„ფილიპ მორის ინთერნეიშენალის“ აღმასრულებელი დირექტორი ანდრე კალანცოპოლოსი ვარაუდობს, რომ 10-15 წელიწადში შესაძლოა, ზოგიერთ ქვეყანაში სრულიად შეწყდეს კომპანიის მთავარი პროდუქტის – ტრადიციული სიგარეტების გაყიდვა მათზე შემცირებული მოთხოვნის გამო, – წერს ფრანგული გამოცემა La Tribune.

ამის მიზეზს კი ბაზარზე გამოჩენილი თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობები წარმოადგენენ, რადგან ისინი საუალოდ 95%-ით ამცირებენ ტრადიციული სიგარეტისგან გამოწვეული დაავადებების განვითარების რისკს. სიგარეტის კვამლში არსებული მავნე ნივთიერებების დიდი ნაწილი მოწევასთან ასოცირებულ დაავადებებთან არის დაკავშირებული, ამ მავნე ნივთიერებების გამოყოფის მიზეზს კი თამბაქოს წვის პროცესი წარმოადგენს. ელექტრონულ სიგარეტებსა და გასახურებელ თამბაქოს პროდუქტებში არ მიმდინარეობს წვის პროცესი, სწორედ ამიტომ ეს მოწყობილობები მოწევის ალტერნატივად მიიჩნევა.

„სამყარო, რომელშიც ტრადიციული სიგარეტი ძველმოდურად მიიჩნევა, უკვე ახლოსაა“, – განაცხადა ანდრე კალანცოპოლოსმა Concordia-ს ყოველწლიურ სამიტზე, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ იყო ორგანიზებული.

მისივე თქმით, სამართლებრივი ბაზის არსებობისა და საზოგადოებრივი მხარდაჭერის შედეგად შესაძლებელი გახდება, რომ 10-15 წელიწადში მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში სრულიად შეწყდეს ტრადიციული სიგარეტის მოხმარება.

მიუხედავად იმისა, რომ სამიტზე ანდრე კალანცოპოლოსი ალტერნატიული პროდუქტების განვითარების ხელშეწყობაზე საუბრობდა, იგი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ელექტრონული მოწყობილობები მაინც რისკის შემცველი პროდუქტია და საუკეთესო გამოსავალს მოწევისთვის თავის დანებება წარმოადგენს. თუმცა, სამეცნიერო კვლევებით დგინდება, რომ ალტერნატიული პროდუქტები, ტრადიციული სიგარეტისგან განსხვავებით, ჯანმრთელობისთვის ნაკლები რისკის შემცველია, რადგან არ წარმოქმნის კვამლსა და ფერფლს.

მართალია, ელექტრონული მოწყობილობების ზეგავლენის შედეგები ადამიანის ჯანმრთელობაზე ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა კვლევები ამტკიცებს, რომ ისინი, ტრადიციული სიგარეტისგან განსხვავებით, ნაკლებ ტოქსიკურ ნივთიერებას შეიცავენ, რაც ამცირებს მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების განვითარების რისკს.

 

primetime.ge

comments