დავით სერგეენკოს მინისტრობისას, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ხარვეზებით სავსე რომ იყო, ეს უკვე ცნობილი ამბავია. ამ პროგრამის, ჯანდაცვის სისტემის მაღალჩინოსანთა შეცდომებისა და სავარაუდო დანაშაულების ბიუჯეტიდან მილიარდების არამიზნობრივად ხარჯვის, გაფლანგვის, კლინიკების მესვეურთა მოუთოკავი მადისა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ, „ალიას“ ჯანდაცვის სისტემის ჩინოვნიკი ესაუბრება, რომელმაც გასაგები მიზეზების გამო, ინკოგნიტოდ დარჩენა ამჯობინა.

– მე დიდი ხანია ამ სისტემაში ვმუშაობ და საკმაოდ ღრმად ვარ ჩახედული სამედიცინო სფეროს ავ–კარგიანობაში. „ქართული ოცნება“ როდესაც ხელისუფლებაში მოდიოდა, ამ პარტიის პროგრამაში რაც  ჩადებული იყო, არ გაკეთდა. ცხადია, ეს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით სერგეენკოს ბრალია. პროგრამაში მთელი პრინციპები იყო ჩადებული და მისი არსი იმაში მდგომარეობდა,რომ  უნდა შექმნილიყო სახელმწიფო სადაზღვევო კომპანია, რომელშიც აკუმულირდებოდა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა. ეს სახელმწიფო კომპანია, ნოზოლოგიების,  მისივე განფასებით მოახდენდა კლინიკებთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებას კერძო სადაზღვევო კომპანიების გვერდის ავლით.
სამინისტროს საკუთარი სამედიცინო დაწესებულებების ქსელი აღარ ჰქონდა და ყველაფერი გაყიდული იყო, მათ შორის, პირველადი  ჯანდაცვის ობიექტების ნაწილიც. იყო აბსოლუტურად მახინჯი  მონოპოლიური სისტემა, ერთ ხელში მოქცეული სადაზღვევო კომპანია, ფარმაცევტული კომპანია, საავადმყოფო. ეს სისტემა კიდევ უფრო დამახინჯდა, როდესაც სამედიცინო სფეროში შემოვიდნენ ბანკები. „საქართველოს ბანკის“ კომპანია „ევექსი“ ფლობს საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების ქსელის 40–დან 60 პროცენტამდე–კლინიკები, პოლიკლინიკები, ბავშვთა კლინიკები, დიაგნოსტიკური ცენტრები. ამ ბანკს ეკუთვნის სადაზღვევო კომპანია „იმედი ელი”. ცხადია, მარტო „საქართველოს ბანკზე“ არ არის საუბარი, სადაზღვევო კომპანიები ეკუთვნით „თი–ბი–სი“ ბანკს და სხვა ბანკებს. შეგახსენებთ, რომ  12–მა  სადაზღვევო კომპანიამ საბანკო სექტორის ექსპანსიის შესაჩერებლად,  მთავრობას მიმართა. მათი თქმით, დამოუკიდებელ სადაზღვევო კომპანიებს ეზღუდებათ ბაზარზე წვდომა და ბანკების ხელში არსებული რესურსების უკონტროლოდ გამოყენების პირობებში, თავისუფალი მოთამაშეებისთვის ადგილი აღარ რჩება. ამასთან, სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, ბანკების კონტროლის ქვეშ არსებულ სადაზღვევო კომპანიებს ჯამურად სექტორის მოგების 80%-90% მიაქვთ.  მოკლედ, თითქმის  ყველაფერი გაყიდული იყო  „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს, რაც დარჩა, მერე ისიც გაიყიდა ამ ხელისუფლების პირობებში. ამ ობიექტების უმეტესობა, მონოპოლისტურმა კომპანიებმა ჩაიგდეს ხელთ, ზოგიერთი მათგანი, სიმბოლურ ფასად. ეს იყო დანაშული. სახელმწიფოს არ უნდა გაეყიდა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები,  რაც სჭირდებოდა. პირველადი ჯანდაცვის ობიექტები,  უნდა დაეტოვებინა, მინიმუმ, განსაზღვრულ ეტაპზე სახელმწიფოს საკუთრებაში. სხვაგვარად, სრულფასოვან და ეფექტურ ჯანდაცვის პოლიტიკას ვერ გაატარებდა. აქედან გამომდინარე, უნდა ყოფილიყო მკაცრი რეგულაციები. ეს თანხები, რომლებიც შეგროვდებოდა სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიაში, კლინიკებთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე უნდა გადანაწილებულიყო შესრულებული სამუშაოების შესაბამისად.ეს არ გაკეთდა, ნოზოლოგია, კონკრეტული დაავადებების გაფასება–თვითღირებულება არ გაკეთდა. დავუშვათ, რა ღირს დაახლოებით აპენდიციტის ოპერაცია.  ყველა კლინიკას ერთ ფასად ვერ შეუფასებდი აპენდიციტის ოპერაციას, მაგრამ შეიძლებოდა ზედა ზღვარის დადგენა. ასევე, სახელმწიფოს უნდა მოეხდინა კლინიკების  სელექცია. ხელშეკრულებები უნდა გაეფორმებინა მათთვის, ვინც საუკეთესო პირობებს შესთავაზებდა. ლიცენზია მხოლოდ ამ კლინიკებისთვის უნდა მიეცა და საბიუჯეტო ფულით მკურნალობა ხალხს იქ უნდა შესძლებოდა. ყოფილიყვნენ სხვა კლინიკებიც, იმათაც ემუშავათ და მოეზიდათ კლიენტურა, მაგრამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ყველა არ უნდა ყოფილიყო ჩართული. დავუშვათ, თბილისში გვჭირდება 4 000 საწოლი, მთელი საქართველოს მასშტაბით,  10 000 საწოლი. შეარჩევდი 10 000 საწოლს საუკეთესო კლინიკებში და არა ისე, რომ 15 000 საწოლზე თუ მეტზე დახარჯა  უზარმაზარი თანხები. თან ისეთ კლინიკებს გადაუხადეს ფული, ჩართეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, რომლებიც ვერ დაიკვეხნიდნენ ვერც  კადრების მაღალი კვალიფიკაციით, ვერც დიაგნოსტიკური საშუალებებით, ვერც სხვა სახის სამედიცინო აღჭურვილობით და  ნორმალური შენობებით.

