სექტემბერი 17, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

რატომ დაუპირისპირდა მმართველ გუნდს – გიორგი გახარიამ გადადგომის მიზეზებზე ვრცლად ისაუბრა

“გადავდექი იმიტომ, რომ ერთ კონკრეტულ მომენტში, ჩემთვის სრულიად გასაგებად და აშკარად, პოლიტიკურმა პარტიამ მისი პარტიული ინტერესები სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დააყენა . ეს იყო რეალური მიზეზი იმ ნაბიჯის, რომელიც მე გადავდგი”- ასე განმარტა გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომის მიზეზი. ყოფილმა პრემიერმა ამის შესახებ პარტია ‘საქართველოსთვის” პრეზენტაციაზე.

მისივე თქმით, მან მთავრობის მეთაურის თანამდებობა დატოვა, რადგან მმართველი პარტია დაშორდა მოქალაქეების რეალურ პრობლემებს იმის გამო, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანად მიიჩნია, ვიდრე რიგითი მოქალაქეების ყოველდღიურ პრობლემებზე ზრუნვა.

მისივე ცნობით, 8 წლიანი მმართველობის შემდეგ, მმართველი პარტია თავის ყველაზე დიდ მიღწევებსაც კი ადარებდა 10-15 წლის წინანდელ რეალობას და ამით განვითარების პერსპექტივას უკლავდა ქვეყანას.

“აღარ გვაკმაყოფილებს ჩვენი დღევანდელი მდგომარეობის შედარება წარსულთან, რამეთუ ეს უსპობს მომავალს და განვითარების პერსპექტივას ჩვენს ქვეყნას და ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ იმის მაგივრად,  ჩვენ ჩვენი დღევანდელობა შევადაროთ ცუდ წარსულს, უნდა დავისახოთ უაღრესად ამბიციური მიზნები, რომლებიც მიმართული იქნება საუკეთესო მაგალითებისა და მომავლისკენ.

ამიტომ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ სისტემური განახლების გზით უნდა გავაგრძელოთ ის პოზიტიური რეფორმები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში დაიწყო, უნდა შევინარჩუნოთ ის ყველა პოზიტიური აგური, რომელიც უკვე დადებულია ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოს შენებაში, მაგრამ არ უნდა შევუშინდეთ ამბიციური და გამოწვევების საპასუხო მიზნებისა და გეგმების დასახვას.

რა თქმა უნდა, დღეს საზოგადოებაში არსებობს უამრავი კითხვა, აბსოლუტურად ლეგიტიმური, იმასთან დაკავშირებით, რატომ ვართ დღეს ჩვენ აქ, რატომ ვაფუძნებთ პოლიტიკურ მოძრაობას „საქართველოსთვის“.

რა თქმა უნდა, მე ვიყავი ამ პოლიტიკური გუნდისა და პოლიტიკური რეალობის ნაწილი და მე გადავდექი დაკავებული თანამდებობიდან, სწორედ იმიტომ, რომ პარტია დაშორდა რეალურ პრობლემებს, ჩვენი რიგითი მოქალაქეების პრობლემებს მარტივი მიზეზის გამო – რატომღაც ჩაითვალა, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი თემაა, ვიდრე ჩვენი რიგითი მოქალაქეების ყოველდღიურ პრობლემებზე ზრუნვა.

გადავდექი იმიტომ, რომ 8 წლიანი მმართველობის შემდეგ, მმართველი პარტია თავის თუნდაც ყველაზე დიდ მიღწევებს ადარებდა 10-15 წლის წინ რეალობას და ამით განვითარების პერსპექტივას უკლავდა ჩვენს ქვეყანას. არავინ არ უარყოფს იმას, რომ დღევანდელი სასამართლო სისტემა არის ბევრად უკეთესი, ვიდრე 10-15 წლის წინ, რა თქმა უნდა, ეს ფაქტია.

არავინ არ უარყოფს ამას, თუნდაც გამამართლებელი განაჩენების რაოდენობით რომ შევადაროთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის ამბიცია, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა უნდა იყოს კიდევ უფრო ეფექტური, კიდევ უფრო სამართლიანი და კიდევ უფრო მაღალი მიზნები დაისახოს. ეს არის სისტემური განსხვავება და სისტემური პრობლემა, რატომაც მე დღეს აქ ვდგავარ.

გადავდექი იმიტომ, რომ ერთ კონკრეტულ მომენტში ჩემთვის სრულიად გასაგებად და აშკარად, პოლიტიკურმა პარტიამ მისი პარტიული ინტერესები დააყენა სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა. ეს იყო რეალური მიზეზი იმ ნაბიჯის, რომელიც მე გადავდგი,“- განაცხადა გახარიამ.

2021 წლის 18 თებერვალს გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა.

დატოვეთ კომენტარი