები მარტო ახლა კი არ ამბობენ ფეხზე ამდგარი ვანოს სადღეგრძელოს, როცა ციხიდან გამოვიდა –  ციხეში მჯდომსაც კი აფასებდნენ და უყვარდათ… მხოლოდ ახლა რომ გამოეჩინათ მის მიმართ პატივისცემა, რაც ციხიდან გამოვიდა, იფიქრებდი, რომ რაღაც სხვა მიზეზიც შეიძლება არსებობდეს, მაგრამ მთელი ეს დრო, რაც ციხეში იჯდა, უამრავი პოლიციელი სვამდა მის სადღეგრძელოს. დიდი ავტორიტეტით რომ სარგებლობს, ეს ფაქტია. რაც ციხიდან გამოვიდა აქტიურად მართავს შეხვედრებს, ძირითადად ახალციხის მიმართულებით, სამომავლოდ რა აქვს კონკრეტული დაგეგმილი, არ ვიცი.

-ოპოზიციის გაერთიანება მყარი გგონია? ბევრი საუბრობს უკვე, რომ მათი გაერთიანება მყიფეა და დაშლის პირასაა.

-არის მომენტი, როცა ერთად მოქმედებაა საჭირო, მაგრამ ძალიან ბევრს არ ვენდობი – მიშას ხმებით მოიპოვა ზოგმა მანდატი და მერე აღმოჩნდა, რომ მიშას ხსენება აღარ უნდოდა.

-„ევროპულ საქართველოს“ გულისხმობ?

-დიახ, რა თქმა უნდა… ჩვენი შრომით, ჩვენი ძალისხმევით მოტანილი არჩევნების შედეგებით მიიღეს მანდატები და ბოლოს აღმოჩნდა, რომ მიუღებელნი ვართ და კონკრეტული ადამიანების დაგმობა და გამიჯვნა დაიწყეს… გადაწყვეტილება მიიღეს, პოლიტ. საბჭოზე გაიტანეს და ხელი მოაწერეს იმას, რომ უნდა გავემიჯნეთ გარკვეული აქტივისტები, მათ შორის მეც, რადგან არ ვფიქრობდით იმას, რასაც ისინი ფიქრობდნენ… მაგალითად, წინააღმდეგნი ვიყავით, რომ შესულიყვნენ პარლამენტში, მოვუწოდებდით, რომ დაეთმოთ პარლამენტარის მანდატი და უარი ეთქვათ დეპუტატობაზე, რადგან ის არჩევნებიც მოპარული იყო. ამის ნაცვლად, გაემიჯნენ აქტივისტების განცხადებებს და პარტიიდან გარიცხვის საკითხი დააყენეს… თუმცა, საბედნიეროდ, ყველა არ ეთანხმებოდა და რა თქმა უნდა ვერავინაც ვერ გარიცხეს.

იყო ყრილობაზე საუბარიც, ჩვენ გვინდოდა დიდი ყრილობა, მათ უნდოდათ შიდა წრეში ჩატარება ყრილობის, ამხელა ოპოზიციური პარტია ხარ, რატომ უნდა გააკეთო შიდა წრეში ყრილობა – ახლაც არ გვესმის. შიდა წრეში შეიძლება გააკეთოს ყრილობა „ევროპულმა საქართველომ“ და არა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. მაგრამ, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები მიშას მხარდამჭერები არიან, მიშას მხარდამჭერები კიდევ ბოკერიას რად უნდოდა? იმ გადაწყეტილებას ხომ არ მიიღებდნენ რაც ბოკერიას უნდოდა? ამიტომ, აწყობდა, რაც ნაკლები ხალხი ეყოლებოდა ყრილობაზე  და რაც მეტად გამიზნულ აუდიტორიას მოიყვანდა, მით მეტად გაიტანდა თავის გეგმებს.