– „ალია“ ბევრს წერდა, რომ წვიმის დროს წყალი რომ ჩადიოდა კლინიკებში და საშინელი ანტისანიტარია იყო, ისეთი კლინიკები და პირველადი ჯანდაცვის ობიექტები  იყვნენ ჩართულნი პროგრამაში.

– კი, ბატონო, სამწუხაროდ ასე იყო. რაც პროგრამაში იყო ჩადებული, ისე არ გაკეთდა.  პირველ ეტაპზე, პირველი 2 წელიწადი,  სახელმწიფო კერძო სადაზღვევო კომპანიებს უხდიდა თანხებს, რომლებიც მერე კლინიკებს ურიცხავდნენ. სადაზღვევო კომპანიები იყვნენ სამინისტროსა და კლინიკებს შორის შუამავლები  და საკმაოდ სოლიდური თანხები რჩებოდათ. რაში სჭირდება სახელმწიფოს   შუამავალი  კლინიკებთან? პირდაპირ ვერ  გაუფორმებს ხელშეკრულებას?  წყალშია გადაყრილი ის თანხა, რაც სადაზღვევოებს რჩებოდათ. ეს არის სახელმწიფოსგან მათთვის ნაჩუქარი ფული. თანაც, ამ კლინიკების უმეტესობა,  თავად სადაზღვევო კომპანიებს ეკუთვნოდათ და დღესაც ეკუთვნით. ცხადია, პაციენტს სადაზღვევო კომპანია იმ კლინიკებში გაუშვებდა, რომელიც მათ ეკუთვნოდათ. ორმაგ მოგებაზე მუშაობდნენ ბიუჯეტის ხარჯზე – ცალკე სადაზღვევო კომპანია შოულობდა ფულს და ცალკე – მათი კლინიკები. ამას დაამატეთ ფარმაცევტული ბიზნესი, რომლებიც ამ კომპანიებს აქვთ. ერთ ხელშია მოქცეული სადაზღვევო კომპანია, კლინიკა და მედიკამენტები და ცხადია, პაციენტებს საკუთარი მედიკამენტებით მკურნალობდნენ, რის ფულსაც სახელმწიფო იხდიდა. მერე მიხვდნენ. რომ  ეს იყო ბიუჯეტის ფულის ფლანგვა და შეწყვიტეს სადაზღვევოებთან ეს მანკიერი ურთიერთობა, ადგნენ და  პირდაპირ კლინიკებს გაუფორმეს ხელშეკრულება. ახლა ვნახოთ, რა მოხდა ამის შემდეგ. ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა მონაცემები, რომ 7 წლის განმავლობაში, სახელმწიფომ კლინიკებს გადაუხადა 4 მილიარდ 500 მილიონი ლარი. აქედან სუფთა მოგება, მათივე მონაცემებით, 1 მილიარდ 300 მილიონი ლარი გახლავთ, ანუ 25%.  ეს არის წარმოუდგენელი რამ. მსოფლიოში არ  არსებობს, რომ სამედიცინო ბიზნესიდან წლიური მოგება 25%–ს შეადგენდეს. უცხოეთში 4–5%  გახლავთ მოგება სამედიცინო ბიზნესიდან, მაქსიმუმ, 7%. იქ დიდი წილი უკავია არამომგებიან სექტორს და სახელმწიფო სექტორს. მაგალითად, ამერიკაში 20–25 პროცენტია კერძო სექტორი, დანარჩენი არამომგებიანი და  სახელმწიფო სექტორია. ფარმაცევტულ ბიზნესს თუ არ ჩავთვლით, უცხოეთში სამედიცინო ბიზნესს დიდად არ ეტანებიან, რადგან სწრაფი და დიდი ფული ამ სფეროში არ იშოვნება.

