2020-2021 სასწავლო წელის დაწყებამდე 6 დღეა დარჩენილი. როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე აღნიშნავს, 15 სექტემბრამდე ყველა სკოლა აღჭურვილი იქნება სადეზინფექციო საშუალებებით.აღსანიშნავია ისიც, რომ სამინისტროში სანიტარია-ჰიგიენის მიმართულება შეიქმნა, რომელიც აქამდე განათლების სისტემაში არ არსებობდა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული მოსწავლის ჯანმრთელობა, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების ფარგლებში განათლების სამინისტრომ იმუშავა, რომ ყველა სკოლა იყოს აღჭურვილი სადეზინფექციო საშუალებებით. სკოლას ექნება პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები, დეზობარიერი თავის ხსნარით, თერმოსკრინინგის აპარატები და ა.შ. ყველაფერი ეს სკოლას უსასყიდლოდ გადაეცემა.

ასევე ვმუშაობთ სანიტარია-ჰიგიენის მიმართულებით, აქამდე არ არსებობდა კონკრეტული მიმართულება განათლების სისტემაში. შეიქმნა გარკვეული პროექტი და ამ პროექტის ფარგლებში ვმუშაობთ გარკვეულ სტანდარტებზე.გარდა ამისა რეკომენდაციების ფარგლებში, წელს ყველა სკოლა იქნება აღჭურვილი ხელსახოცებით, ხელის დასაბანი საშუალებებით და ა.შ. დალაგება- დასუფთავების მიმართულების სტანდარტზე ვმუშაობთ და მაქსიმალურად ვცდილობთ სკოლა მომზადებული დახვდეს ახალ სასწავლო წელს“, – ამბობს ეკატერინე დგებუაძე.

როგორც მინისტრის მოადგილე აცხადებს, მართალია მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო არ არის, თუმცა თუ მათ ამის სურვილი ექნებათ, რა თქმა უნდა შეეძლებათ პირბადე ატარონ. ამასთან, დგებუაძე აღნიშნავს, რომ მოსწავლეებმა უნდა დაიცვან რეკომენდაციები, მათ შორის დისტანციის დაცვა, როგორც კლასებში ასევე დასვენების პერიოდში.

„ამ დოკუმენტში განსაზღვრულია, რომ სკოლაში სავალდებულოდ უნდა ეკეთოს პირბადე მასწავლებლებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ტექნიკურ პერსონალს. მოსწავლეების შემთხვევაში სავალდებულო რეკომენდაცია არ არის, მაგრამ თუ მოსწავლეს აქვს სურვილი, პირბადე ატაროს სასწავლო პროცესის დროს ეს მისაღებია და არავინ არ დაუშლის.

აქ არის საუბარი იმაზე, რომ პირბადის ტარების წესის დაცვის მიმართებაში შეიძლება იყოს გარკვეული გამოწვევები მოსწავლეებში, ამიტომ თუ ჩვენ დავიცავთ დისტანციას საკლასო ოთახებში და სკოლებშიც მაქსიმალურად ეცდებიან შესვენებაზეც და მოხდება დასვენებაზე დისტანციის კონტროლი, ჩვენ მაქსიმალურად ავირიდებთ საფრთხეებს“, – განაცხადა ეკა დგებუაძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მშობლების სკოლაში შესვლა რეკომენდირებული არ არის, საჭიროების შემთხვევაში მათ ამის უფლება მიეცემათ.

„სკოლის შენობაში მშობლების შესვლა, აქამდეც არ იყო დაშვებული, თუმცა რეგულაციაში ესეც წერია, რომ მაქსიმალურად შევიკავოთ თავი, რომ უცხო პირები შევიდნენ სკოლაში, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მშობელი იქნება თუ სხვა უცხო პირი, შევიდეს სკოლაში დაელაპარაკოს მასწავლებელს თუ ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.“, – ამბობს მინისტრის მოადგილე.

comments