„გამოგიტყდებით, ასე ძალიან არცერთი საგაზეთო წერილის დაწერა არ გამჭირვებია. ის საშინელი განცდა, რომელიც თავს დამატყდა ამ 26 წლის წინ აგარაკში, თოდუების ოჯახში სამძიმარზე ასულს, დღემდე გაუნელებელია ჩემს სულში. ყველამ გაიგო როგორ აწამეს ჩვენი კუთხის შვილი, ზოგმა გარისკა და მოინდომა საკუთარი თვალით ეხილა ვაჟას დასახიჩრებული სხეული… ალბათ დღემდე ცოცხლად ახსოვთ ის საშინელი შთაბეჭდილება, იმ დღეს რომ მიიღეს და არც არასდროს დაავიწყდებათ. ეს არის ადამიანური სისასტიკის მწვერვალი, რასაც ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს“ – გაზეთ „ლანჩხუთი plus-ის“ რედაქტორი, ქეთევან ნაკაშიძე აფხაზეთის ომში ნაწამებ ახალგაზრდებზე წერს.

„ამ ცოტა ხნის წინ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების დედები ცდილობდნენ მიექციათ საზოგადოების და ხელისუფლების ყურადღება და საკუთარ ხელში აეღოთ ქართველებისა და აფხაზების შერიგების პროცესის დაწყება და დასრულება. ამის თაობაზე ზუსტად 15 წლის წინ პირველად ვაჟას დედამ, ქალბატონმა ეთერმა დაიწყო საუბარი, მაგრამ მხარდამჭერები არ გამოუჩნდნენ და ეს ფაქტიც მივიწყებას მიეცა, როგორც უამრავი რამ ჩვენს აწეწილ დაწეწილ  და  სიმშვიდემონატრებულ საქართველოში.\

იოლი არ არის საუბარი შერიგებაზე, როცა იცი, როგორ აწამეს ჩვენი ბიჭები, იოლი არ არის შერიგება იმ ხალხთან, ვინც ჩვენ ეს სიმწარე განგვაცდევინა, მაგრამ მე მივყვები უფლის შეგონებას — მიუტევე. თან გაგახსენებთ რის მიტევებას ვცდილობთ. გთავაზობთ 1994 წლის 6 ივნისს ლანჩხუთის რაიონის კომისრის, ბატონ იური თევზაძისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კაპიტნის, ბატონ დ. მეშარიშვილის მიერ გამოგზავნილ წერილს სრულიად უცვლელად.

„გაცნობებთ, რომ თქვენი რაიონის მკვიდრი, ზემდეგი თოდუა ვაჟა თამაზის ძე, დაბადებული 1977 წლის 14 მარტს, მოხალისედ წავიდა აფხაზეთის ომში 1993 წლის 17 მარტიდან. იგი ირიცხებოდა 210-ე ბრიგადის მე-3 ბატალიონში დაზვერვის ოცმეთაურად.

ვაჟა თამაზის ძე თოდუა სწავლობდა თბილისის არქიტექტურისა და მშენებლობის კომერციულ უნივერსიტეტში, იყო მე-2 კურსის სტუდენტი.

სამხედრო სამსახურის დროს გამოირჩეოდა თავაზიანობით, კეთილსინდისიერებით, საქმისადმი სერიოზული და ერთგული მიდგომით, თანამებრძოლებსა და უფროსებს შორის სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით.

 

1993 წლის 20 ივნისს იგი თავის თანამებრძოლ გია ტრაპაიძესთან ერთად დაიღუპა მტრის ხელით სოფელ მერკულაში.

 

საბრძოლო დავალების შესრულების დროს ზემდეგი ვაჟა თამაზის ძე თოდუა და რიგითი თანამებრძოლი გია ტრაპაიძე ხელში ჩაუვარდა მტერს. ვაჟამ შეძახილებით, „დასცხეთ, ბიჭებო!“, „წინ, წინ!“ — თანამებრძოლებს აცნობა მტრის მოახლოება. მტერს იმ დღისთვის დაგეგმილი ჰქონდა უეცარი თავდასხმა ბატალიონზე, ფაქტობრივად ვაჟა თოდუამ თავისი საქციელით გმირობის ტოლფასი ქმედება ჩაიდინა და სრული განადგურებისა და სიკვდილისაგან იხსნა თანამებრძოლები.

ჩვენმა მებრძოლებმა მტერზე საპასუხო შეტევის შემდეგ იპოვეს ვაჟას ჯერ კიდევ თბილი გვამი, რომელიც ფეხებზე თოკმობმული ეგდო, როგორც ჩანს მტრებმა ვერ მოასწრეს მისი წაღება.

ახლა გაცნობებთ დეტალურად ვაჟა თოდუასა და გია ტრაპაიძის გმირობისა და წამების ფაქტებს, თვით მისი მკვლელების ენით გადმოცემულს.

comments