მაისი 11, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

რა ხდებოდა 24 აპრილის სხდომაზე, რის შემდეგაც არჩილ თალაკვაძე წავიდა?

ერთი შეხედვით, 24 აპრილს გამართული უმრავლესობის სხდომა მოულოდნელი შედეგით დასრულდა. ერთი შეხედვით იმიტომ, რომ არავინ ელოდა, არჩილ თალაკვაძის გადადგომას და პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავას წარდგენას. მართალია, დაღრეჯილი სახით, მაგრამ თალაკვაძემ მაინც გააკეთა განცხადება გადადგომის შესახებ და ცოტა არ იყოს, აბსურდული მიზეზიც დაასახელა, აქაოდა, ჩემი ადგილი დარბაზშია, კოლეგების გვერდით, კუჭავა უფრო ნეიტრალური იქნებაო. რას ნიშნავს „უფრო ნეიტრალური“, ნამდვილად ვერ გეტყვით, რადგან კუჭავა ბევრად რადიკალური იქნება და თუ არ გჯერათ, აგერ თქვენ და აგერ ჩვენ. ჰო, ბრიფინგზე, რომელიც უმრავლესობის სხდომის შემდეგ გაიმართა, არსად ჩანდა პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, მაგრამ ამ თემას მოგიავნებით დავუბრუნდებით. მანამდე კი, 24-ში უმრავლესობის სხდომის მოწვევის რეალურ მიზეზსა და იმას გიამბობთ, როგორ განვითარდა მოვლენები.

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, ცხადი გახდა, რომ მთავარი საჭიდაო მმართველ გუნდს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებებზე ექნება. აკი თქვა კიდეც ალეკო ელისაშვილმა, თუ ყველაფერი ისე მივიღეთ, როგორც დოკუმენტშია, მნიშვნელობა აღარ ექნება, ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია იქნება თუ სხვა ვინმე, ხელს ვერ გაანძრევსო. სწორედ ეს არის ამოსავალი წერტილი „ოცნებაში“ – ტვირთად აღებული 43%-იანი ბარიერი უნდა გადაილახოს და ჟვანიას „თავისუფლების“ გარეშე ამის გაკეთება ურთულესი იქნება. ამიტომ, უმრავლესობის წევრებისთვის დეტალურად უნდა აეხსნათ, კონკრეტულად რომელ მუხლზე უნდა გაჯიუტებულიყვნენ და როგორ უნდა მოეხერხებინათ ისე, რომ 15 მაისამდე ამნისტიის აქტი მიღებული არ იყოს. 15 მაისამდე ნიკა მელიას ციხეში დატოვება, ამ დღეს დაანონსებული აქციის კრახს ნიშნავს და ეს ყველაზე კარგად სწორედ „ოცნებაში“ იციან, თუმცა ამ აქციასა და მელიასაც ქვემოთ დავუბრუნდებით. მანამდე კი, ისიც ვთქვათ, რომ ხელმოწერილ დოკუმენტში გასაგებად წერია, მელია და რურუა ერთ კვირაში უნდა გათავისუფლდნენო.

ესეც არ იყოს, გუნდის შიგნით უკვე გადაწყდა, რომ ოპოზიციას ხუთ კომიტეტს ვერანაირად ვერ დაუთმობენ და ერთადერთი, რაც შეიძლება მისცენ, ირაკლი ქადაგიშვილის საპროცედურო საკითხთა კომიტეტია და ამ ყველაფერს იმით „გააპრავებენ“, რომ ოპოზიციას პარლამენტის სამართავი კომიტეტი დაუთმეს…

ერთი შეხედვით, უმრავლესობის სხდომას 83 დეპუტატი უნდა დასწრებოდა (პარლამენტში შესულ 90-ს მინუს თეა წულუკიანი და გახარიას მხარეს გადასული ექვსეული), თუმცა სხდომას 20-ზე ოდნავ მეტი დეპუტატი ესწრებოდა. რა მოხდა? რატომ არ მივიდა უმრავლესობის ნახევარი მაინც შეკრებაზე, სადაც მნიშვნელოვან საკითხზე უნდა ემსჯელათ? საქმე ის გახლავთ, რომ პრაქტიკულად, ყველამ გაიგო, სხდომამდე ირაკლი კობახიძესთან კახა კალაძეს უმძიმესი საუბარი ჰქონდა. იმის მიუხედავად, რომ კახა პარლამენტის წევრი არ არის, იგი პარტიის გენერალური მდივანი გახლავთ და უმრავლესობის სხდომებს თითქმის არასდროს ტოვებდა.

