ივნისი 24, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

პრეზიდენტმა პუტინმაც იცის, რომ არ დავაყოვნებ პასუხს მომავალ მავნე ქმედებებზე-ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე გამოხატავს მზადყოფნას კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, მაგრამ დარჩება თავის მკაცრ პოზიციაზე პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით. ამის შესახებ პრეზიდენტის წერილშია ნათქვამი, რომელსაც The Washington Post-ი აქვეყნებს.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის წინ გაიმართება შეხვედრა დიდი შვიდეულის, ევროკავშირისა და ნატოს ლიდერებთან.

„ამიტომ, როდესაც შევხვდები ვლადიმერ პუტინს ჟენევაში, ეს იქნება უკვე მეგობრებთან, პარტნიორებთან და მოკავშირეებთან მაღალი დონის დისკუსიების შემდეგ. ჩვენ გვიკავია საერთო პოზიცია ევროპის უსაფრთხოებისთვის არსებულ გამოწვევებზე რუსეთის მხრიდან – დაწყებული მისი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიიდან და ნუ იქნება ეჭვი ამერიკის მტკიცე გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, დაიცვას თავისი დემოკრატიული ფასეულობები, რომელთა გამიჯვნა შეუძლებელია ჩვენი ინტერესებისგან“ , – აცხადებს ჯო ბაიდენი.

მისივე თქმით, პუტინთან სატელეფონო საუბრებში უკვე მკაფიოდ მოხაზა თავისი პოზიცია.

„მე მკაფიოდ და პირდაპირ ავხსნი: აშშ-ს არ სურს კონფლიქტი, ჩვენ გვსურს სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობა, რათა ვითანამშრომლოთ რუსეთთან ისეთ საკითხებზე, როგორებიც არის სტრატეგიული სტაბილურობა და შეიარაღებაზე კონტროლი“, – აღნიშნა ამერიკის ლიდერმა.

მანვე დასძინა, რომ სწორედ ამიტომ გაახანგრძლივა სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შესახებ შეთანხმება.

„ამასთან ერთად, მე მოვახდინე შედეგების დემონსტრირება იმ ქმედებებზე, რომლებიც არღვევდნენ ამერიკის სუვერენიტეტს, მათ შორის, ჩვენ დემოკრატიულ არჩევნებში ჩარევა. პრეზიდენტმა პუტინმაც იცის, რომ არ დავაყოვნებ პასუხს მომავალ მავნე ქმედებებზე. ჩვენ შეხვედრაზე ხაზგასმით აღვნიშნავ ამერიკის, ევროპისა და სხვა დემოკრატიული თანამოაზრე ქვეყნების სურვილს ადამიანის ღირსებისა და უფლებების დაცვის შესახებ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ის, ასევე, წერს, რომ ნატოს სამიტზე დაადასტურებს ამერიკის შეურყეველ ვალდებულებას მეხუთე მუხლის შესახებ და რომ ალიანსი მზად უნდა იყოს რეაგირებისთვის ნებისმიერ გამოწვევაზე, მათ შორის კიბერთავდასხმებზე და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

„ეს არის ჩვენი დროის მთავარი საკითხი: შეძლებენ თუ არა დემოკრატიები გაერთიანებას, რათა უზრუნველყონ რეალური შედეგები ჩვენი ერებისთვის მსოფლიოში, რომლებიც ასე სწრაფად იცვლება? შეძლებენ თუ არა დემოკრატიული ალიანსები და ინსტიტუტები, რომლებიც თამაშობდნენ მნიშვნელოვან როლს გასულ საუკუნეში, დაადასტურონ საკუთარი ქმედუნარიანობა თანამედროვე საფრთხეების და მოწინააღმდეგეთა წინააღმდეგ? ჩემი შეხედულებით – დიახ. ამ კვირის განმავლობაში ევროპაში გვაქვს შანსი ეს დავადასტუროთ“ , – წერს ჯო ბაიდენი.

დატოვეთ კომენტარი