– კი, ასეა და ამასთან, მეტად რისკიანი სფეროა. უცხოეთის განვითარებულ ქვეყნებში, სადაზღვევო კომპანიების პორტფელში, მედიცინის წილი, მაქსიმუმ  10–15 პროცენტი შეიძლება იყოს, ჩვენთან კი 80–90 პროცენტის ფარგლებშია.
– ამხელა, 1.3 მილიარდიანი მოგება რომ ნახეს ჩვენმა კლინიკებმა, ეს თანხა, ლოგიკურად, მათ განვითარებას ხომ უნდა მოხმარებოდა? თავად კლინიკები კიდევ უფრო უნდა კეთილმოეწყოთ, ახალი  და უფრო თანამედროვე აპარატურა შეეძინათ, მოეზიდათ უფრო კვალიფიციური კადრები  და არსებული კადრები უცხოეთის კლინიკებში გაეშვათ გადასამზადებლად, სამედიცინო პერსონალისთვის, ყველა დონეზე, გაეზარდათ ხელფასები. აქედან რაიმე გაკეთდა?

– რაც თქვენ ჩამოთვალეთ, კლინიკების ხარისხი, აღჭურვილობა  შეიცვალა უკეთესობისკენ. თუმცა, ეს მოგება, ხელფასები რომ გადაიხადეს, ყველა დავალიანება რომ გაისტუმრეს, ამის შემდეგ დარჩათ. ეს ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებია. ასევე, სამედიცინო სფეროში  არის მაღალი ხელფასები. თუმცა, არის დაწესებულებები, სადაც უზარმაზარი პროცენტი ამ შემოსავლისა ხელფასებში წავიდა.  40, 50 და 60 პროცენტიც კი. 25–30%  ნოზოლოგიიდან რომ დაარიგო ხელფასებში, ეს არის მაქსიმუმი. ამის კონტროლი არ ყოფილა . 4.5 მილიარდი წავიდა კლინიკებიდან ბიუჯეტში. დავით სერგეენკოს დროს  ამ მახინჯმა პოლიტიკამ ის მოიტანა, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები აღარ ყოფნიდა ჯანდაცვის სამინისტროს, ყოველწიურად ჰქონდა დიდი გარღვევები, ერთ  წელს 100 მილიონი იყო გარღვევა. შემდეგ მოხდა ისე, რომ პრობლემები იყო  სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში და  დააკავეს ამ სააგენტოს უფროსი, გია თვალავაძე, მისი მოადგილე და კიდევ 4 პირი, სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე.  ამის  შემდეგ, რამდენიმე თვეში  გადადგა დავით სერგეენკო. ეტყობა, ურჩიეს, რომ წასულიყო და წავიდა. მერე მოიყვანეს ეს ქალბატონი, ეკატერინე ტიკარაძე. მისი მინისტრობა დაახლოებით იგივეა, მე რომ დამნიშნონ ენერგეტიკის მინისტრად. სერგეენკოს წასვლის მერეც,  საყოველთაო დაზღვევის გამო, მას ვერ შეეხნენ, რადგან რეიტინგული ფიგურა იყო,  საუკეთესო მინისტრად მიიჩნეოდა და პოპულარული იყო საზოგადოებაში. არ უნდა მოკითხონ, იმ მილიარდებს რატომ ურიცხავდა, ჯერ 2 წელი სადაზღვევო კომპანიების გავლით კლინიკებს და მერე, პირდაპირი ხელშეკრულებების საფუძველზე? ჰკითხე მაინც,  ეს შეცდომით  და უცოდინრობით მოსდიოდა, შეგნებულად აკეთებდა თუ  აქედან რაიმე სარგებელი ჰქონდა? ამიტომ, სერგეენკო ჩამოაცილეს სისტემას, მოიყვანეს ქალბატონი ტიკარაძე, რომელმაც მოსვლისთანავე გამოსცა ცნობილი 