მაისი 11, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

საქართველოში ჩინური ვაქცინით საყოველთაო აცრა 4 მაისიდან დაიწყება

მოქალაქეების ნაწილი მზადაა ჩინური ვაქცინა გაიკეთოს. ადრე, თუ საზოგადოების დიდი ნაწილი ზოგადად უარს ამბობდა ნებისმიერ ვაქცინაზე, დღეს პოზიციები რადიკალურად შეცვლილია. თუმცა “კურიერის” მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა ჩინური Sinopharm-ის შემთხვევაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანხმობას ელოდება, ნაწილს უბრალოდ სრულყოფილი ინფორმაცია არ აქვს პრეპარატთან დაკავშირებით და აქტიური კამპანიის აუცილებლობაზე საუბრობენ. არიან ისეთებიც, რომლებიც არჩევანს სხვა ვაქცინაზე აკეთებენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღიარებს თუ არა ჩინურ ვაქცინას, 29 აპრილს გაირკვევა. მანამდე იმუნიზაციის საბჭომ სხვა მარეგულირებლებზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება და Sinopharm-ზე ასაკობრივი ზღვარი მოიხსნა. დღეიდან 18 წელს ზემოთ მყოფ პირებს რეგისტრაციის გავლა ოფიციალურ პორტალზე შეუძლიათ. ვაქცინაცია ჩინური პრეპარატით კი 4 მაისიდან დაიწყება.

აქვს თუ არა მაღალი დაცვის უნარი პრეპარატს? დაავადებათა კონტროლში ამბობენ, რომ ვაქცინის ეფექტი არის 79%. ის 100% -ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რიცხვს და კორონავირუსით გამოწვეულ სიკვდილიანობის მაჩვენებლებს. ვაქცინა დამზადებულია ტრადიციულ მეთოდებზე, მაგალითად, ისეთი, როგორიც არის ცოფის საწინააღმდეგო პრეპარატი და სპეციალისტები ამბობენ, რომ გვერდითი მოვლენები მინიმალურია.

რა შემთხვევაში არ უნდა გავიკეთოთ ჩინური ვაქცინა? სპეციალისტების ინფორმაციით, მძიმე ნევროლოგიური დაავადებების, ეპილეფსიის დროს, რომელიც არ ემორჩილება მედიკამენტოზურ მკურნალობას, ფეხმძიმობისა და ლაქტაციის შემთხვევაში ჩინური ვაქცინით აცრა არ შეიძლება. სპეციალისტები, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის გარეშე ეწინააღმდეგებოდნენ ჩინური ვაქცინის გამოყენებას, დღეს პოზიციებს იცვლიან.

ოფიციალური მონაცემით, მსოფლიოში ჩინური ვაქცინის 80-მლ დოზაა გამოყენებული და 100-მლ დოზა 35 ქვეყანაშია განაწილებული.

საქართველო ივნისში დამატებით ჩინური პრეპარატის 250 000  დოზის შემოტანას გეგმავს. ასევე Pfizer-ის დამატებითი მილიონი დოზის მოწოდების საკითხზე პრემიერ-მინისტრი ვაქცინის მწარმოებელი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორთან შეთანხმდა, რომ პრეპარატის შესაბამისი დოზების მოწოდება დროულად მოხდება. შეთანხმების შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

დატოვეთ კომენტარი