საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ კონტროლი დამატებით 35 მილიონ კვადრატულ მეტრზე დაკარგა. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, ბოლო 8 წლის განმავლობაში, მცოცავი ოკუპაციის შედეგები შემაშფოთებელია და ციფრებში ის იზომება როგორც 12 ათასი საფეხბურთო სტადიონი ერთად: ეს არის 35 მილიონი კვ/მ, 3 500 ჰა, 35 კვ/კმ. ეს არის ის ტერიტორია, რომელიც არასდროს შედიოდა ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში და არცერთი რუკით არ ემთხვევა ოკუპაციის ხაზს…ეს გახლავთ სოხუმი და ცხინვალი ერთად, 12 ათასი საფეხბურთო სტადიონი, თელავზე დიდი ტერიტორია, ვაკე- ვერა- საბურთალო- მთაწმინდა- ორთაჭალა და ავლაბარი ერთად” ამბობს ქაცარავა. 

ოკუპანტებმა კი ბოლო დღეების განმავლობაში ე.წ. ბორდერიზაცია ისევ განაახლეს და 12  სექტემბრიდან ხურვალეთთან მავთულხლართებს ავლებენ. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ ხელისუფლება სათანადოდ არ რეაგირებს არც ტერიტორიების მიტაცებაზე და არც ადამიანების გატაცებაზე. მათი თქმით, სუს-ი მხოლოდ სტანდარტული განცხადებებით შემოიფარგლება, როგორიცაა – ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ამიტომ, მოძრაობის წევრები მომდევნო დღეებშიც გეგმავენ სხვადასხვა აქტივობებს იმისთვის, რომ მოსახლეობამ გაიგოს, რამდენად მძიმე და შემაშფოთებელია ვითარება.

comments