520–ე ბრძანებულება. ამ ბრძანებულების თანახმად, სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო გაფასება, კლინიკებისთვის მკურნალობისა და სამედიცინო სერვისების ფასების დადგენა, რაც უნდა გაკეთებულიყო ამ ხელისუფლების მოსვლისთანავე. ახლა რა  მოხდა? კლინიკები წლების განმავლობაში იღებდნენ უზარმაზარ თანხებს ბიუჯეტიდან. ამის წყალობით ექიმებს ჰქონდათ საკმაოდ მაღალი ხელფასი,  თუმცა, ექიმებთან შედარებით, საშუალო და დაბალ სამედიცინო პერსონალს ჰქონდა დაბალი ხელფასი, ექთნებს, სანიტრებს, ლაბორანტებს და ა.შ. ექიმს თუ ჰქონდა, დავუშვათ, 3 000 ლარი, ექთანს 300–500 ლარის ფარგლებში უხდიდნენ. კლინიკებისთვის ეს ახალი მიდგომა,  სახელმწიფოს მიერ ნოზოლოგიების  რეალურად გაფასება, აღმოჩნდა დიდი დარტყმა.  შეუმცირდათ შემოსავლები. თავი იმით დაიზღვიეს, რომ გადაწყვიტეს, ხელფასები შეუმცირონ თანამშრომლებს. მოგებას კი არ იმცირებენ კლინიკების მეპატრონეები, საკუთარ ჯიბეს კი არ შეეხნენ, დარტყმა მიმართეს  პერსონალისკენ. ამან გამოიწვია უკმაყოფილება პერსონალში. კლინიკების მესვეურნი აცხადებენ, რაც ვქნათ ჩვენ ახლა, განვითარების საშუალება მოგვესპო, აღარ გვაქვს ის, ძველი და  მაღალი შემოსავლები და ვეღარ განვითარდებით, ახალ ტექნოლოგიებს ვერ დავნერგავთ, ახალ აპარატურას ვერ ვიყიდით და ა.შ. თუმცა, აქ ისმება კითხვა. 7 წლის განმავლობაში, 1.3 მილიარდი რომ მიიღე  სახელმწიფოსგან სუფთა მოგების სახით,  250 მილიონი  წლიური მოგება რომ გრჩებოდა, რატომ მაშინ არ განავითარე კლინიკა სათანადოდ? მხოლოდ ერთეული კლინიკები რატომ განვითარდნენ?  რატომ არ დახარჯე ფული ისე, რომ საბიუჯეტო ფულის იმედად არ ყოფილიყავი მუდამ და მის გარეშეც კი,  მოგებაზე გემუშავა? ახლა იმუქრება ზოგიერთი კლინიკა, იმ პაციენტების მიღებას შევაჩერებთ, რომლებიც სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში მოგვართავსო. არ მოსწონთ, გესმით, გაფასებული მომსახურება, ფასებს სახელმწიფო რომ უდგენს.   თავად რომ  ადგენდნენ ყველაფერის ფასს, ისევ ის დრო უნდათ. რას ჰქვია, არ მიიღებ პაციენტს? ჯერ ერთი, კი, ბატონო, შეაჩერე. ადგება სახელმწიფო, გააფორმებს ხელშეკრულებას კონკრეტულ კლინიკებთან, ვინც  დათანხმდება  ჯანდაცვის სამინისტროს ამ გაფასების ახალ წინადადებას და ვისაც ექნება სათანადო პირობები, რასაც მისგან სამინისტრო მოითხოვს, იმათ გაუფორმებს სახელმწიფო ხელშეკრულებას. თუ ამაზეც არ წამოვლენ კლინიკები, მაშინ სახელმწიფო შექმნის მუნიციპალური საავადმყოფოების ქსელს, ასაშენებელი სადაც არის, ააშენებს და ეს  სახელმწიფო ფული,  ისევ სახელმწიფო საკუთრებაში მყოფ სამედიცინო დაწესებულებაში დაიხარჯება, სახელმწიფოს დარჩება.