ჩვენი ოფისები იყო გვერდიგვერდ – „თავისუფალი ზონის“ და ენმ-ის, მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა „ევროპული საქართველო“, დაგვირეკეს ძალოვნებმა და უწყება უნდა გადმოეცათ, პარტიის ოფისში ვიყავით, ერთ-ერთმა ამჟამად „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, გამოგვიცხადა, რომ წავსულიყავით ჩვენ ოფისში და იქ აგვეღო ეს უწყებები და არა მათ ოფისში. ახლა დიდ გულზე არიან და მასე აღარ ფიქრობენ, თითს იქნევენ, ყველას დავიცავთო და მაშინ არ დაგვიცვეს! მაშინ დესტრუქციულ ძალად მოგვიხსენიებდა „ქართული ოცნება“ და კომენტარებში „ევროპული საქართველოს“ ამჟამინდელი წვერებიც ეთანხმებოდნენ, ყოველ შემთხვევაში არ უარყოფდნენ. რამდენიმე დღეში ბრიფინგზე კიდეც თქვეს რომ ტოვებდნენ „ნაციონალურ მოძრაობას.“

-გგონია, რომ ივანიშვილის ხელი და ფული ურევია, „ევროპული საქართველოს“ გამიჯვნაში?

-ვერ გამოვრიცხავ, ნამდვილად.

-ოპოზიციიდან კიდევ რომელ პირზე ან პარტიაზე ფიქრობ, რომ შეიძლება, ივანიშვილის პოზიციის გამტარებელი აღმოჩნდეს?

-ბევრი პარტიაა ასეთი, მაგალითად, ბურჯანაძე რომ ვნახე რუსთაველზე ხელიხელჩაკიდებული ოპოზიციასთან, შოკი მქონდა. პირდაპირ პუტინის გზავნილია ჩემთვის ეს ქალი საქართველოში და როგორ შეიძლება აპროტესტებდეს გავრილოვს? ბესელია ასევე, ბიძინას კადრია პირდაპირ… ნახეთ, არჩევნების შემდეგ ისევ ბიძინას ჯიბეში აღმოჩნდება ბევრი პარტია და ბევრი პოლიტიკოსი. არჩევნების შემდგომი პირველივე პერიოდი იქნება ლუსტრაცია და გამოჩნდება, რეალურად ვინ ვინ არის.

-ჩემოდანს ვალაგებ და მოვდივარ, გვირაბს ვთხრი და მოვდივარ – ბევრი ამბობს და მეც ვეთანხმები, რომ ამ განცხადებებით, სააკაშვილი ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს…

-აი, ეს არის რაშიც თანხმდება ბიძინა და „ევროპული საქართველო“, ცდილობენ, რომ მიშა ხალხს ბუად დაანახონ, ბიძინას მიზნები გასაგებია, მაგრამ „ევროპული საქართველოს“ მიზნებს ვერ ვხვდები, ახლა გახდა მიშა ბუა? 2016 წლამდე არ იყო მიშა ბუა, როცა მიშას ხატს ფიცულობდნენ? რა შეიცვალა 2016 წლის შემდეგ?

-რა შეიცვალა?

-დაშვება რომ გავაკეთოთ, რომ დაფინანსება აღარ იყო, მიშა იმიტომ გახდა ბუა, რომ ფინანსურად აღარ ეხმარებოდა? და ვინც დაეხმარება ფინანსურად იმისკენ გადანაცვლდნენ? რა გამოდის მაშინ, მკითხველმა განსაჯოს. რაც შეეხება მიშას ჩამოსვლა, მიშას ჩამოსვლა ბევრ რამეს შეცვლის – „ევროპული საქართველო“ სულ დაიკარგება, არავის აღარ ეხსომება ვინ იყო ბოკერია, ან ვინ არის.

მაღალმთიან სოფლებში, სადაც ინფორმაციის ნაკლებობაა, დღესაც ბევრს ჰგონია, რომ მიშა და „ევროპული საქართველო“ ერთი და იგივეა, არჩევნებზე ბევრი იბნევა და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელს იმიტომ აძლევენ ხმას, რომ მის უკანაც მიშა ჰგონიათ. მიშას ჩამოსვლით ღიად იქნება ყველასთვის ცნობილი, რომ ეს ორი ძალა ერთი და იგივე აღარ არის…

-პირადად შენ როგორ გგონია, მიშას ჩამოსვლით კიდევ რა შეიცვლება, გარდა იმისა, რომ მის ნაჩუქარ ღვინოს გახსნი და დალევ?

