ათი ყველაზე უჩვეულო ბიზნესი საქართველოში
”გამქრალი” სირაქლემები, მშვენიერი პავლონიები და მღრღნელების წინააღმდეგ მებრძოლი აპარატი…
მსოფლიოში ათასგვარი უცნაური ბიზნესი არსებობს: ადამიანები ყიდიან თითქმის ყველაფერს – მარტორქისა და ირმის რქებს, ცნობილი პიროვნებების ინტიმურ ნივთებსა და ხელნაწერებს, საკუთარ თმასა და სხეულის ორგანოებსაც კი… მიუხედავად იმისა, რომ ქართველები ამ მხრივ საკმაოდ კონსერვატიულები ვართ, აქაც არაერთ ადამიანს დაუწყია ბიზნესი, რომელიც საქართველოსთვის უცხო ხილი იყო. ზოგიერთი მათგანი დღესაც არსებობს, ზოგმა კი – არ გაამართლა და დაიხურა.

პირველ რიგში ალბათ ეგზოტიკური ცხოველების ბიზნესი უნდა გავიხსენოთ, რომელიც რამდენიმე წლის წინ საკმაოდ პოპულარული იყო, მაგრამ ჩვენს პირობებში სრული კრახი განიცადა. ამ მარცხით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სულაც არ არის საკმარისი აწარმოო მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნადი და პოპულარული პროდუქცია, თუ გასაღების სისტემა კარგად არა გაქვს აწყობილი:

ბაყაყების ექსპორტი საქართველოდან 2009-2011 წლებში ხორციელდებოდა. ამ პროდუქციას სერიოზული მომხმარებელი ჰყავდა საფრანგეთის სახით, თანაც, ბაყაყის ხორცი და თათები ევროპაში ძალიან მოსწონთ, მაგრამ 2011 წელს მათი ექსპორტი შეწყდა. როგორც ამბობდნენ, ქართული ბაყაყი გაცილებით გემრიელი იყო ფრანგულთან შედარებით, მაგრამ მის მწარმოებლებს ძირითადად უცხოური ბაზრის იმედი ჰქონდათ, რამაც არ გაამართლა.

ამაო გამოდგა ნიანგების მოშენების მცდელობაც: 2010 წელს კომპანია ”ფაზის პლანტის” წარმომადგენელმა, ირაკლი ჩოკოლაიამ, არგენტინის ნიანგთსაშენი ფერმიდან 4 კვერცხი შემოიტანა, საიდანაც პატარა ნიანგები გამოიჩეკნენ. თუმცა ერთი მათგანი მაშინვე დაიღუპა, ხოლო დანარჩენებმა სამეგრელოს ჰავა ვერ აიტანეს: ფერმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში მდებარეობდა, აღმოჩნდა, რომ იქაური წყალი გოგირდს შეიცავს, რაც ნიანგის ზრდა-განვითარებას აფერხებს. იმედი, რომ საქართველოდან ნიანგის ხორცისა და ტყავის ექსპორტი დაიწყებოდა, არარეალური აღმოჩნდა.

სირაქლემას ხორცი და კვერცხი მთელ მსოფლიოში დელიკატესად არის მიჩნეული და ეს პროდუქტი ბევრ ქვეყანაში ძალიან პოპულარულია. რამდენიმე წლის წინ მარნეულის რაიონის სოფელ თელეთში, სირაქლემების ფერმა გაიხსნა. ნიანგებისაგან განსხვავებით, სირაქლემები თავს მშვენივრად გრძნობდნენ და სულ მალე თბილისის სუპერმარკეტებში გასაყიდად სირაქლემას ხორცი და კვერცხიც გამოჩნდა, მაგრამ ქართველებმა ეს საკვები ვერ მიიღეს და მისი რეალიზაცია დიდი რაოდენობით ვერ მოხერხდა.

თუმცა, ყველა უჩვეულო და არატრადიციული ბიზნესი წარუმატებელი როდია. ამის დასტურად რამდენიმე მაგალითის მოშველიებაც შეიძლება:
ჭიაყელების გარეშე კომპანია “მაკრო-პრიმის” საქმიანობა წარმოუდგენელი იქნებოდა: ეს კომპანია ეკოლოგიურად სუფთა ორგანულ სასუქს აწარმოებს, რომლის სახელწოდებაა “გუმი-პრიმი”. ეს არის ჭიაყელების მიერ გადამუშავებული მსხვილფეხა პირუტყვის ფერმენტირებული ნაკელი. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, ეს უნიკალური პროდუქტია, რომლის ინტენსიური გამოყენება აღადგენს გამოფიტულ და ქიმიურად დაბინძურებულ ნიადაგს და მნიშვნელოვნად ზრდის მოსავლიანობას. ასეთი სასუქის გამოყენებით ეკოლოგიურად სუფთა საკვები პროდუქტი მიიღება. ამ კომპანიის ნაწარმის მიმართ დიდია ინტერესი ეგვიპტიდან, დუბაიდან, აბუდაბიდან და სხვა ქვეყნებიდან. კომპანია 2007 წელს დაფუძნდა, თუმცა წარმოება 2011 წლიდან დაიწყო. საწარმო გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში მდებარეობს.