– ასეც უნდა მოიქცეს სახელმწიფო, როდესაც მას კერძო კომპანიები ულტიმატუმის ენით ელაპარაკებიან.

– კი, როდესაც უსამართლო ულტიმატუმს უყენებს სახელმწიფოს ბიზნესი, უკან არ უნდა დაიხიოს. სახელმწიფომ სელექცია უნდა მოახდინოს ბიზნესის, შეარჩიოს  კლინიკები, ვინც მის პირობებს დათანხმდება და გაუფორმოს ხელშეკრულება. რა უნდათ კლინიკებს, გაუგებარია. ფულს სახელმწიფო იხდის და ფასს ის ადებს, კლინიკამ რატომ უნდა დაადოს? გინდა? გაწყობს? დამთანხმდი, არადა, სხვას მოვძებნი. შეაჩვიეს კლინიკები ზემოგებას და ისევ ისე უნდათ მუშაობა. ასე კი, აღარ იქნება. იყო თაღლითური სქემებიც ზოგიერთ კლინიკაში. სასწრაფო, ურგენტული შემთხვევები გადადიოდა გეგმიურში.  ურგენტული შემთხვევების პროცენტი  წლების განმავლობაში უნდა იყოს ერთი და იგივე, არ უნდა სცდებოდეს განსაზღვრულ პროცენტს მთლიანი საშუალო მაჩვენებელი.  არ შეიძლება, 25–30% იყოს ურგენტული შემთხვევებისა, ეს ძალიან მაღალია. რის ხარჯზე გაიზარდა? ურგენტულ, გადაუდებელ შემთხვევებს სახელმწიფო აფინანსებს. ურგენტულს აფორმებდნენ, რეალურად ბევრად ძვირადღირებულ  გეგმიურ სამედიცინო მომსახურებას უწევდნენ პაციენტს და ფულს სახელმწიფო იხდიდა. შესაძლოა, ისიც ხდებოდა, რომ რაღაც შეთანხმება ხდებოდა პაციენტსა და კლინიკას შორის და პაციენტი ჯიბიდან რაღაცას იხდიდა, ამაზე გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ არ გამოვრიცხავ.  ფაქტი ის არის, რომ კლინიკა მოგებული რჩებოდა ამით. ახლა ფიქრობენ კლინიკები, როგორ შეაჩერონ ეს პროცესი, მაგრამ ვერ შეაჩერებენ, ეს შეუქეცვადი და გარდაუვალი პროცესია. სახელმწიფო ბიუჯეტი ვეღარ გაუძლებს ამ ხარჯებს.
წელიწადში 3 მილიარდ ლარზე მეტი იხარჯება მედიკამენტების ხარჯის ჩათვლით, ჩვენი მოსახლეობის სამკურნალოდ.  უფრო მეტიც, რადგან არ მაქვს მონაცემები, ჩვენი მოსახლეობა  უცხოეთში რასაც ხარჯავს მკურნალობაში. ეს არსად ფიქსირდება. 3 მილიარდიდან 1 მილიარდს, 1/3–ს იხდის სახელმწიფო, 2/3 იხდის ხალხი ჯიბიდან ან სადაზღვევო კომპანიების გავლით. აქ განსაკუთრებით დიდი წილია მედიკამენტებისა. ეს ჩვენისთანა ღარიბი ქვეყნისთვის ძალიან დიდი ციფრია. საიდან და როგორ იხდის ხალხი ამხელა თანხას მკურნალობისა თუ მედიკამენტებისთვის? სახლს და სხვა უძრავ ქონებას სდებს ბანკში, მიკროსაფინანსოებში…  მევახშეებისგან სესხულობენ ფულს კაბალური პირობებით, მერე ბანკები, მიკროსაფინანსოები და კერძო   მევახშეები უყიდიან ამ კერძო ქონებას და რჩებიან უქონელნი. ზოგს არ უყიდიან, მაგრამ რასაც შოულობენ, მათ დახსნაში იხდიან მთელ ფულს. ყიდიან  პირუტყვს, ყველაფერს, რაც  სახლში გააჩნიათ.  ასე ღატაკდება ხალხი. მერე ეს ოჯახები სოციალურად დაუცველებში გადადიან და ისევ სახელმწიფოს აწვებიან კისერზე, სახელმწიფო უხდის ასეთ ოჯახებს ფულად თუ სხვა სხვა სახის  შემწეობებს. სახელმწიფო ამ პროცესს კი არ აჩერებს, მისი ტვირთი კი არ მცირდება, იზრდება. რამდენი პროცენტია ხალხის გაღატაკებაში ჯანდაცვის წილი, არავინ იცის, მაგრამ სოლიდური რომ იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ.

– შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი მოსახლების გაღატაკების ერთ–ერთი მთავარი მიზეზი, არასწორი ჯანდაცვის პოლიტიკაა?

– რასაკვირველია, ასეა. ქვეყნის, მოსახლეობის გაღარიბების რამდენიმე მიზეზი არსებობს–უმუშევრობა, საბანკო სექტორის ბანდიტური საკრედიტო პოლიტიკა, მონოპოლიური, კარტელური  ბიზნესის გამო არსებული მაღალი ფასები, ლარის კურსის გაუფასურება, აზარტული თამაშები და ჯანდაცვა. სხვა რა არის?  მგონი, მეტი არაფერი.

– გამოდის, რომ 520–ე ბრძანებულებით სახელმწიფო სოლიდურ თანხას დაზოგავს?

– კი, ნამდვილად ასეა. ეს ერთადერთი გამოსავალია, სხვა გამოსავალი მათ არ აქვთ. თუ ეს არ გაკეთდა, მაშინ უნდა იშოვნონ, პირობითად ვამბობ, 3–4 მილიარდი ლარი, მთელი ქვეყნის მასშტაბით გააკეთონ, დავუშვათ, 7 000 საწოლი სახელმწიფო საკუთრებაში, რაც ამ ეტაპზე არარეალურია.  თუ ამის საშუალება აქვთ, ეს უნდა გაკეთდეს, მაგრამ ეს უკვე  შეუძლებელია. თუ არადა, მაშინ კერძო კლინიკები უნდა შეარჩიონ სელექციის მეთოდით და ისეთი კონტრაქტები გაუფორმონ, რაც სახელმწიფოს აწყობს და არა კლინიკებს.  აქვე ვიტყვი, რომ  სამედიცინო კლინიკები  არ იხდიან დღგ–ს და მოგების გადასახადებს, რისი კატეგორიული წინააღმდეგიც ვარ. რატომ არიან ამ გადასახადებისგან გათავისუფლებული? აქედან ხომ დიდი თანხები რჩებათ. ამას სახელმწიფო იმიტომ აკეთებს, რომ სამედიცინო სფერო განვითარდეს, უზარმაზარ თანხებს უტოვებს კერძო კლინიკებს და ამის მერე კიდევ პრეტენზიებს უყენებ? კიდევ ცდილობ, რომ ფული წაართვა? აქ კიდევ მეორე საკითხია. ნორმალურმა  სახელმწიფომ  ჯანდაცვაზე უნდა დახარჯოს ბიუჯეტის 15% და მშპ–ს 6%. ჩვენი ბიუჯეტი 12 მილიარდია,  მშპ დახლოებით 30 მილიარდია, ორივე შემთხვევაში გამოდის, რომ  1.8 მილიარდი ჯანდაცვაზე უნდა მოდიოდეს. ჩვენ კი მილიარდზე ჩამოვედით.

