19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ნიკოლოზ რევაზიშვილი ციხიდან კიდევ ერთ წერილს აგზავნის და გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახს მიმართავს. წერილი „პრაიმტაიმნიუსს“ ბრალდებულის ძმამ ვახო რევაზიშვილმა მიაწოდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„მესმის გიორგის დედის მამის დის და იმ ადამიანების, ვინც გულწრფელად განიცადა და გულთან ახლოს მიიტანა ეს დიდი ტრაგედია და ვუსამძიმრებ მათ.

რაც შეეხება ჩემს სათქმელს, გეტყვით, რომ 19 ივნისის საბედისწერო ღამეს ნამდვილად ვიმყოფებოდი „ტოიოტა ქამრიში“ და არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ჩემი იქ ყოფნა გამოწვეული იყო ერთადერთი მოტივით არ დამეშვა ბავშვებს შორის განმეორებით კონფლიქტი. მე გიორგი შაქარაშვილი თვალით არ მინახავს და არც ეგრეთ წოდებული ალყის დარტყმასაც არ ჰქონია ადგილი, არც ხევის ადგილმდებარეობა ვიცი და შესაბამისად, ვერც ვიქნებოდი იმ ადგილას.

ჩემს წინააღმდეგ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რაც ჩემს ბრალეულობას დაადასტურებდა. იმიტომ კი არ არსებობს, რომ ვინმემ გაანადგურა, არამედ იმიტომ, რომ უდანაშაულო ვარ. უფრო მეტიც, პროკურატურამ წაშალა ჩემი გუგლის ექაუნთიდან იმ ღამის გადაადგილების მარშრუტი, რომლითაც დასტურდება პროკურატურის ვერსიის აბსურდულობა.

ჩვენ მიმართული გვაქვს პროკურატურისთვის შუამდგომლობით, რათა გუგლიდან აღდგენილი იქნეს წაშლილი ინფორმაცია. თუმცა პროკურატურა ამ საკითხზე დუმილის უფლებას იყენებს.

მზად ვარ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო სიცრუის დეტექტორზე“, – წერს დაკავებული ნიკოლოზ რევაზიშვილი წერილში.

comments