კონომისტი მამისა და პედაგოგი დედის ოჯახში გაიზარდა. თეატრი დედამ შეაყვარა. სტუდენტობიდან დღემდე რუსთაველის თეატრის ერთ-ერთი სტაჟიანი მსახიობია.

სპექტაკლი ითამაშა მაშინაც კი, როცა მამა სახლში ჰყავდა დასვენებული. დღეს „პრაიმტაიმის“ არქივიდან  გთავაზობთ ამონარიდს, ჯემალ ღაღანიძის ინტერვიუდან, რომელშიც ის მშობლებსა და ბავშობაზე საუბრობს.

მაგალითები მშობლების ცხოვრებიდან

– ჩვენ, წარმოშობით სამტრედიის რაიონიდან ვართ, იმერლები გახლავართ. მამა წამოსულა სოფლიდან და საბუღალტრო დაუმთავრებია თბილისში. სწავლის დამთავრების შემდეგ დუშეთში გაუნაწილებიათ, თავისი სპეციალობით.

დედამ, გორში, პედაგოგიური გიმნაზია დაამთავრა და ისიც პედაგოგად გაანაწილეს დუშეთში, მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა თავშესაფარში. იქ გაუცვნიათ ჩემს მშობლებს ერთმანეთი და დაოჯახებულან. თბილისში გადაწყვიტეს ცხოვრება.

მაშინ დოლიძეზე ტყე იყო, მამამ სახლის საძირკველი რომ ჩაყარა, ეუნბენოდნენ, რას შვრები, სახლს ტყეში აშენებო. ოროთახიან სახლს აშენებდა მამა. საძირკველი რომ გათხარა, მოვიდნენ კოოპერატივის წარმომადგენლები და შესთავაზეს ტერიტორიის დათმობა, უკეთესი სახლი და დიდი ფართი შესთავაზეს. ამ სახლში გავჩნდით ორივე ძმა. მამა ცეკავშირის მთავარი ბუღალტერი გახლდათ.

სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა. 80 წელს ერთი წელი აკლდა, რომ გარდაიცვალა. პატიოსანზე პატიოსანი ადამიანი იყო. ახლა რომ სასტუმრო „ჰოლიდეინია“, მაშინ იქ საბავშვო ბაღი იყო. ჩემი თაობის გოგო-ბიჭები ამ საბავშვო ბაღში გავიზარდეთ. ჩუმად მომნათლეს, უფანჯრო ოთახში, რომ არავის დავენახეთ.

მოგეხსენებათ, მაშინ ეკლესიაშიც ჩუმად დადიოდნენ, სამსახურის დაკარგვის ეშინოდათ. სკოლაც ახლოსვე გვქონდა, შორს სიარული არ მჭირდებოდა.

– განსაკუთრებული დარიგება გახსენდებათ მშობლების მხრიდან?

– დარიგება ნაკლებად გვჭირდებოდა შვილებს, უბრალოდ, ვუყურებდით როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი მშობლები, მათი ცხოვრება მაგალითი იყო ჩემთვის. რამდენიმე ეპიზოდს გიამბობთ ჩემი მშობლების ცხოვრებიდან და მიხვდებით, რატომ იყვნენ სამაგალითონი ჩემთვის…

დედისერთა მამიდაშვილი მყავდა. მოხალისედ წავიდა ომში. ორი წლის განმავლობაში წერილებს წერდა, მერე დაიკარგა. ბოლოს მოვიდა წერილი უკრაინიდან, რომ ჰოსპიტალში იწვა. გაქანებული სამამულო ომია უკრაინაში.

მამიდაჩემმა აიტეხა, უნდა წავიდეო. მამაჩემი გვერდით ამოუდგა და წაჰყვა უკრაინაში. ბიძაშვილად ეკუთვნოდა, მამის და კი არ იყო. ჩავიდნენ უკრაინაში და გაწერილი დახვდათ საავადმყოფოდან. „ჯარისკაცის მამა“ გამახსენდა, ეს ამბავი რომ გავიგე. ბოლოს კი გამოჩნდა ჩემი მამიდაშვილი…

მეორე ამბავი თეატრს უკავშირდება, ხობში იხსნებოდა თეატრი სპექტაკლით, „კავკასიური ცარცის წრე“. მამა საავადმყოფოში იწვა, იმ დღეს უნდა გამოგვეყვანა საავადმყოფოდან. მატარებელში ვჯდები, ხობში მივდივარ, ჩემი ძმა მამაჩემის გამოსაყვანად მივიდა საავადმყოფოში და უბედურება დატრიალდა. მამაჩემს ტრომბმა დაარტყა და გარდაიცვალა.