– თუმცა, როდესაც 3 მილიარდი იყო, მაშინ კერძო კლინიკები გამდიდრდნენ. ახლა რაზედაც ჩვენ ვისაუბრეთ, ეს არის ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა და გაფლანგვა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. არ ვიცი, კონკრეტულად დავით სერგეენკოს თუ ვისი, მაგრამ სერგეენკოს დროინდელი ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების სისხლის სამართლებრივი წესით პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ჩემი აზრით, სერგეენკოსაც უნდა მოეკითხოს ამის გამო.

– ამაზე ახლა ძნელია ლაპარაკი. ყველაზე დიდი საშინელებაა, ადამიანს დააბრალო რაღაცა. თუმცა, ერთ წელს გატყუებენ, მეორე წელს გატყუებენ და ასე გაგრძელდა 7 წლის მანძილზე და ვერ მიხვდი? ძნელი წარმოსადგენია. თუ მიხვდი, რომ გატყუებდნენ და ზედმეტს გართმევდნენ, რატომ არ შეაჩერე? ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელთა მხრიდან, შეგნებულად მოხდა ეს თუ შეუგნებლად, ეს გასარკვევია. ეს საქმე გამოსაძიებელია. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა იყო შეცდომა და რა დანაშული.

– გავიმეორებ, რომ ეს იყო ბიუჯეტის ფლანგვა და არამიზნობრივი ხარჯვა, სისხლის სამართლის დანაშული და ამ დანაშაულზე ვიღაცებმა პასუხი უნდა აგონ. მათ შორის კი, ჩემთვის პირველი ეჭვმიტანილი, მინისტრი დავით სერგეენკოა.

– კი, ეს იყო საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვა. ეს ახლა ვინმეს უტვინობით. შეუგნებლობით თუ დანაშულებრივი გეგმით კეთდებოდა, ეს ჩემი საქმე არ არის, ეს უკვე შესაბამისი ორგანოების საქმეა, უნდა გამოიძიონ. როგორ მოხდა 100 მილიონიანი გარღვევა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ესეც ხომ უნდა გაირკვეს? რა გააკეთეს იცით კერძო კლინიკების დამფუძნებლებმა? ზოგიერთებმა, ცხადია. რამდენიმე კაცმა მოახდინა კლინიკის პრივატიზაცია, მაგრამ ფული არ ჰქონდათ, რომ სახელმწიფოსთვის გადაეხადათ მისი საფასური. ადგნენ, ბანკში ჩადეს ეს შენობები, აიღეს სესხები და მერე ის სესხები, გადაიხადეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან, მუქთად დარჩათ კლინიკები. გესმით? სახელმწიფო ფულით კლინიკები იყიდეს, მერე კიდევ იმ პროგრამიდან შემოსული თანხებით ზემოგებაზე დაჯდნენ, სოლიდური ფული იშოვნეს და დღეს ეს ხალხი თუ ამ ხალხის დიდი ნაწილი, სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებს, თუ ძველებურად არ დამაფინანსებ, 500 ლარიან აპენდიციტის ოპერაციაში 1000 ლარს თუ არ გადამიხდი კვლავინდებურად, პაციენტებს აღარ მივიღებ სახელმწიფო დაზღვევის პროგრამითო

.– ვინც ახლა სახელმწიფოს უცხადებს, პაციენტებს აღარ მივიღებთო, ეს არ არის მათი მხრიდან უსინდისობა?

