საქართველოს პროკურატურამ შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების ადვოკატებს გაუთქმელობაზე მოაწერინა ხელი. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ისინი საქმის მასალებს გამოძიებას მიაწვდიან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. „გამოძიების საწყის ეტაპზე, სატელევიზიო სივრცეში, ბეჭდურ მედიასა თუ სოციალურ ქსელებში დაფიქსირდა სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოქვეყნების ფაქტები, ხშირი იყო გასაჯაროებული მასალების არარელევანტური ინტერპრეტაციები, რაც დანაშაულის სიმძიმისა და ხასიათის გათვალისწინებით, უარყოფით გავლენას ახდენდა შემდგომში ჩასატარებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების შედეგებზე, ვინაიდან დასაკითხმა პირებმა დაკითხვამდე წინასწარ იცოდნენ გამოძიების ვერსიები, სტრატეგია და მოსალოდნელი მოქმედებები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქმის მასალების საჯარო განხილვები და არასწორი, ხშირ შემთხვევაში ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, შეფასებები და დასკვნები, იწვევს დაზარალებულთა ხელახალ ვიქტიმიზაციას, აგრეთვე აზიანებს გამოძიებაში მონაწილე ფიგურანტი არასრულწლოვანი პირების საუკეთესო ინტერესების დაცვას”, – ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.

ერთ-ერთი ბრალდებულის, მორაგბე არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ გაუთქმელობის ხელწერილს ხელი არ მოაწერა. როგორც მან რადიო თავისუფლებას უთხრა, იმ შემთხვევაში თუ გაუთქმელობას დათანხმდებოდა, საზოგადოება ვერ გაიგებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაული არ ჩაუდენია. ადვოკატის თქმით, პროკურატურას ამ დრომდე არ წარმოუდგენია ახალი მტკიცებულებები.

„ჩვენ წინააღმდეგი ვიყავით, რომ, მაშინ, როდესაც ახალი არაფერი წარმოუდგენიათ, ხელი მოგვეწერინონ და ხმა აღარ ამოვიღოთ. საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც მიუთითებს, რომ ახალი გარემოებაა. ეს არის ჩვენი არგუმენტაცია. ოთხი ტომი არის საქმის ახალი მასალები, რაშიც ახალი არაფერია. გაუთქმელობაზე ხელის მოწერის მოტივად კი ასახელებენ იმას, რომ არასრულწლოვნების ინტერესების დაცვა უნდათ. შე დალოცვილო, ორი თვე არ გინდოდა არასრულწლოვნების ინტერესების დაცვა და ახლა გაგახსენდა?!“ – მიმართავს პროკურატურას კობაიძე და ამატებს, – „ჩვენ მედიას თამამად ხო უნდა ველაპარაკოთ, რომ ეს პირი ამბობს ამას… დაგილაგოთ სქემატურად, რა არის საქმეში და რა არა. ამაზე, რომ მე არ გესაუბროთ, ამიტომ ცდილობენ, რომ ხელი მოვაწეროთ“.

შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას უფლება მას ხელი არ მოეწერა გაუთქმელობაზე, კობაიძემ გვპასუხობს: „მე რაც გავაკეთე, საერთოდ მასალები არ ჩავიბარე“. როგორც ადვოკატი ამბობს, საქმის არსში გასარკვევად, აქამდე არსებული მასალებიც საკმარისია.

11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე 5 პირს ბრალი დაუმძიმა. ბრალდება მათ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით წარედგინათ. ბრალდებულებს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ადვოკატების თანახმად, შაქარაშვილის მკვლელობაზე ბრალდებული პირები ბრალს არ აღიარებენ.

გიორგი შაქარაშვილი 18 ივნისს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე დაბადების დღის წვეულებაზე იმყოფებოდა. მისი გაუჩინარების შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, დილით შეატყობინა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. მათგან 6 არასრულწლოვნის საქმე ცალკეა გამოყოფილი, რადგან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი პროცესების დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვს, დანარჩენი 11 პირის ბრალეულობას კი სასამართლო ცალკე პროცესზე განიხილავს.

comments