სექტემბერი 17, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

“თუ საჭირო გახდება, დედაქალაქში ისევ დავბრუნდებით”ვარლამ გოლეთიანი

“რიონის ხეობის მცველებმა” დედაქალაქში რესპუბლიკის მოედანზე ბოლო, შემაჯამებელი აქცია გამართეს. აქციაზე გამოსვლისას ვარლამ გოლეთიანმა თქვა, რომ აქტივისტები დღეიდან რიონის ხეობაში დაბრუნდებიან და აქციებს იქ გააგრძელებენ, თუმცა აღნიშნა, რომ თუკი საჭირო გახდება, ისინი დედაქალაქში კვლავ დაბრუნდებიან.

მისი თქმით, “ქართული ოცნება” “დროსა და სივრცეში დაკარგულია” და ხელისუფლებას საზოგადოების პროტესტი არ ესმის.

სიტყვით გამოსვლისას გოლეთიანმა თბილისში ჩამოსვლის მიზეზებზეც ისაუბრა:

​”დედაქალაქმა გაიგო ჩვენი არგუმენტირებული და სამართლიანი პროტესტის შესახებ, მხარდაჭერაც სახეზეა. ახლა მთავარია, რომ გადავდგათ ქმედითი ნაბიჯი და ეს ქმედითი ნაბიჯი უკავშირდება ბრძოლის წინა ხაზზე წასვლას და მორალურ ომში ჩაბმას. ჩვენ არასდროს არ უნდა აღვმართოთ ჩვენ თანამოქალაქეზე ხელი, ეს არის ჩვენი პრინციპი და ამაზე დაფუძნდა ეს მოძრაობა.

არასოდეს აღარ უნდა მოხდეს დაპირისპირება თანამოქალაქეებს შორის, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რა პოზიციაზე დგას, ვინ წარმოადგენს სამართალდამცავ მხარეს, თუ ვინ წარმოადგენს უბრალოდ მოქალაქეს ამ ქვეყნისას, მთავარია ჩვენ თუკი ვართ მორალურად მართლები, თუ ჩვენ მხარეზეა ჭეშმარიტება და ჩვენ ვართ სიმართლის მატარებელი ნაწილი საზოგადოების, იმ მეორე ნაწილმა ვინც ჯერ ვერ გააცნობიერა, უნდა იგრძნოს მორალური პასუხისმგებლობა, რომ დათმოს უმრავლესობის მიმართ საკუთარი პოზიცია და გადმოვიდეს, იქ სადაც არის ჭეშმარიტება და სიმართლე… თუ საჭირო გახდება, დედაქალაქში ისევ დავბრუნდებით”, – განაცხადა გოლეთიანმა.

რიონის ხეობის მცველები დედაქალაქში 23 მაისს ჩამოვიდნენ. ისინი აქციებს რესპუბლიკის მოედანზე მართავდნენ. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების მოთხოვნები უცვლელია – გავიდეს კომპანია “ენკა” რიონის ხეობიდან, გაუქმდეს გაფორმებული ხელშეკრულება და ჰესის მშენებლობაზე გამოცხადდეს მორატორიუმი. გარდა ამისა აქციის ორგანიზატორები ითხოვენ ეკონომიკის მინისტრმა თანამდებობა დატოვეს და დაეკისროს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ყველას, ვინც თურქულ კომპანიასთან, ხელშეკრულების გაფორმებაში მონაწილეობდა.

დატოვეთ კომენტარი