„კალაძეს კობახიძესთან პრეტენზიები პარტიის თავმჯდომარის არჩევის პირველივე დღიდანვე შეექმნა. ის კატეგორიულად ითხოვდა, რომ ნებისმიერი ნაბიჯი მასთან შეეთანხმებინათ. ამის ნაცვლად, კობახიძე ყველაფერს თალაკვაძეს და მდინარაძეს უთანხმებდა, ანუ რეალურად, მათ საკუთარ გეგმებს აცნობდა, თორემ ისინი უხმოდ უქნევდნენ თავს. ცალკე თამაში დაიწყო ღარიბაშვილმაც. ამ ყველაფერს დაემატა ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილმა რეალურად მიუშვა პარტიის ლიდერები და არც მაშინ ჩაერია, როცა გახარია წავიდა. როგორც მე ვიცი, ივანიშვილს უთხრეს, პრემიერად ღარიბაშვილი რომ ინიშნებოდა და ის წინააღმდეგი არ წავიდა. არადა, სწორედ მაშინ სურდა კალაძეს პრემიერობა, სურდა თვითმმართველობის არჩევნები პრაქტიკულად თავად ჩაეტარებინა, რეგიონებში თავისი კადრები გაეყვანა და საბოლოოდ, ივანიშვილი ბოლომდე ჩაენაცვლებინა, მაგრამ არ გამოუვიდა“, – გვეუბნება „ოცნების“ დეპუტატი და თავად გადაწყვიტეთ, გულწრფელია თუ არა.

თუ გახსოვთ, დავწერეთ, კალაძეს საავადმყოფოში დასაწოლი არაფერი სჭირდა, მაგრამ პროცესებს შეგნებულად გაერიდა და შემდეგ, შვებულებაც შეგნებულად აიღოო. კობახიძესთან უკმაყოფილების მიზეზიც სწორედ ეს იყო – გაიხსენეთ, რომელიმე ელჩს, რომელიმე ფასილიტატორს უხსენებია, კალაძე რატომ არ არისო? ამან კახა გააცოფა, გაბრაზდა, არც დასავლელმა პარტნიორებმა რომ არ დაძებნეს და მხოლოდ კობახიძის გადასაწყვეტი რომ გახდა, ხელი რაზე უნდა მოეწერათ, რა პირობებით და როგორც გვეუბნებიან, კახისთან არც კობახიძის ამერიკული ვოიაჟი იყო შეთანხმებული. შტატებში კობახიძე როგორც პარტიის თავმჯდომარე, ისე წავიდა და მარტივი იქნებოდა, თან გენერალური მდივანიც ხლებოდა, მაგრამ არა – ირაკლიმ მარტო წასვლა არჩია და მარტო დაელაპარაკა ყველას. შესაბამისად, გადაწყვეტილებაც მარტომ მიიღო.

როგორც გვეუბნებიან, სწორედ ამ „ჩატეხვის“ გამო, კალაძე კობახიძეს არათუ საბოლოოდ დაუპირისპირდა, არამედ სხვების თანდასწრებით გალანძღა კიდეც. ეს იყო ხაზგამყოფი და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის თავმჯდომარე თბილისის მერობის კანდიდატი უნდა იყოს, რადგან „ოცნებას“ სხვა კანდიდატი რეალურად არ ჰყავს. სხდომაზე, რომელზეც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, უმრავლესობის დეპუტატთა მესამედიც არ იყო და რაც მთავარია, კალაძესთან ერთად სხდომას არ ესწრებოდნენ მისი გუნდის წევრები – ლევან კობიაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი…

ჯაჭვის ლოგიკური გაგრძელება კალაძის ცალკე გასვლა და ახალი პარტიის დაანონსება უნდა გახდეს, ან თბილისის მერი გიორგი გახარიას ბანაკში უნდა გადავიდეს. გახარიასთან გადასვლა კი იმას ნიშნავს, რომ ის  მეორე უნდა იყოს და პირველობა უნდა დათმოს, რასაც მისი ამბიცია უბრალოდ ვეღარ აიტანს.

ანი დვალიშვილი, ალია

დატოვეთ კომენტარი