მუსიკალური პროდიუსერი ნატო დუმბაძე ორ დღეში იუბილარია, თუმცა ჯერ ასაკს არ ამხელს. უხარია, რომ მისი ასაკით ინტერესდებიან და ისევ პატარა გოგო ჰგონიათ.

ასაკის მოპარვას გენეტიკას აბრალებს. თვითნაკეთი ჩალმების ტარებას მიეძალა. გარდერობი გააფერადა.

ნატო დუმბაძე: – ამ სეზონმა ძალიან იმოქმედა ჩემზე. ვერ ვხედავ, მომავალ წელს, რა იქნება. ნიღბებმა ლაღი ცხოვრება ერთგვარად ჩაახშო. “ფეისბუქზე” “მემორის” რომ გვიგდებს, ყველას მხიარული ფოტოები რომ ამოგვდის, თურმე რა კარგად ვცხოვრობდითო, ვამბობთ.

ალბათ, ეს პანდემიაც ჩვენი დაფიქრებისთვის იყო საჭირო. საჭიროა, იმისთვის, რომ სიცოცხლე, ცხოვრება და ურთიერთობები უფრო დავაფასოთ. ალბათ, ეს შენჯღრევა გვესაჭიროებოდა.

ამან გაგვზარდა და უფრო ყურადღებიანები გავხდით. უფრო ხშირად ვურეკავთ, თუნდაც მშობლებს და მეგობრებს. არ შეიძლება მხოლოდ სოციალური ქსელის ამარა ვიყოთ. რამდენჯერ მომსვლია, დილით უახლოესი მეგობრისთვის “ფეისბუქით” მიმილოცავს დაბადების დღე და არ დამირეკავს. მერე ბოდიში მომიხდია.

მახსოვს, პანდემიის დროს ყველა დიასახლისი გახდა, რეცეპტებს გვთავაზობდნენ. ყველა სახლში იყო და ჟრიამული ჰქონდათ. ყოველი დღე ახალი წელი მეგონა. არ ვიცი, სხვაგან რამდენად აკეთებდნენ ჩახოხბილს, თუმცა ჩვენთან პანდემიამ ოჯახებში შეკრებები, სითბო და სიხარული დააბრუნა. ამას მე “პანდემიის იდილია” დავარქვი.

– და მაინც როგორ ხედავ შოუბიზნესის მომავალს ამ სიტუაციაში?

– ცუდ ფერებში ვხედავ, რუხ ფერებში. იმედია, მოგვარდება, ეს მხოლოდ ჩვენი პრობლემა არ არის. თუმცა მათ სხვა ცხოვრება აქვთ, სხვა ჰონორარები.

გამოსავალი, ჯერჯერობით, არ არის. უამრავი ჩემი მეგობარი სამსახურის გარეშე დარჩა. დიზაინერებს მეტი შანსი აქვთ, ონლაინ იყიდება ყველაფერი. მომღერლები, მოცეკვავეები, მუსიკოსები – სავალალო მდგომარეობაში არიან. მექორწილეები განსაკუთრებულად შემეცოდნენ… სულ ისე დარჩნენ. ყველას ბანკის კრედიტი აქვს. დავიღუპებითო, ამბობენ.

გამოსავალს იმაში ვხედავ, რომ უნდა მოიძებნოს ტერიტორია, დაიდგას გამათბობლები, რომ დასაქმდნენ მომღერლები. კომპოზიტორებმა სიმღერები წერონ, მოცეკვავეებმა იცეკვონ… ყველას მინდა წარმატება ვუსურვო. აბა, ახალი წელი უსიმღეროთ და მხოლოდ ტელევიზორთან მჯდომი წარმოგიდგენიათ?

პრაიმპაიმი

comments