18 ივლისს მესტიიდან დაკარგულ 13 წლის ილია ფილფანს უშედეგოდ ეძებენ. მშობლები მისი პოვნის იმედს ამ დრომდე არ კარგავენ.

მესტიის მერიის წარმომადგენელი მურთაზ გულედანის თქმით, ორი ვერსია არსებობს მოზარდის გაუჩინარების – ერთი ვერსიით, მოზარდი მესტია-ჭალას მონაკვეთზე მდინარემ გაიტაცა, მეორე ვერსიით კი ის ტყეში დაიკარგა და რომელიმე ცხოველის მსხვერპლი გახდა.

„თითქმის ერთი თვეა ბავშვს უწყვეტ რეჟიმში ვეძებთ. ყველა სახელმწიფო უწყება ჩართულია და მოხალისეთა ჯგუფებიც გვემატება. მოზარდის კვალი კი არ ჩანს არსად. ოჯახი იმედს არ კარგავს და აცხადებს, რომ გამოჩნდება.

ამ დროისათვის გაუჩინარების ყველა ვერსიას განვიხილავთ, მათ შორის მდინარეში გადავარდნას და ტყეში დაკარგვის ვერსიას. თუმცა, ბოლო ერთი წელია სოფელში მხეცებს პირუტყვიც არ გაუტაცებიათ, არც ადამიანის შემთხვევა გვქონია, მაგრამ ბავშვი სად წავიდა არ ვიცით. იქნებ ტყის მიმართულებით არის წასული და გზა აებნა.

რაც შეეხება მდინარეში გადავარდნის ვერსიას, სანაპირო პირადად მაქვს დათვალიერებული რამდენჯერმე და გარწმუნებთ, იქ იმდენი ციცაბო ადგილია, სადაც თავისუფლად შეიძლება გადავარდნა. თუ საბანაოდ შევიდა, ველოსიპედს ნაპირზე ხომ დატოვებდა? არც ველოსიპედი ჩანს. ესე იგი ველოსიპედიანად გადავარდა. მაინც არ ვკარგავთ პოვნის იმედს“

შეგახსენებთ, რომ 13 წლის ილიას უკვე თითქმის ერთი თვეა უშედეგოდ ეძებენ, პირველივე დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიჭის ველოსიპედის კვალი მდინარიდან 50 მეტრის მანძილზე წყდება. რატომ ქრება კვალი და როგორ გააგრძელა აქედან 13 წლის ბიჭმა გზა, ეს ამ დრომდე უცნობია.

ალია

comments