-იმედები დიდი მაქვს… კორონას პანდემიისას გეგმა ჰქონდს, არაერთი მილიონის მოძიება შეეძლო და ამ ფულით ემიგრანტების ჩამოყვანას სთავაზობდა ხელისუფლებას, რაზეც უარი მიიღო. აქვს რესურსი და კონტაქტები მიშას, ამის არ აღიარება დანაშაული იქნება. გახარიამ კი თქვა სიტყვიერად, რაში სჭირდება ჩვენი თანხმობა ჩამოაფრინოს ემიგრანტებიო, მაგრამ როგორც წარმოგიდგენიათ, საგანგებო მდგომარეობის დროს, სახელმწიფოს ნებართვის გარეშე წარმოებული ფრენები?

მიშას ადამიანების დარწმუნების ნიჭი აქვს და ხშირად იხსენებენ ისტორიას, როცა ბათუმს აშენებდა, არაბმა შეიხებმა ჰკითხეს, რა უნდოდა საჩუქრად და მიშამ პალმები ჩამოატანინა ბათუმისთვის – არაბი შეიხები მერე ხუმრობენ, მსოფლიოს ჩვენ ვატყუებთ, რომ ჩვენთან ჩამოვიყვანოთ და ფული ჩავადებინოთ ბიზნესში და მიშამ ჩვენ მოგვატყუა, ჩამოგვიყვანა ბათუმში და გაგვაკეთებინა რაღაცებიო. აქვს ამის შარმი, შეუძლია უცხოელ ბიზნესმენებთან კონტაქტი და ამ ყველაფერს აკეთებს პირადად, არ გაუშვებდა ნათია თურნავას მსგავსებს მოლაპარაკებებზე, რა თქმა უნდა…

-რას ელოდები ამ არჩევნებიდან? მიშას ახსენებ ყველაზე ხშირად და თქვენმა ამომრჩეველმა ვის უნდა მისცეს რეალურად ხმა, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ლიდერებს თუ მიშა სააკაშვილს?

-მე ნაციონალურ მოძრაობაში მიშას გამო მოვედი… ლიდერები გვყავს და საკმაოდ კარგი, მაგრამ ჩემთვის პირველ რიგში მიშაა და მერე ყველა სხვა დანარჩენი…

ხალხი დაიღალა და იმედგაცრუებულია, ისეთი ხალხიც კი, ვინც ზუსტად ვიცი, რომ 2012 წელს „ქართული ოცნება“ შემოხაზა, ისინიც კი უარყოფენ და ამბობენ, 2012-შიც არ მიმიცია ხმა და ახლა რაღას მივცემო… არადა, ზუსტად ვიცი, რომ მისცეს 2012-ში ხმა ივანიშვილს, მაგრამ უკვე რცხვენიათ იმ გადაწყვეტილების, რაც 2012 წელს მიიღეს…

ვნახოთ, გაყალბება რომ ამ ხელისუფლების მოგონილია, ვიცი. მთავარია, ჩვენ შევძლოთ ჩვენი ხმების დაცვა, თორემ მოგებაში ნამდვილად არ მეპარება ეჭვი.. თუ ისევ მოხდა გაყალბება, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ოპოზიციამ, თუ მართლა გაერთიანებული ოპოზიცია ჰქვია, უნდა გააპროტესტოს, ხმა ამოიღოს და არ უნდა შევიდეს პარლამენტში. ხალხის ხმაზე როცა პასუხისმგებელი ხარ, ამომრჩევლების ხმები უნდა დაიცვა, რა თქმა უნდა, კანონიერად… აუცილებლად უნდა ჩამოვიდეს სააკაშვილი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სააკაშვილს შეეძლოს ამ ქვეყანაში ჩამოსვლა და პოლიტიკური კარიერის აწყობა…

-დავუშვათ, ასეც მოხდა, შეძლებენ ივანიშვილი და სააკაშვილი ერთ ქვეყანაში ცხოვრებას?

-არჩევნებს როდესაც წააგებს „ქართული ოცნება“, დარწმუნებული ვარ, მეორე დღესვე გაიქცევა ივანიშვილი…

თამო კეშელავა, ალია

comments