სექტემბერი 17, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ძალადობა საბავშვო ბაღში

თბილისის ერთ-ერთ ბაღში, მცირეწლოვან ბავშვებზე ძალადობის ფაქტები ამ დრომდე გამოუძიებელია. ინციდენტის შემდეგ სამსახურიდან მხოლოდ ერთი პედაგოგი გაათავისუფლეს, მოზარდის მიმართ აგრესიულ ქმედებაში ეჭვმიტანილი კიდევ ორი აღმზრდელი კი ისევ ბავშვებთან განაგრძობს მუშაობას.

ბაღის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას იხსნის, ხოლო პოლიცია საერთოდ არ აკეთებს განმარტებებს. ბავშვის დედა კი მოძალადეების დასჯას ითხოვს.

შემთხვევა თბილისის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში თვეზე მეტია რაც დაფიქსირდა. საგამოძიებო უწყებებმა 1 კვირის ვიდეო ჩანაწერები ამოიღეს. როგორც ბავშვის დედა ყვება, კადრები საკმაოდ მძიმე იყო. ის ამტკიცებს, რომ ბავშვზე სამი მასწავლებელი ძალადობდა. მათგან ორი ამ დრომდე აგრძელებს მუშაობას. მშობელი ამბობს, რომ მის შვილს ამ დრომდე არ აქვს დაზარალებულის სტატუსი და გამოძიება ჭიანურდება. 

რაიონულ პოლიციის განყოფილებაში კითხვებზე არ გვიპასუხეს. პასუხი არ გაგვცა არც საქმის გამომძიებელმა და თქვა, რომ მანამ სანამ გამოძიება მიმდინარეობს, დეტალებზე ვერ ისაუბრებს. მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ ვერც ბაღების სააგენტოში და ისინიც გაჭიანურებული გამოძიების შედეგებს ელოდებიან.

ბაღის დირექტორი აცხადებს, რომ საკუთარი მოვალეობა უკვე შეასრულა და კამერების ჩანაწერებით ძალადობაში მხილებული პედაგოგი სამსახურიდან დაითხოვა.

დატოვეთ კომენტარი