სექტემბერი 17, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

“თუ ტყუილი და ჭორაობა არ არის, მაშინ დაიწყონ გამოძიება”-მიხეილ დაუშვილი

ბრალდებები ჩვენი გუნდის პოლიტიკურ მომავალზე, დარწმუნებული ვარ, ვერ აისახება, რადგან ტყუილია – თუ ტყუილი და ჭორაობა არ არის, მაშინ დაიწყონ გამოძიება,- ამის შესახებ უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატმა, გახარიას პარტიის წევრმა მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და დანარჩენი წევრების ბრალდებებთან დაკავშირებით განაცხადა.

დაუშვილი აცხადებს, რომ გიორგი გახარიას მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს საფუძველი არ გააჩნია და ის უბრალოდ ჭორაობაა.

„რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ მმართველი პარტიის ამჟამინდელი ხელმძღვანელის ცრუ ბრალდებები, რომელიც არაფერს ეფუძნება, არც არგუმენტს და არც მტკიცებულებას და ამას მოჰყვა კიდევ მმართველი პარტიის სხვა პირების განცხადებები. ცალსახად უნდა ითქვას, რომ ასეთი ტიპის ცრუ ბრალდებები, რომელსაც არავითარი არგუმენტი და მტკიცებულება არ გააჩნია, საბოლოო ჯამში, ხდება ჭორაობა. შესაბამისად, ჩვენი პოზიციაა ისევ, რომ ამასთან დაკავშირებით დაუყონებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება და დადგინდეს, თუკი ვინმეს რაიმე გადატრიალება ჰქონდა მომზადებული, რადგან სხვაგვარად ეს იქნება მხოლოდ ჭორაობა, ჩვენი ამომრჩევლის, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის შეურაცხყოფა და ასეთი უარგუმენტო, ცრუ ბრალდებები, უბრალოდ, აზიანებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, დაუყონებლივ დაიწყოს გამოძიება. ველოდებით რეაგირებას სახელმწიფო უწყებების მხრიდან“, – განაცხადა დაუშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კანონმდებლობის დაცვით მოხდება პარტიის ფინანსების გასაჯაროება და ამ მიმართულებით არსებულ კითხვებსაც პასუხი გაეცემა.

დატოვეთ კომენტარი