ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დააკავეს 3 პირი, რომლებმაც ბანკიდან მოტყუებით 193 000 ლარი გაიტანეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა ფიზიკური პირების პირადობის მოწმობების ასლების საშუალებით ბანკიდან აღნიშნული თანხის მოცულობის სესხები აიღეს.

გამოძიების თანახმად, ერთ-ერთი ბრალდებული, ბანკში მიკროსაკრედიტო ექსპერტად მუშაობდა და პოტენციური მსესხებლის იდენტიფიცირება და ბიზნესკრედიტის განაცხადების განხილვა ევალებოდა. იგი დანაშაულებრივ ქმედებაში თანამონაწილე პირების მიერ მიწოდებული ფიზიკური პირების დემოგრაფიულ მონაცემებზე დაყრდნობით საბანკო პროგრამაში ფიქტიურ განაცხადებს არეგისტრირებდა და უთითებდა ამ პირების გამოგონილ ბიზნესსაქმიანობას, რითიც ადასტურებდა კლიენტის კომერციულ საქმიანობას.

„აღნიშნული დანაშაულებრივი გზით, ბრალდებულების მიერ ბანკიდან მოტყუებით მიღებული და დაუფლებული იქნა 193 300 ლარი“, – აღნიშნავენ უწყებაში.

გამოძიება საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

რადიო თავისუფლება

comments