„ტვ პირველის” გადაცემა „შუადღე ლაივი” ძალზედ მრავალფეროვან ჯგუფს მიჰყავს. ესმა კუნჭულიასთან და ზაალ ჩიქობავასთან ერთად გადაცემის წამყვანები – რატი დურგლიშვილი, ირინა ონაშვილი და ანა ქურთუბაძე არიან. მათ შორის ყველაზე ნაკლებგამოცდილი წამყვანი რატი დურგლიშვილია. როგორც მომღერალი „პრაიმტაიმთან” ამბობს, ჯერჯერობით ცოტა დაძაბულია, თუმცა გარემო და თანაწამყვანები მოსწონს.

 

 

რატი დურგლიშვილი: – ძალიან მიჭირს, ახლა დავაფასე ჟურნალისტები და მათი შრომა. ძალიან რთულია. ბევრ რამეზე უნდა იყო კონცენტრირებული: თემაზე, ყურში რომ პროდიუსერი რაღაცას გკარნახობს, ის უნდა სასიამოვნოდ გამოთქვა, არ უნდა აგერიოს, მანერები უნდა აკონტროლო, სლენგი არ უნდა წამოგცდეს.

როგორი ტიპიც ვარ, ეთერშიც ისეთივე ვარ. ბევრ რამეს მაპატიებენ, ალბათ. გამოუცდელი ვარ და ბუნებრივია, შეცდომები მექნება.

გამოვტყდები, შემოთავაზება რომ მივიღე, ვფიქრობდი, დავთანხმებოდი თუ – არა. უამრავი ნიჭიერი ჟურნალისტია და მათთვის სამსახური რატომ უნდა წამერთვა. მე ჩემი პროფესია მაქვს. მაგრამ ფორმატი რომ ვნახე, ანუ მე სიმღერის რუბრიკა მაქვს, დავთანხმდი.

სერიოზულ თოქშოუზე უარს ვიტყოდი. ეს გასართობია და თითქოს ახლოს არის ჩემს პროფესიასთან.

პრაიმტაიმი

comments