დედას სუფრა ჰქონდა გაშლილი, მამის დაბრუნება უნდა აღენიშნათ. მე, რა თქმა უნდა, მოვბრუნდი. დედას ძლივს გავუმხილეთ ეს ამბავი. მეორე დილას დედამ დაგვიძახა მე და ჩემს ძმას და მითხრა, შენ ისეთ სამსახურში ხარ, შენ თავს არ ეკუთვნი. პარტნიორები გყავს, რეჟისორი, არ გეპატიება სპექტაკლი ჩააგდო, ამას აღარაფერი ეშველება, ჩვენ მივხედავთ, დაჯექი მატარებელზე და წადიო. აი, ასეთ სიტუაციაში წავედი ხობში და ვითამაშე სპექტაკლში.

ჩემზე ამბობენ, რეკორდი აქვს მოხსნილიო. „კავკასიური ცარცის წრე“ 650-ჯერ დაიდგა სცენაზე და ამდენივეჯერ მაქვს ნათამაშევი. არც ერთი არ გამიცდენია, გინესის რეკორდების წიგნში ვარ შესაყვანი…

მამაზე კიდევ ერთი ამბავი მახსენდება. ძმაკაცი ჰყავდა ერთი, ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, ერთად ნადიროდნენ, ერთი შეხედულებები ჰქონდათ ბევრ საკითხზე. მოკლედ, ერთხელ, ეს კაცი საყვარელს დააკვდა ზედ. იქნებოდა ასე 50 წლის. დარეკეს, ცუდად არისო, წავიდა მამაჩემი საავადმყოფოში და გარდაცვლილი დახვდა. ცოლი სახლში როგორ მიიღებდა, წარმოშობით ოფჩიდან იყო.

– არ მითხრათ ახლა, რომ სახლში მოასვენა.

– სწორედ ამის თქმას ვაპირებდი. მოასვენა ჩვენთან სახლში. და მეორე დილას გადაასვენეს ოფჩაში. ასეთ რამეებს რომ ვუყურებდი, რჩევა-დარიგება რად მინდოდა. მამაჩემი ჩემი და ჩემი ძმისთვის სინდისისა და პატიოსნების მაგალითი იყო.

სასიყვარულო გამოცდილება…

– ცოტა გვიან დავიწყე თოხნა. 33 წლის ვიყავი ცოლი რომ მოვიყვანე.

– რა დაიწყეთ?

– (იცინის) თოხნა, შრომა, ასე ვეძახი მე ამ ამბავს. მსახიობი კაცი ვიყავი, კი ვიყურებოდი აქეთ-იქით, მაგრამ რაც ცოლი შევირთე, ოჯახის ერთგული ვარ. რასაც უყურებთ ამ სახლში, არაფერი ჩემი მშობლების არ არის, ყველაფერი თავად შევიძინე. გასტროლებზე რომ დავდიოდი, მეუღლისთვის ყოველთვის ჩამომქონდა საჩუქრები, ანტიკვარული ავეჯიც კი იქიდან მომქონდა.

– სად გაიცანით მომავალი მეუღლე?

– თეატრში გავიცანი. რუსთაველის თეატრში იტალიელი მომღერალი, მარინო მარინის კონცერტი გაიმართა. თბილისში ბუმი ატყდა. რეპეტიციიდან გამოვედი და ერთი ნაცნობი გოგო დამხვდა, გვერდით ედგა ჩემი მომავალი მეუღლე. ბილეთებს ვერ ვშოულობთო, შემომჩივლეს. მეორე დღისთვის დავიბარე და შევიყვანე თეატრში. მოვიხიბლე ელენეს გარეგნობით. მერე ჩემს სპექტაკლებზეც დავპატიჟე და ნელნელა დავახლოვდით.

იმდენად ლამაზი იყო, მხატვრები ხატავდნენ. არაერთი პორტრეტი მაქვს მისი. აღმოსავლური ენები აქვს დამთავრებული და მუსიკალური ტექნიკუმი. ჩემი ქალიშვილი მის გზას გაყვა. ახლა პიანისტია და საზღვარგარეთ მოღვაწეობს.

– ეჭვიანი იყავით?

– ეჭვიანი რომ ვყოფილიყავი, დაინგრეოდა ყველაფერი. არც მე წავიდოდი გასტროლზე და არც ის გამიშვებდა, ნდობა რომ არ ყოფილიყო ჩვენ შორის. გასტროლზე თეატრთან ერთად მივდიოდი. თეატრის გოგოები ყველა ჩემი ცოლის დაქალები იყვნენ. ვხუმრობდი ხოლმე, რაც კი ლამაზი ქალია, ყველა შენი დაქალია და ვისკენ გავიწიო არ ვიცი-მეთქი.

(ამონარიდები მომზადებულია გაზეთ „პრაიმტაიმის არქივიდან 2015 წელი)

comments