“საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია

0

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ზუგდიდში, 21 ოქტომბერს საქართველოს ბანკზე მომხდარი თავდასხმის დამნაშავე იდენტიფიცირებულია.

სამინისტრო მედიასა და საზოგადოებას მოუწოდებს, თუ სხვადასხვა წყაროთი მათთვის ცნობილი გახდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა, არ გაავრცელონ, რადგან ეს გამოძიებას ხელს შეუშლის.

შსს-ს ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:

“გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში, 21 ოქტომბერს მომხდარ, “საქართველოს ბანკის” ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დაადგინა და ის იდენტიფიცირებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს მედიასაშუალებებსა და საზოგადოების ყველა წევრს, თუ სხვადასხვა წყაროთი მათთვის ცნობილი გახდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ფოტოსურათი, არ გაავრცელონ აღნიშნული ინფორმაცია, რადგან ეს ხელს შეუშლის მიმდინარე საგამოძიებო ღონისძიებებს.

პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული პირის ადგილსამყოფელის დადგენისა და მისი დაკავების მიზნით, სამართალდამცველების მიერ სპეციალური ოპერატიული, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით გრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ცნობისთვის, შსს-ს განცხადებას წინ უძღვოდა ზუგდიდში შინაგან საქმეთა მინისტრის ჩასვლა. 

შეგახსენებთ, რომ  21 ოქტომბერს “საქართველოს ბანკის” შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი, დაახლოებით, 14:30 სთ-ზე შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბანკში შეჭრილი შეიარაღებული თავდამსხმელი ნახევარ მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა და მიიღო კიდეც. აქვე,  “მთავარი არხის” ინფორმაციით, მან 4 მილიონი წაიღო და ქვეყანა დატოვა.

მთავარი

comments
Share.

About Author