„მივიღე საბოლოო გადაწყვეტილება ყველაფერს ავხადო ფარდა, რაც ერთის მხრივ საზოგადოებისთვის მოსასმენად იქნება მძიმე, მაგრამ ეს იქნება ეკლესიის გაჯანსაღებისთვის გადადგმული უმძიმესი ნაბიჯი“, – ამ შინაარსის წერილი ციანიდის საქმეში მსჯავრდებულმა დეკანოზმა, გიორგი მამალაძემ მედიას ერთი წლის წინ გაუგზავნა.

მას შემდეგ თითქმის ერთი წელი გავიდა, თუმცა დეკანოზს მამხილებელი წერილი ჯერაც არ გამოუქვეყნებია. რატომ? ამ კითხვით „პრაიმტაიმმა“ გიორგი მამალაძის ადვოკატს, გიორგი ფანცულაიას მიმართა.

ადვოკატთან საუბრისას, პირველ რიგში, დავინტერესდით, თუ როგორია მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

„ბოლოს მე სექტემბრის დასაწყისში ვნახე. სამწუხაროდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. პარალიზებული აქვს მარჯვენა კიდურები. ციხის საავადმყოფოში არ და ვერც უტარდება შესაბამისი მკურნალობა-რეაბილიტაცია, რადგან იქ ამის საშუალება არ არის.

მარჯვენა ფეხის და ხელის კუნთების განლევა, დაწვრილება ხდება. ამიტომაც ვითხოვდით სასჯელის გადავადებას, მაგრამ სასამართლომ გვითხრა, რომ რეაბილიტაცია ციხის პირობებშიც შესაძლებელიაო.

ახლა ის საკაცით დაჰყავთ. მე როდესაც შევდივარ, ამ საკაცით შემოჰყავთ და ასევე გაჰყავთ.

რაც შეეხება დეკანოზის წერილს… თუ აკვირდებოდით, მეც და სხვა ადვოკატებიც ვიყავით მაქსიმალურად მწვავე, მაგრამ სამართლებრივ სივრცეში. ამ სივრცეს ჩვენ არ გავცდენილვართ.

თემები, რომლებიც წამოიწია, ეს მოხდა მამაოს ოჯახიდან. მე კი არ ვამბობ, რომ ცუდად იქცეოდა ოჯახი, უბრალოდ ამ თემებზე საუბრობდა დეკანოზის ძმა, ის იყო სპიკერი და ჯობია, ახლაც მასთან დააზუსტოთ, რატომ არ მოხდა წერილის გამოქვეყნება“, – გვითხრა გიორგი ფანცულაიამ.

დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ კი განგვიმარტა, რატომ გადაიფიქრა პატიმრობაში მყოფმა სასულიერო პირმა მამხილებელი წერილის გამოქვეყნება.

თორნიკე მამალაძე, დეკანოზის ძმა:

„ფარდა ყველაფერს აეხადა, არ აქვს მნიშვნელობა ვისგან მოხდებოდა ეს – იქნება ეს კორუფციული გარიგებები, თუ სქესობრივი გადახრები.

ყველა ის მანკიერება, რაც საპატრიარქოში ხდება, საჯაროდ ითქვა. არ აქვს მნიშვნელობა მამა გიორგი იტყოდა ამას, მეუფე პეტრე, თუ ვინმე სხვა. თუ ამ საკითხებს განიხილავდნენ სინოდზე, მაღალიერარქების განკვეთა მოხდებოდა და არსებული მანკიერი სისტემა შეიცვლებოდა.

ადამიანი პარალიზებულია, კვირები სჭირდება რომ წერილი გამოაგზავნოს. ეს რომ გააკეთოს, შემდეგ რომელიმე მეუფე გამოვარდება მყისიერად, მაგალითად მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი), იქვე უპასუხებს მედიასთან და შეეცდება გაქარწყლებას. ჩემმა ძმამ კი ამაზე კიდევ ახალი წერილი უნდა წეროს, რომლის გამოტანას და პროცედურებს ალბათ კიდევ კვირები, ან ერთი თვე დასჭირდება…

ამიტომ ის ფიზიკურად ვერ სცემს პასუხს ამ ეპისკოპოსებს. გადაწყვიტა, დაელოდოს გათავისუფლებას და უშუალოდ, პირველწყაროსგან მოისმენს საზოგადოება ამ ყველაფრის დასაბუთებას და ჩემი ძმაც უკვე ღიად იტყვის თავის სათქმელს. იქნება ეს სატელევიზიო ფორმატი, თუ სინოდის ფორმატი.

შეუზღუდეს წერილების გამოგზავნის დრო და სატელეფონო ზარები. აქედან გამომდინარე, გადაწყვიტა, რომ როცა გათავისუფლდება ყველაფერზე თავად ისაუბროს. ადრე თუ გვიან ეს მოხდება“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ თორნიკე მამალაძე.

 

primetme.ge

comments