გლდანის N8 ციხესთან ამ წუთებში ერთ-ერთი პატიმრის ოჯახის წევრები და ადვოკატები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ციხის უფროსის, ნოდარ ქინქლაძის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვენ.

ბატონი ქინქლაძე, რომელიც ჯალათად არის გადაქცეული აგრძელებს პატიმრებზე ზეწოლას. სანამ თქვენამდე მოვიდოდი დაარეკინა რამდენიმე ადამიანს, რომ აქცია არ გამეკეთებინა და არ მეთქვა სიმართლე. გატყვრება და დადის ციხეზე, პატიმრებს აყენებს შეურაცხყოფას, ჰყავს პრივილეგირებული პატიმრები, რომლებსაც არ ეხება, სხვებს აყენებს შეურაცხყოფას, ფსიქოლოგურად ძალადობს, – ამბობს ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სახალხო დამცველმა უკვე დაიწყო. ომბუდსმენის წარმომადგენლები ციხეში 3 პატიმარს შეხვდნენ.

ჩვენ შევხვდით 3 პატიმარს. პატიმრები საუბრობენ სავარაუდო მუქარაზე და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე მათ მიმართ. თუმცა საუბარია არა ციხის დირექტორზე, არამედ, სავარაუდოდ, მის მოადგილეზე. უკვე მივმართეთ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს, რომ გამოძიება დაიწყოს, – თქვა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ გლდანის ციხეში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ მერვე დაწესებულებაში რამდენიმე პატიმარს ხელები დაუსერეს. მოგვიანებით პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა. ინფორმაციას “სიცრუე” უწოდა და განმარტა, რომ ერთ საკანში მყოფმა სამმა პატიმარმარმა თვითდაზიანებები მეტლახის ნატეხით თავად მიიყენეს. პატიმრის ოჯახის წევრებმა რეაგირებისთვის სახალხო დამცველის აპარატსაც მიმართეს.

პატიმარ შენგელი ჭეჭვაძის ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე და მისი ცოლი ხელების გადასერვას ციხის დირექტორის მხრიდან გაუპატიურების მუქარას უკავშირებენ და მინისტრს სთხოვენ საკითხით დაინტერესდეს.

პენიტენციურის განცხადებით, გლდანის ციხის დირექტორის მიმართ გამოთქმული ბრალდებები ცილისწამებაა. მათი თქმით, დაწესებულების მიმართ “უსაფუძვლო და სრულიად აბსურდულმა ბრალდებებმა” მიზანმიმართული კამპანიის სახე მიიღო.

comments