ბოლო წლების ყველაზე ხმაურიანი სპეცოპერაციები – მძიმე კადრები

0

ზუგდიდის ცენტრში „საქართველოს ბანკზე“ შეიარაღებულ თავდასხმას საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ნაწილი შინაგან საქმეთა სამინისტროს უსისხლოდ ჩატარებული სპეცოპერაციის გამო აქებს და დადებითად აფასებს, მძევლების უსაფრთხოდ გათავისუფლების ღონისძიებას, მეორე ნაწილი კი იმავე უწყებას თავდამსხმელის ხელიდან გაშვების გამო აკრიტიკებს.

2000 წელი

2000-იანი წლების დასაწყისში პირველი ყველაზე ხმაურიანი ოპერაცია პოლკოვნიკ აკაკი ელიავას ლიკვიდაციას უკავშირდება. გამსახურდიას მთავრობის პოლკოვნიკს პოლიციის თანამშრომლების მძევლად აყვანას ედავებოდნენ. ის შევარდნაძის და საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების გადადგომას მოითხოვდა.

სპეცოპერაცია ზესტაფონში ჩატარდა, თუმცა ამ საქმის ირგვლივ დღემდე ბევრი კითხვის ნიშანია. ამბობენ, რომ რეალურად ლიკვიდაციის მომენტში პოლიციელები ელიავას მძევლობაში უკვე აღარ იმყოფებოდნენ.

2002 წელი

შვიდმა შეიარაღებულმა პირმა 2002 წლის 18 ივნისს ბრიტანელი ბიზნესმენი, „აგრობიზნესბანკის“ ვიცე-პრეზიდენტი პიტერ შოუ გაიტაცა.

მისი გათავისუფლება ხუთთვიანი ტყვეობის შემდეგ მოხერხდა. ეს მაშინ მოხდა, როცა გამტაცებლებს მძევალი სხვა ადგილას გადაჰყავდათ. პოლიციასთან შეტაკების დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაიჭრა.

მთელი ამ ხნის განმავლობაში გამტაცებლებს ბრიტანელი ბიზნესმენი ორმოში ჰყავდათ გამოკეტილი.

2003 წელი

შეიარაღებულმა თავდამსხმელმა თბილისში ვაგზლის მოედანზე საიუველირო მაღაზია დააყაჩაღა. ბოროტმოქმედმა ადგილზე სამი მძევალი აიყვანა და უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა.

თავდამსხმელი მძევლებთან ერთად დასავლეთ საქართველოს მიმართულებით დაიძრა. მასთან რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, რის შემდეგაც თავდამსხმელი მცხეთასთან გაანეიტრალეს. გამთენიისას ის სნაიპერმა მოკლა.

2004 წელი

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ქვეყანაში სპეცოპერაციების სერია დაიწყო. ყველაზე ხმაურიანი 2004 წლის 4-5 მარტს ქუთაისში განხორციელებული დაკავებები აღმოჩნდა, რა დროსაც ბრმა ტყვიამ მშვიდობიანი მოქალაქეც იმსხვერპლა.

მეორე დღეს კი ამავე სპეცოპერაციის ფარგლებში ნიღბიანი სპეცრაზმი ტყიბულის მაჟორიტარს, ბონდო შალიკიანს პირდაპირ საძინებელში შეუვარდა და საცვლებში მყოფ დეპუტატს ხელბორკილები დაადო. ოპერაციის ფარგლებში კიდევ 12 პირი აიყვანეს.

საერთო ჯამში, შეიარაღებულ დაპირისპირებას ერთი დამნაშავე, 3 პოლიციელი და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა.

2004 წელი

აფრასიძეების ოჯახის წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია 2004 წლის 24 მარტს მესტიის რაიონის სოფელ ეცერში ჩატარდა.

გულუას სპეცდანიშნულების რაზმმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციისა და უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად სოფელ ეცერში ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია დილის 7:30 საათზე დაიწყო. პარალელურად საზოგადოებას აცნობეს, რომ ოპერაცია განსაკუთრებით საშიში დამნაშავეების, ასევე, ძებნაში მყოფ ბრალდებულთა ადგილმდებარეობის დადგენა-დაკავების მიზნით ხორციელდებოდა. საერთო ჯამში, სპეცოპერაციაში მონაწილეობა მიიღო შსს-სა და უშიშროების რამდენიმე ასეულმა თანამშრომელმა. აფრასიძეების ოჯახზე იერიში ავიაციის გამოყენებითაც მიიტანეს. ოპერაციაში რამდენიმე ვერტმფრენი იყო ჩართული.

სპეცოპერაციის დროს მოხდა ევგენი აფრასიძის ლიკვიდაცია, ასევე, მოკლეს მისი ერთ-ერთი ვაჟი ომეხ აფრასიძე, კიდევ ორი ვაჟი – გოჩა და შმაგი აფრასიძეები კი დააპატიმრეს. მათ მოგვიანებით 19 და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. ძმები აფრასიძეები 2013 წელს ამნისტიის შედეგად განთავისუფლდნენ.

„ცოცხლად დაწვეს ჩემი მეუღლე, მისი დამწვარი ძვლები კართან ეყარა, ეტყობა, გამოსვლას ცდილობდა… ომეხს კი ხელები შეუკრეს და ისე დახვრიტეს. ჩემი რძალი იმ სპეცოპერაციის შემდეგ ფსიქიკურად დაავადდა. წარმოუდგენელი სისასტიკით გაგვანადგურეს“, – იხსენებს ძმები აფრასიძეების დედა, დოდო აფრასიძე.

„ეს არ იყო სპეცოპერაცია, ეს იყო ერთი ჩვეულებრივი ოჯახის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ომი. გვესროდნენ მიწიდან, ჰაერიდან… ამ ყველაფერს პრეზიდენტ სააკაშვილის დავალებით შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე მეთაურობდა, რომელიც დღეს გამოდის და ამბობს, რომ თითქოს აფრასიძეები კრიმინალები იყვნენ. რეალურად, კრიმინალი არის ის, რაც მათ ჩემს ოჯახს დამართეს. მათ დაცხრილეს სახლი, სადაც უდანაშაულო მცირეწლოვანი ბავშვები ვცხოვრობდით.

თუ მათი მიზანი ომეხის დაკავება იყო, რატომ არ გააკეთეს ეს ჩვეულებრივ, როგორც ხდება ხოლმე. არიან თვითმხილველები, რომლებიც პირადად შეესწრნენ, როგორ გადაჰყავდათ გზაზე ბორკილდადებული ომეხი, რა დროსაც ის დაცხრილეს. წარმოგიდგენიათ?!

ბორკილდადებული ადამიანი დახვრიტეს, ის ხომ წინააღმდეგობის გაწევას ვერ შეძლებდა. ჩემი ძმა არის თვითმხილველი, როგორ მოგლიჯეს ყელსაბამი უკვე გარდაცვლილ ომეხს. მკერდზე ფეხი დააბიჯეს და ისე მოაგლიჯეს ყელიდან, რის შემდეგაც თითი მოაჭრეს, რადგან ბეჭედს ვერ აძრობდნენ. ამ ყველაფერს ჩემი არასრულწლოვანი ძმა საკუთარი თვალით უყურებდა“, – ამბობს შმაგი აფრასიძის ქალიშვილი, ლედი აფრასიძე, რომელიც იმ დროს სულ რაღაც 7 წლის იყო და მის ოჯახზე განხორციელებულ საჰაერო იერიშს საძინებელში, საწოლის ქვეშ ემალებოდა.

გაგრძელება

comments
Share.

About Author