საქართველოში კორონავირუსის მორიგი რეკორდული მაჩვენებელი – 170 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექციონისტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გაკონტროლება მალე შეუძლებელი გახდება.

როგორც პრაიმტაიმთან საუბრისას ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განაცხადა, საქართველოში გაჩნდა ბევრი ისეთი ინფიცირების კერა, რომელთა პირველ წყაროზე გასვლა ვერ ხერხდება.

კორონავირუსის ყოველდღიური მაჩვენებელი რეკორდულია, როგორც ჩანს, ეს ტენდენცია გაგრძელდება. კარგი ის არის, რომ არ გვყავს ბევრი მძიმე და სიმპტომური პაციენტი, მხოლოდ ერთეული პაციენტები არიან კრიტიკულად.

ვირუსის გავრცელების მხრივ, ტენდენცია აღმავლობისკენ გვაქვს, ამიტომ სიფრთხილე სერიოზულად გვმართებს.

ზოგადად, კარანტინის გამოცხადება აღარ არის აქტუალური დღევანდელ მსოფლიოში, რადგან გამოცდილებამ აჩვენა, რომ კარანტინი ვირუსის გავრცელების დროებით გადავადებას ნიშნავს. როგორც კი რეგულაციები სუსტდება, ისევ იწყება ვირუსის აღმავლობა.

როგორც ჩანს, საქართველოში ვირუსის ლოკალიზება და გაკონტროლება შეუძლებელი გახდება, რადგან ახლა უკვე, ფაქტიურად, სახეზეა ინფექციის უკონტროლო გადაცემა. შემთხვევათა დიდი ნაწილი რომელიმე ცნობილ წყაროს აღარ უკავშირდება, შესაბამისად, ყველა შემთხვევის კონტაქტებზე გასვლა შეუძლებელია.

მთავარია, რაც შეიძლება უდანაკარგოდ გადავიაროთ ეს პერიოდი, მერე როგორც ყველა ქვეყანაში მოხდა, თანდათან შესუსტებისკენ წავა ვირუსი და ამასობაში იქნებ ვაქცინამაც მოგვისწროს“,- განაცხადა ბუწაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის მორიგი რეკორდული მაჩვენებელი – 170 ახალი შემთხვევა დღეს დაფიქსირდა. ჯამში ინფიცრებულთა რაოდენობა 2 562-ს შეადგენს, მათგან გამოჯანმრთელებულია 1 381 ადამიანი.

 

primetime.ge

comments