– ეს არის ჩეულებრივი საბოტაჟი. ნორმალურ სახელმწიფოს ამას ვერ გაუბედავენ. თუმცა, ვთვლი, რომ ეს სახელმწიფოს წისქვილზე ასხამს წყალს. აღარ გინდა მონაწილეობა? დაგემშვიდობები და იმ კლინიკებთან ვითანამშრომლებ, რომლებიც ჩემს პირობებს დათანხმდებიან. ამ დროს, არც ერთი კლინიკა არ გავა, ვინც იმუქრება. იმხელა მოგება, 25%–იანი აღარ ექნებათ, მაგრამ მოგება მაინც ექნებათ, 5–7 პროცენტიანი და არც ამაზე იტყვიან უარს, მაინც მოგებაა. უბრალოდ, მიეჩვივნენ დიდ და დაუმსახურებულ ფულს და ვერ ელევიან ბიუჯეტის ხარჯზე ფუფუნებით ცხოვრებას. მიუჩვეველს ნუ მიაჩვევ და მიჩვეულს ნუ გადააჩვევო, ამათ ასე მოსდით.
– გამოდის, რომ დავით სერგეენკოს და ჯანდაცვის სამინისტროს კი არა, მთელი „ქართული ოცნების“ 8 წლიანი მმართველობის პერიოდის ყველაზე წარმატებული – ჯანდაცვის პროგრამა, სავარაუდოდ, დანაშაულებრივი პროექტი იყო. უკაცრავად და, მილიარდები შეატენეს კლინიკებს. კი, უამრავმა ადამიანმა იმკურნალა, ათეულ ათასობით ადამიანს შვება მიეცა და არც ამას ვივიწყებ, მაგრამ იმ თანხით, იმ 4.5 მილიარდი ლარით, 4–ჯერ და 5–ჯერ მეტ ადამიანს შეეძლო ემკურნალა.

კი, დავით სერგეენკომ ეს პროექტი გააფუჭა. არ ვიცი, საკუთარი ინიციატივით, სხვისი ზეწოლით თუ კლინიკებთან დანაშაულებრივი შეთანხმებით, მაგრამ გააფუჭა. არიან კლინიკები, რომელთაც 30%–იანი დატვირთვა აქვთ, რომ მოგებაზე მუშაობენ. იმხელა ზემოგებაზე მუშაობენ, 100 საწოლიდან 30 თუ დატვირთულია, მაინც მოგებაზე არიან. არადა, წესით, 50%–ზე ნაკლები დატვირთვა თუ გაქვს, უკვე ზარალზე უნდა წახვიდე. 70% მაინც უნდა გქონდეს დატვირთვა, რომ რაღაც მოგება ნახო. ასეა უცხოეთის იმ კლინიკებში, სადაც სახელმწიფო არ აფინანსებს პაციენტებს და ისინი საკუთარი ჯიბიდან იხდიან, ან სადაზღვევო კომპანიები უხდიან მკურნალობის ხარჯებს. ამის გამოა, რომ ყველა საავადმყოფოს აშენებს. სავადმყოფო–პოლიკლინიკა–დიაგნოსტიკური ცენტრი… ქარხანა–ფაბრიკას არავინ აშენებს. ეს იმიტომ, რომ 1 მილიარდი მუქთა ფული ეგულებათ ჯანდაცვის სამინისტროში.
ეს არის მთელი სქემა ბიუჯეტიდან ფულის არასამართლიანი, მაგრამ დაკანონებული გზით მითვისებისა. ახლა როგორ გამოვა სახელმწიფო აქედან, ვნახოთ. ბიზნესის ინტერესების დაყენება სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა დანაშაულია და ორმაგად დანაშაულია, როდესაც ეს ეხება ჯანდაცვის სფეროს და ადამიანის სიცოცხლეს. კი, ექიმის პროფესია ძალიან დასაფასებელია, მაგრამ 5 ლარი რომ მაქვს შემოსავალი, როგორ გადაგიხადო 5 000 ლარი ხელფასი? კი, გეკუთვნის 5 000 ლარი ხელფასი, მაგრამ ვეღარ გიხდი. აქამდე მაგ ხელფასის დიდ წილს გიხდიდა სახელმწიფო, მცირე ნაწილს კი სადაზღვევო კომპანიები და მოქალაქეები საკუთარი ჯიბიდან. აღარ არის იმდენი საბიუჯეტო ფული, ცოტა უნდა იკმარო. ერთიც მინდა ვთქვა, დავით სერგეენკოს კრიტიკას სამედიცინო სფეროდან ვერავინ ბედავს, მარტო თენგიზ ცერცვაძეს ეყო გამბედაობა ეთქვა, რომ სერგეენკომ უფრო მეტი დააშავა, ვიდრე გააკეთა.

ლევან ჯავახიშვილი, ალია

comments