ბოლო წლებში დასავლეთ საქართველოში პავლონიების მოშენება დაიწყეს.
 პავლონია ულამაზესი, ძვირადღირებული მცენარეა, რომელიც საბერძნეთში ხარობს, თუმცა იაპონიიდან არის შემოტანილი – იქ გამოყვანილი კულტურაა. იქაური წესით, როცა ქალიშვილი იბადება, პავლონიას მაშინ რგავენ და როცა თხოვდება, ამ მცენარისაგან აკვანს უმზადებენ. საქართველოში პავლონიები რამდენიმე წელია გააშენეს. ის ძალიან სწრაფად იზრდება: ერთწლიანი ნერგი, დაახლოებით, 5-6 მეტრი სიმაღლისაა. ერთი ხიდან ნახევარი კუბური მეტრი მასალის მიღება შეიძლება, რასაც 8 წელი მაინც სჭირდება. პავლონიისაგან საკმაოდ ძვირფასი მასალა მზადდება, რომელსაც ავეჯის დასამზადებლად იყენებენ.

ზეთისხილი
 სულაც არ არის ტრადიციული კულტურა საქართველოსთვის, თუმცა სპეცილისტების შეფასებით, აქაური მიწა მისთვის იდეალურია, რის გამოც ჩვენთან მოწეული ზეთისხილი ადვილად გაუწევს კონკურენციას იმპორტირებულს. კომპანია ”ჯეოლაივი” რამდენიმე წელია საქართველოში ზეთისხილის პლანტაციების გაშენებით არის დაკავებული და მომავალში კიდევ აპირებს წარმოების გაფართოებას. გარდა ადგილობრივი, ქართული ბაზრისა, კომპანიის წარმომადგენლები უცხოური ბაზრების ათვისებასაც გეგმავენ.

კივის სამშობლო ჩინეთია, მაგრამ ის ერთნაირად კარგად ხარობს როგორც შავიზღვისპირეთში, ისე კახეთში, თუმცა, ამ პროდუქტით ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილება ვერ ხერხდება, ამიტომ იგი დიდი რაოდენობით შემოდის უცხოეთიდან. კივის რბილობი საკმარისი რაოდენობით შეიცავს ასკორბინის მჟავას, რომელიც ამაგრებს ორგანიზმის დამცავ ფუნქციას და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. სუბტროპიკულ კულტურათა შორის ამ მცენარეს ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უჭირავს, რაც განპირობებულია მისი ნაყოფის სამკურნალო და დიეტური თვისებებით. კივი ქართულ ბაზარზე კარგად იყიდება და იმ ფერმერებისათვის, ვისაც ეს კულტურა მოჰყავს, საკმაო შემოსავლის წყაროა.

შავი პომიდორი – მსოფლიოში უკვე არსებობს იასამნისფერი სტაფილო, ყვითელი ბადრიჯანი და თეთრი სატაცური. ქართველი ფერმერების თქმით, წელს სათბურებში შავი პომიდორიც გამოჩნდება. პომიდვრის ეს ჯიში ამერიკაში გამოიყვანეს. როგორც ამბობენ, ეს ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ბოსტნეულია მსოფლიოში, რომელიც ტრადიციულ, წითელ პომიდორზე არანაკლებ გემრიელია.

აბა, ბიზნესი რის ბიზნესია, თუ მოგება ყველაფრისგან არ მიიღო? – თვით ისეთი მომაბეზრებელი არსებებისგანაც კი, როგორიც მღრღნელები და მავნე მწერები არიან.ქართველმა ბიზნესმენებმა მათი საწინააღმდეგო სპეციალური აპარატები შემოიტანეს:

თაგვების საწინააღმდეგო მოწყობილობა – ეს არის სპეციალური, ულტრახმოვანი მოწყობილობა მღრღნელების საწინააღმდეგოდ. მისი საშუალებით არანაირი თაგვი და ვირთაგვა აღარ შეგაწუხებთ. არ საჭიროებს არანაირ ტაბლეტსა და ხსნარს, რადგან დენზე მუშაობს. სავაჭრო ქსელში იყიდება როგორც პატარა, ასევე საშუალო და დიდი ზომის აპარატები, რომელთა მოქმედების არეალი 200-600 კვ.მ-ია, ფასი კი – 50-80 ლარამდე მერყეობს. ადვილი მისახვედრია, რომ ასეთი მოწყობილობა ნებისმიერ სეზონზე აქტუალურია.

მწერების საწინააღმდეგო აპარატი – ამ აპარატის მოქმედების ზონა 15-18 მეტრია. აპარატს ორი ულტრაიისფერი ნათურა აქვს და მწერებს ქვედა ნაწილში მოთავსებულ წებოვან ქაღალდზე აგროვებს, მუშაობს ცალ ფაზაზე და მოიხმარს 0.095 კილოვატ ელექტროენერგიას. როგორც მაღაზია ”რესტორატორის” მენეჯერმა რევაზ ბახტაძემ გვითხრა, აპარატი უკვე ოთხი წელია შემოაქვთ იტალიიდან. რეალიზაცია სეზონურია, რადგან ზაფხულობით უფრო იყიდება. რასაკვირველია, მას ყველა ყიდულობს – დაწყებული ოჯახებიდან, რესტორნებითა და კვების ობიექტებით დამთავრებული. მწერების საწინააღმდეგო აპარატები ერთმანეთისაგან ზომით განსხვავდება, მათი ფასი კი 98-600 ლარია.

წყარო: http://www.bpn.ge/
comments